რეზო ხარაზი: აქ უნდა ყოფილიყო თანამედროვე ტიპის საცურაო აუზი და ყინულის სახლი. ხელისუფლებამ, ერთ შემთხვევაში, 19 მლნ დოლარიდან 4 მლნ დოლარი გადაიხადა და რეალური შედეგი არ გვაქვს, არც შენობა არსებობს და რაც აშენებულია, ნადგურდება.

ვერდიქტი: რეზო ხარაზის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საცურაო აუზსა და ყინულის სასახლეს მოიცავდა, შპს „სტადიონმა“ 2018 წლის 27 თებერვალს გამარტივებული წესით შეისყიდა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ კანადურ კომპანია შპს Westincor Limited-ის საქართველოს ფილიალთან, „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველოსთან“, 19 990 002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას ორი წელი ჰქონდა, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულებებიდან მხოლოდ ნაწილი განახორციელა და გაჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ ავანსის სახით 3 998 000 აშშ დოლარი უკვე მიღებული ჰქონდა. შემსყიდველმა მიმწოდებელ მხარეს ხელშეკრულება 2020 წლის აპრილში შეუწყვიტა, იმ დროს, როცა პროექტი დასრულებული უნდა ყოფილიყო. საცურაო აუზი არ აშენდა. რაც შეეხება ყინულის სასახლეს, მისი სამშენებლო სამუშაოების ნაწილი განხორციელდა. ამ ეტაპზე უკვე ობიექტს გარკვეული დაზიანებები აღინიშნება და რაც მთავარია, უფუნქციოდაა. შესაძლოა, შენობის რეაბილიტაციას დამატებითი ხარჯი დასჭირდეს.

შპს „სტადიონმა“, კონტრაქტორთან ურთიერთობის გაწყვეტის პარალელურად, საბანკო გარანტიების გამოთხოვის პროცედურები დაიწყო. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ავანსად გაცემული თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდა. თუმცა კონტრაქტის შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგაც, პროექტი არ გაგრძელებულა.

ანალიზი: პოლიტიკოსმა რეზო ხარაზმა განაცხადა: „აქ უნდა ყოფილიყო თანამედროვე ტიპის საცურაო აუზი და ყინულის სახლი. ხელისუფლებამ 19 მლნ დოლარიდან 4 მლნ დოლარი გადაიხადა და რეალური შედეგი არ გვაქვს, არც შენობა არსებობს და რაც აშენებულია, ნადგურდება.“

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა შპს „სტადიონმა“ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: 05.26.12.003 და 05.26.12.006) დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული წესით (CMR180064915) შეისყიდა. 19 990 002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება შემსყიდველმა 2018 წლის 27 თებერვალს კანადურ კომპანია შპს Westincor Limited-ის საქართველოს ფილიალთან გააფორმა.

პროექტი საცურაო აუზისა და ყინულის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებდა. მიმწოდებელს ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 1 აპრილისთვის უნდა დაესრულებინა, ხოლო საცურაო აუზი - ხელშეკრულების გაფორმებიდან, არა უგვიანეს 2 წლის ვადაში ანუ 2020 წლის მარტამდე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე 2018 წლის მარტში ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა საპროექტო სამუშაოები შეასრულა. დოკუმენტებს ახლავს „თიბისი ბანკის“ წერილიც, შპს „სტადიონის“ სასარგებლოდ საბანკო გარანტიის გახსნის თაობაზე. საგარანტიო თანხა 999 500 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, მიმწოდებელმა კომპანიამ უპირობო და გამოუხმობი გარანტია 3 998 000 აშშ დოლარის ოდენობის ავანსის თანხაზე წარადგინა. ამის შემდეგ, 2018 წლის 3 აპრილს, კომპანია „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველოს“ დირექტორმა შპს „სტადიონის დირექტორს წერილით მიმართა და ავანსის დარიცხვა მოითხოვა. შემსყიდველმა მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიმწოდებელს 3 998 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.

ავანსის გადარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. შპს „სტადიონმა“ კომპანიის ხელმძღვანელს მისწერა, რომ მან არც ხელშეკრულებით განსაზღვრული და არც შემსყიდველის მიერ მიცემული დამატებითი დროის განმავლობაში არ წარადგინა ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საბოლოო ხარჯთაღრიცხვა და საპროექტო დოკუმეტაციის ტექნოლოგიური ნაწილის საექსპერტო დასკვნა.

კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული, „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველომ“ შემსყიდველს წარუდგინა დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის და საცურაო აუზის ხარჯთაღრიცხვა 24 892 408 მლნ აშშ დოლარზე და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნა ფასთა წარმოქმნის ადეკვატურობის შესახებ. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის განხილვის შემდეგ, შპს „სტადიონმა“ აცნობა, რომ ხარჯთაღრიცხვის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებას აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების ეს ნაწილი შესრულებულად ჩაუთვალა, თუმცა სთხოვა, ხარჯთაღრიცხვა თავიდან წარედგინა.

მიმწოდებლის მიერ განმეორებით წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა 21 048 382 აშშ დოლარზე იყო გათვლილი. საბოლოოდ, მესამე ჯერზე, „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველომ“ ღირებულება შეამცირა და 19 990 002 აშშ დოლარზე ჩამოიყვანა. თუმცა შპს „სტადიონმა“ ამჯერად მიიჩნია, რომ ხარჯთაღრიცხვის ნაწილი საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად არ იყო შედგენილი. კონტრაქტორმა საპროექტო დოკუმენტაციის ტექნოლოგიური ნაწილის საექსპერტო დასკვნაც არ წარადგინა.

შპს „სტადიონმა“ ჩათვალა, რომ მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობას განგრძობითი ხასიათი ვეღარ ექნებოდა და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, 2020 წლის 1 აპრილიდან, ხელშეკრულება შეწყვიტა. პარალელურად, საბანკო გარანტიის გამოთხოვის პროცედურები დაიწყო. საუბარია საავანსო გადახდის ფარგლებში „თიბისი“ მიერ 3 998 000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულ საბანკო გარანტიაზე.

საკითხზე კომენტარისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა, კერძოდ, 3 998 000 აშშ დოლარი, ბიუჯეტში დაბრუნდა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

მანამდე პროექტით გათვალისწინებულ საცურაო აუზს ბათუმელები ამაოდ ელოდებიან. ყინულის სასახლის ის ნაწილი კი, რომელის მშენებლობაც განხორციელდა, გამოუყენებელია და თანდათან ზიანდება. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, შენობას გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასჭირდეს.

ინფორმაციისთვის: კანადური კომპანიის ფილიალი „ვესტინკორ ლიმიტედ საქართველო“ 2018 წლის 2 თებერვალს დაფუძნდა, ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი დირექტორი კანადის მოქალაქე ოლეგ ზატულოვსკია. ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადელი, ბელორუსი და რუსი წარმომადგენლები პროექტს ზედამხედველობას უწევდნენ, ხოლო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „ანაგი“ ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ შპს „სტადიონი“, რომელსაც ახლა შპს „პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდება, აჭარაში არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებს. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი