სოციალურ ქსელში COVID-19 ვაქცინის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება. 2021 წლის 16 ივნისს Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქალის დაზიანებული ხელის ფოტო, წარწერით - „აცრის შემდეგ!...😞არ გაშინებთ, მხოლოდ გაფრთხილებთ...🚫❌👇“. ანალოგიური ფოტო 16 ივნისს Facebook-ჯგუფში „სხვა საქართველო სად არის??!!.. Where is other SAQARTVELO(GEORGIA)??!!..“ Facebook-მომხმარებელმა Ia Tulashvili-მა გამოაქვეყნა.

Google-ის საძიებო სისტემის, Image Search-ის, საშუალებით დადგინდა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ფოტო ბერძნულ მედიაში გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოზე გამოსახული ქალი 6 ივნისს აიცრა. ამავე ცნობების მიხედვით, მისი შვილი წერს, რომ ჯავშანი Pfizer-ზე გააკეთეს, თუმცა ადგილზე რომელი ვაქცინით აცრეს, არ იცის. ვაქცინიდან მალევე ქალმა თავი შეუძლოთ იგრძნო, მოგვიანებით კი თრომბოზის ნიშნები განუვითარდა.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დაუსაბუთებელი დეზინფორმაცია თუ მანიპულაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). აღნიშნული ფოტოს, როგორც ვაქცინის გვერდითი ეფექტის, შესახებ არცერთ ოფიციალურ წყაროში ინფორმაცია არ იძებნება.

ყველა ვაქცინას, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდა, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინა ალერგიული რეაქციებს იწვევს. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის - თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი ახლავს, უნდა იყოს შეყვანილი. თუმცა ფოტოზე გამოსახული მდგომარეობა COVID-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებში არ გვხდება.

ხელზე მსგავს ჩალურჯებასა და ვაქცინას შორის კავშირზე სოციალურ ქსელში აქამდეც წერდნენ, რის შესახებაც საკითხის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგს, ვერიკო აბრალავას, დაუკავშირდა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მხოლოდ ფოტოს მეშვეობით ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. თუმცა Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული დაავადება ექიმის თქმით, შესაძლოა იყოს გართულებული ვასკულიტი ან რაიმე სხვა სისხლძარღვოვანი რეაქცია, რომელიც ტრავმისგან ან სისხლძარღვის დახშობისგან იყოს გამოწვეული. ფოტოზე გამოსახული მდგომარეობის რეალური მიზეზი უცნობია.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი