სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოებში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ.

სახელფასო დანამატების, პრემიის და ფულადი ჯილდოს რაოდენობა

2017 წელს თბილისის მერიასა და მის ტერიტორიულ ორგანოებში 1 999 თანამშრომელი, 2018 წელს კი 1931 ადამიანი იყო დასაქმებული. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში, მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 55 471 400 ლარი დაიხარჯა. საანგარიშო პერიოდში, აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის სახით 5 616 100 ლარია ანაზღაურებული, ასევე 5 361 000 ლარის პრემია/ფულადი ჯილდო არის გაცემული.

აუდიტის ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მერიასა და გამგეობებში სახელფასო დანამატების მიმღებთა რაოდენობა, მერის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარ იყო განსაზღვრული. კერძოდ, სახელფასო დანამატი ძირითადად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე გაიცემოდა. 2018 წელს სიტუაცია შეიცვალა და თბილისის მერიასა და გამგეობაში ზეგანაკვეთური სამუშაოს, დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის ანაზღაურების წესი შემუშავდა. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, წახალისებულ პირთა მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დრო, დასაქმებულთა რეალურად ნამუშევარი დროის მაჩვენებელს არ შეესაბამებოდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ადმინისტრაციულ შენობაში უცხო პირთა „დაშვების“, დასაქმებულთა აღრიცხვისა და მათი სამუშაო საათების დათვლის სისტემის მონტაჟის/ ინსტალაციის მიზნით გადახდილი 226 000 ლარი არაეფექტიანად არის გახარჯული.

დასაქმებულების ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და კონტროლის სისუსტის გამო, მათ მიერ ნამუშევარი საათების საერთო რაოდენობა, მოქმედი შინაგანაწესის მოთხოვნების შესაბამისად სავალდებულოდ შესასრულებელი საათების ჯამურ მოცულობას, არ შეესაბამება. კერძოდ, აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა 183 დასაქმებული, რომელთაგან 94 პირის მიერ გაცდენილი საათების რაოდენობამ 21 700 საათი შეადგინა, რაც 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში, საერთო სამუშაო საათების 17%-ია.

აუდიტის სამსახური მერიას რეკომენდაციას აძლევს, შეიმუშაონ და დანერგონ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომელიც დასაქმებული პირების სამსახურში გამოცხადების და მათ მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

შტატგარეშე დასაქმებულთა გადაჭარბებული რაოდენობა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობამ, რეკომენდებულ რაოდენობას 14-ჯერ (416 პირი), 2018 წელს კი 11-ჯერ ( 646) გადააჭარბა. მათ ანაზღაურებაზე ჯამში 16 062 100 ლარი დაიხარჯა. აქედან, წამახალისებელი ფორმით მილიონ ლარზე მეტია გაცემული.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში, 14 დასაქმებულის საზღვარგარეთ მივლინებისთვის 10 500 ლარი ზედმეტად არის ანაზღაურებული. კერძოდ, კანონმდებლობის მიხედვით, მომწვევი მხარე სასტუმროს და კვების ხარჯებს 30%-ით ანაზღაურებს. ამ შემთხევაში კი, დასახელებული ხარჯები სრულად არის ანაზღაურებული.

მერიის ავტოპარკის რაოდენობა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მერიასა და გამგეობაში ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებული მთავრობის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის, რის შედეგადაც 2017 და 2018 წლებში, სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ რეკომენდებულ რაოდენობას 9 და 10-ჯერ გადააჭარბა. კერძოდ, 2017 წელს მერიის ბალანსზე 237 სამორიგეო ავტომობილი, 2018 წელს კი - 280 ავტომობილი იყო რეგისტრირებული.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვისას, მერიის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნები, არ იქნა დაცული. აქედან გამომდინარე, მერიას არ მიეცა 318.5 ათასი ლარის დაზოგვის საშუალება. ასევე, ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები უკონკურენტო გარემოში წარიმართა.

მერიის ავტოპარკის საწვავით გამართვის ხარჯი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში, თბილისის მერიის ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტები გამოვლინდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რიგ შემთხვევაში, ავტომობილების გადაადგილება, შესაძლებელია, სამსახურებრივ საჭიროებებს არ უკავშირდებოდეს. კერძოდ, 1 310 შემთხვევაში, საწვავი თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არის ჩასხმული. ასეთ შემთხვევებში, 100.7ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავია შესყიდული.

საანგარიშო პერიოდში, 632 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავია ავტომობილებში ჩასხმული. ამ პერიოდში, თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ჯამში 3. 1 მლნ ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავია შესყიდული.

აუდიტის დასკვნის პასუხად, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „მერია სამსახურებრივ გადაცდომებზე აუდიტის სამსახურის გარეშეც ხშირად მუშაობს და ბევრი გადაცდომა ჩვენ თვითონვე გამოგვივლენია. ჩემთვის აუდიტის სამსახურის დასკვნა სიახლე არ არის, ეს სისტემაში ყოველთვის ხდებოდა, მთავარია, საქმე გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და ასეთი დარღვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ და თუ მაინც განმეორდება, დადგეს პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების“.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი