მანიპულაცია: საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ათეულშია

ვერდიქტი: მანიპულირება

მედიაში და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია მანიპულაციური სათაურით- “საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია”!

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) უმუშევრობის სტატისტიკა, რომელიც 186 ქვეყნის ტერიტორიული ერთეულის მაჩვენებელს მოიცავს, 2021 წლის 14 მაისს განაახლა. აღნიშნული სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში / ტერიტორიულ ერთეულში უმუშევრობის დონის სხვადასხვა წლის მაჩვენებელს ასახავს. საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის დონის 2020 წლის მაჩვენებელია აღებული, უმეტეს შემთხვევაში კი 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდის [2019 წლის და 2014-2018 წლების] მონაცემებია გამოყენებული.[თითოეული ქვეყნის შემთხვევაში უმუშევრობის დონის ბოლო მაჩვენებელი, რაც იყო ხელმისაწვდომი].შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის / ტერიტორიული ერთეულის უმუშევრობის დონის ერთმანეთთან შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გლობალურად, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უმუშევრობის დონეზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით, 18.5%-მდე გაიზარდა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არამართებულია, პანდემიამდე და შემდგომი პერიოდის ერთმანეთთან შედარება რეალურ სურათს კიდევ უფრო ამახინჯებს. მაგალითისთვის, აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველოში უმუშევრობის დონე მცირედით [0.2 პროცენტული პუნქტით] აღემატება სომხეთის მაჩვენებელს, რადგან სომხეთის შემთხვევაში აღებულია 2019 წლისთვის [პანდემიამდე] არსებული მაჩვენებელი. რეალურად კი, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე უფრო დაბალი [17.6%] იყო, ვიდრე სომხეთში [18.3%].

ILO-ს მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით, 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსგავსი შედარება არამართებულია.

წყარო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

მეორე მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არასწორია, ეს არის უმუშევრობის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია. ILO-ს ახალი სტანდარტი, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაინერგა, უმუშევრობის დონის ტექნიკურ ზრდას და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას განაპირობებს. ეს მეთოდი ქვეყანაში არსებულ ვითარებას, უფრო რეალურად ასახავს, თუმცა შესადარებლად ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც უმუშევრობის სტატისტიკას სხვა მეთოდოლოგიით აღრიცხავენ - არ გამოდგება. ILO-ს მიერ შემოთავაზებული უმუშევრობის დათვლის ახალი სტანდარტი ოფიციალურად, 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე, შევიდა ძალაში. რიგ ქვეყნებში ის უკვე დაინერგა, თუმცა არა ყველაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოებისას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. 2020 წლის ბოლოს საქართველო ILO-ს მიერ შემოთავაზებულ ახალ სტანდარტზე გადავიდა და უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკის გადაანგარიშება მოხდა. ახალ სტანდარტზე გადასვლა თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ახალი სტანდარტით საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ, თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან.

უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) უმუშევარ ადამიანთა სამუშაო ძალასთან შეფარდებით გამოითვლება. აქვე განვმარტავთ, სამუშაო ძალა [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა] არის დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი უმუშევარი პირების ჯამური ოდენობა. პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად, თვითდასაქმებულები, რომლებიც დასაქმებულად აღარ მიიჩნევიან, ნაწილი უმუშევართა კატეგორიაში, ნაწილი კი სამუშაო ძალის მიღმა გადავიდა. შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რასაც უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

გრაფიკი1: 2010-2019 წლებში უმუშევრობის დონე (%), ძველი და ახალი მეთოდოლოგიით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის სათაური ორი მიზეზით მანიპულაციურია: პირველი - სხვადასხვა წლის, განსაკუთრებით კი პანდემიამდელი და პანდემიის შემდგომი მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება რეალურ სურათს არ გვაჩვენებს და მეორე - მეთოდოლოგია, რომლითაც უმუშევრობის მაჩვენებელი გამოითვლება, განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნისთვის და შესადარებლად მათი გამოყენება არამართებულია.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი