ნათია მეზვრიშვილი: (20-21 ივნისის აქციის დაშლის) ლეგიტიმურობასთან და საერთო ჯამში პროპორციულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაუსვამს არავის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია მეზვრიშვილის განცხადება არის ტყუილი.

ხატია დეკანოიძე: ყველა საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა ეს მოვლენები, როგორც ძალიან მძიმე მოვლენები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: როგორც სტატიაში მოყვანილი შეფასებები ცხადყოფს, 2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრაციების საპოლიციო ძალით დაშლას გავლენიანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა. მათ არათუ კითხვები დასვეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით, არამედ არაპროპორციული და გადამეტებული უწოდეს სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებულ ძალას. მეტიც, ზოგიერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „გავრილოვის ღამეს“ გამოყენებული ძალა შეაფასა, როგორც უკანონო/არალეგიტიმური.

შესაბამისად, ნათია მეზვრიშვილის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი, ხოლო ხატია დეკანოიძის განცხადება - სიმართლე.

ანალიზი

3 ივნისს, „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ერთმანეთს 2019 წლის 20-21 ივნისის თემაზე დაუპირისპირდნენ.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიების (20-21 ივნისის აქციის დაშლის) ლეგიტიმურობასთან და, საერთო ჯამში, პროპორციულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაუსვამს არავის. მან ასევე დაამატა, რომ გადაცდომებს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. ხატია დეკანოიძემ კი განმარტა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს და სახალხო დამცველის ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, Freedom House-ის ანგარიშში და ყველა საერთაშორისო ანგარიშში 20-21 ივნისის მოვლენები მოხვდა, როგორც ძალიან მძიმე მოვლენები.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადებების სიზუსტე შეაფასა და გადაამოწმა, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც სახალხო დამცველის, ისე გავლენიანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. კერძოდ, აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალის შეფასებების კუთხით.

სახალხო დამცველის შეფასებები

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ სხვადასხვა დოკუმენტში ვხვდებით.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშში ვრცლადაა მიმოხილული აღნიშნული მოვლენები და წერია, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანად დაწყებული საპროტესტო შეკრება ძალის გამოყენებით და საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აქციის დაშლისას გამოყენებულ ძალას ვერ აფასებს, როგორც პროპორციულსა და თანაზომიერს. „სახალხო დამცველის შეფასებით, 20-21 ივნისის შეკრების შეწყვეტისას გამოყენებული ძალა, განსაკუთრებით კი, არალეტალური ჭურვების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვებისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ასევე, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), ხანგრძლივობის (რამდენიმე საათიანი პერიოდი), დაშავებული მომიტინგეების რაოდენობისა და მათი დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის ვებ-გვერდზე, ასევე, ვხვდებით დოკუმენტს, სადაც 20-21 ივნისის ღამესთან დაკავშირებით 10 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზეა პასუხი გაცემული. კითხვაზე - იყო, თუ - არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები? - პასუხი უარყოფითია. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო: (1) მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება; (2) ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა (3) ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე რეზინის ტყვიების გამოყენება; (4) დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა; (5) ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა (რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა)“.

სახალხო დამცველმა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას სპეციალური ანგარიშიც მიუძღვნა, თუმცა მასში აღნიშნულია, რომ ანგარიში არ მიემართება აქციის დაშლის კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასებისკენ და, ძირითადად, გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შეფასებაზეა ორიენტირებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები ადამიანის უფლებათა შესახებ

20-21 ივნისის მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის როგორც - 2019, ისე 2020 წლის ანგარიში ეხება (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: „პროტესტი მიმდინარეობდა მშვიდობიანად მანამ, სანამ მონაწილეთაგან ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა. მაშინ, როცა სამართალდამცავთა უმრავლესობას საკუთარი პოზიციები ეკავა, ზოგიერთმა მათგანმა დემონსტრანტებს ახლო მანძილიდან ესროლა რეზინის ტყვიები, რამაც სერიოზული დაზიანებები გამოიწვია, მათ შორის, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა“.

ანგარიშში ნახსენებია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანახმად, მიუხედავად ზოგიერთი დემონსტრანტის ძალადობრივი ქმედებისა, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაპროპორციული და გადამეტებული ძალა, რამაც ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ მათ დემონსტრანტთა დასჯა უნდოდათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობებზე 20-21 ივნისის პროტესტის დროს დაუსაბუთებელ დაკავებებსა და დაკავებების დროს შესაბამისი წესების დარღვევების შესახებ (დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფა, ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის არმიწოდება და ა.შ), მედიის წარმომადგენლების გამიზნულად დაზიანებაზე.

რაც შეეხება 2020 წლის ანგარიშს, მასში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა შეაფასეს, როგორც არაპროპორციული, ხოლო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ - როგორც არალეგიტიმური.

როგორც - 2019, ისე 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტების გამოსაძიებლად, თუმცა ნაკლოვანებები კვლავ დარჩა. მათ შორის - „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა იმ არასათანადო საპოლიციო ძალის გამო, რომელიც გამოყენებულ იქნა 20-21 ივნისის პროტესტისას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ...“

Freedom House

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ანგარიშს „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“/Nations in Transit ყოველწლიურად აქვეყნებს. 2020 წლის შეფასებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა და 3.29 ქულიდან 3.25 ქულამდე ჩამოვიდა. შეფასების დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ საერთო მაჩვენებლის ცვლილებაზე გავლენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სადავო პროცესმა და 2019 წლის ივნისის საპროტესტო გამოსვლების დაშლისას პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებამ იქონია.

ორგანიზაციამ 2020 წლის ანგარიშში ივნისის აქციების ძალადობრივად დაშლა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ყველაზე დიდ დარტყმად მოიხსენია.

ივნისის აქციები ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ ყოველწლიურ ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში“- მოხვდა. 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციის დაშლისას გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული. „ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი პარლამენტის სპიკერის სავარძელში გამოჩნდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსასვლელად, თბილისში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოში რუსეთის გავლენის გასაპროტესტებლად. მომიტინგეთა დასაშლელად ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რასაც მომდევნო თვეების განმავლობაში შემდგომი პროტესტი მოჰყვა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

Amnesty International

20-21 ივნისის მოვლენებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ამნესთი ინთერნაიშენალიც“ გამოეხმაურა. ორგანიზაციამ ხელისუფლებას პოლიციის მიერ აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალის დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიშში „ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, აღნიშნულია, რომ 20 ივნისს ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა გამოიყენა. „ვიდეოჩანაწერებმა და მოწმეთა ჩვენებებმა ცხადყო, რომ პოლიცია მცირე რაოდენობის მოძალადე დემონსტრანტებსა და მშვიდობიან უმრავლესობას განურჩევლად ესროდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Human Rights Watch

20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა კიდევ ერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“. ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მეტწილად მშვიდობიანი აქციები ივნისში ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 20-21 ივნისის მოვლენებს არაერთი ანგარიში და განცხადება მიუძღვნეს. პრაქტიკულად, ყველა ორგანიზაციის შეფასებით, აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული, ზოგიერთი ორგანიზაციის შეფასებით კი - უკანონო/არალეგიტიმურიც.

მაგალითად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) შეფასებაში, დემონსტრაციის დაშლასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „სპეციალური საშუალებების გამოყენება რამდენიმე საათს გაგრძელდა და მან პარლამენტის შენობის დაკავებისა და არამშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისგან მომდინარე საფრთხის პრევენციის მიზანი აშკარად დაკარგა და არალეგიტიმური და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებაში გადაიზარდა“.

ასევე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში („დაკარგული თვალის მიღმა“) აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო დაძაბული ვითარების სათანადოდ მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას. „იმის მიუხედავად, ლეგიტიმური იყო, თუ - არა აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, ძალა უკანონოდ და არაპროპორციულად გამოიყენა“, - წერია ანგარიშში.

დასკვნა

როგორც სტატიაში მოყვანილი შეფასებები ცხადყოფს, 2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრაციების საპოლიციო ძალით დაშლას, გავლენიანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა. მათ არათუ კითხვები დასვეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით, არამედ არაპროპორციული და გადამეტებული უწოდეს სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებულ ძალას. მეტიც, ზოგიერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „გავრილოვის ღამეს“ გამოყენებული ძალა შეაფასა, როგორც უკანონო/არაპროპორციული. რაც შეეხება დარღვევებზე/გადაცდომებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას, ამის შესახებ ფაქტ-მეტრი აქამდეც წერდა (იხილეთ სტატია).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი