ანტივაქსერული მოძრაობა მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და დეზინფორმაციას ავრცელებს

რეგიონებში ანტივაქსერული მოძრაობის შეხვედრები დაიწყო, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გაიკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, არ ატარონ პირბადე და უარი თქვან COVID-19-ის ტესტირებაზე. აღნიშნული შეხვედრების Facebook-ლაივებს ანტივაქსერი შორე შანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ფაქტ-მეტრმა“ვიდეოებში გაჟღერებული დეზინფორმაციული გზავნილები გადაამოწმა.

მტკიცება: პირბადე კლავს და ჯანმრთელ ადამიანზე კატეგორიულად იკრძალება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გლობალურად, პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარების რეკომენდაციას და ვალდებულებას,პირბადის ხანგრძლივად გამოყენების საშიშროებაზე ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა. სამედიცინო ნიღაბი ან ნაჭრის პირბადე ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება.

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს.

სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, მაგრამ ის ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება: ტესტები არის ცრუ! PCR ტესტით დაავადების დიაგნოსტირება შეუძლებელია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-2-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით ხდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით, არაერთი ყალბი ამბავი გავრცელდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR/პჯრ მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. მტკიცება, რომ PCR ტესტით დაავადების დიაგნოსტირება შეუძლებელია, არის ყალბი ამბავი.

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

ხშირად, ყალბი ამბები სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც ვრცელდება, თითქოს ტესტები ცრუ დადებით შედეგს აჩვენებს. ამის დასადასტურებლად დეზინფორმატორები სხვადასხვა ნივთირებაზე [ხილზე, კოკა-კოლაზე, ლუდზე, წყალზე და ა.შ. ჩატარებულ ტესტირების შედეგებს იშველიებენ]. რეალურად, ძირითად შემთხვევებში, დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტესტს არასწორად ატარებენ. ისინი აღებულ ნიმუშებს პირდაპირ ტესტზე ათავსებენ, მაშინ როდესაც ნიმუში ჯერ სპეციალურ ბუფერულ ხსნარში უნდა გატარდეს. ამასთან, სწრაფი ტესტები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებზე მუშაობს და კორონავირუსის არსებობას ადგენს და არა ხილის ზედაპირიდან, კოკა-კოკოლიდან თუ წყლიდან აღებულ ნიმუშებზე (იხილეთ, ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება: ეს არის მკვლელი ვაქცინები! ეს რნმ ვაქცინები ხელოვნურად შექმნილია და იმას დამატებული მაიმუნის ადენოვირუსი, და ეს არის შიდსის ნაწილაკების შემცველი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

mRNA ვაქცინები [Pfizer/BioNTech და Moderna] ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. Spike) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. mRNA ვაქცინების შეყვანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ეფექტურობის და უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა. ამასთან, რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ლაბორატორიულად უფრო სწრაფად იწარმოება, რაც პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის (ვაქცინების მოქმედების მექანიზმთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ვაქცინებში მაიმუნის ადენოვირუსი გამოყენებულია არა mRNA ვაქცინებში, არამედ ვექტორულ ვაქცინაში, როგორიცაა Oxford/AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ შემთხვევაში, რომელიმე უვნებელი ვირუსის მოდიფიცირება ხდება და ის გამოიყენება, როგორც ვექტორი. კერძოდ, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის გენის მიბმა მოხდა სხვა ვირუსთან, რომელიც ვექტორის [გადამტანის] ფუნქციას ასრულებს. ვირუსულ ვექტორად მაიმუნის შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია.

ასევე ყალბი და დაუსაბუთებელია მტკიცება, თითქოს ვაქცინები შიდსის ნაწილაკებს შეიცავენ.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმება გაიარეს, რომლის საფუძველზეც მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდა. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური გამოტოვებული არ ყოფილა.

მტკიცება: ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მუდმივად ვრცელდება ყალბი ამბების იმის შესახებ, რომ ვაქცინა უნაყოფობას ან სტერილიზაციას იწვევს. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხეები არ წარმოადგენს. ამასთან, დღემდე საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ აღიარებული არცერთი ვაქცინის ანოტაციაში, მოწოდება სპერმის გაყინვის შესახებ არ არსებობს.

„ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19 ვაქცინაცია იწვევს ორსულობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას, მათ შორის, პლაცენტის განვითარებას. ამასთან, ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

მტკიცება: რნმ ვაქცინები გენეტიკურ კოდს ცვლის. სულ ახლახანს ჩატარდა კვლევა, 17% შემთხვევაში მათ აღმოაჩინეს ვირუსის გენომის ნაწილები ადამიანის უჯრედის გენომში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, თითქოს ვაქცინებს გენეტიკური კოდის/დნმ-ის შეცვლა შეუძლია. რეალურად, mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

ვაქცინები, მათ შორის რნმ ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, მასში ცვლილებებს ვერ შეიტანს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციის შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება.

--------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი