ყოფილი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი გორში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ის ცენტრალური ოფისის და კონკრეტულად, მისი მეგობრის, შიდა ქართლის გუბერნატორის რეკომენდაციით, მერის მოადგილის თანამდებობაზეც მოიაზრება, რასაც თავადაც არ უარყოფს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. [1] არ არის გამორიცხული, რომ მმართველი გუნდი მას გორში მერობის კანდიდატობაზეც განიხილავდეს. რატომ გამოჩნდა ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი მაშინ, როდესაც „ოცნება“ გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა, რა მოლოდინები აქვს არჩევნებთან დაკავშირებით და როგორ აპირებს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამომრჩევლის გულის მოგებას ( „ოცნების“ მიერ გაცემული არაერთი შეუსრულებელი დაპირების ფონზე). „ფაქტ-მეტრის“ შეკითხვებს ამ და სხვა თემებზე, თამაზ შიოშვილი პასუხობს.

პირველ რიგში, გვითხარით, როგორ მოხდა თქვენი შერჩევა, რამდენად მოულოდნელი იყო, რადგან შტაბს ამ პოზიციიდან აქამდე მიხეილ გოგინაშვილი ხელმძღვანელობდა და საარჩევნო პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. რატომ მოხდა მისი ჩანაცვლება და საერთოდ, რა ხდება დღეს გორის ოფისში?

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გუბერნატორად დაინიშნა ბატონი ვაკო მჭედლიძე, რომელთანაც მე ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და მინდა გითხრათ, ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგი გორელია, რომელსაც კარგი სამეგობრო წრე ჰყავს გორში, მე მას ვიცნობ როგორც წესიერ და პატიოსან ადამიანს და მას მერე რაც ის დაინიშნა, გვქონდა შეხვედრა, კომუნიკაცია შედგა ჩვენ შორის, ვისაუბრეთ, მოვუსმინე მე ვაკოს, იმ იდეებს როგორი განზრახვით არის ჩვენი რეგიონის მიმართ, კონკრეტულად ჩვენი ქალაქის მიმართ და აქედან გამომდინარე, არანაირი ადამიანური უფლება არ მქონდა, რომ გვერდში არ დავდგომოდი. მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით, ერთად დავდგომოდით ქალაქის მოსახლეობას მხარში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, გამიწია მან რეკომენდაცია და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი დანიშვნის შესახებ.

უშუალოდ ბატონი ვალერიანისგან იყო ეს შემოთავაზება, თუ სხვა პიროვნებებიც ფიგურირებდნენ?

ზოგადად მოგეხსენებათ 2012 წელს ქართული ოცნების კოალიციაში ვიყავი და ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვაკომ წამოწია ჩემი საკითხი და რა თქმა უნდა, მერე უკვე მმართველმა გუნდმა მხარი დამიჭირა.

ბატონო თამაზ, ჩვენ გვახსოვს 2020-ის არჩევნები, ამ პერიოდში თუ იყავით ჩართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კამპანიაში? 2018 წლის არჩევნებიც გვახსოვს სადაც არ ჩანდით. ამ პერიოდში სად იყავით და რატომ მაინცდამაინც ახლა გახდა თქვენი აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა აუცილებელი?

ფაქტიურად მე როდესაც 2016 წელს კანდიდატურა მოვიხსენი, იმის მერე პოლიტიკასთან შეხება აღარ მქონია საერთოდ. უბრალოდ ერთი პერიოდი ვიმუშავე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ოჯახი გვყავს, შვილები გვყავს და ელემენტარული საარსებო წყარო გვინდა, დანარჩენი პოლიტიკურად მე არ ჩავრეულვარ. რეალურად 2020-ს რაც შეეხება, მე საერთოდ არ ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესებში, რა თქმა უნდა ჩამოვედი, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, ხმა მივეცი, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ მაშინ მოგეხსენებათ, ძირითადად იყო გიორგი ხოჯევანიშვილის გუნდი, ეგ იყო მაჟორიტარი და ესე გადაწყვიტეს მათ, რომ მე არ ვიყავი საჭირო, არ ვჭირდებოდი და აქედან გამომდინარე, ესე მოხდა და ძალით ხომ არ დავიწყებდი გინდა, თუ - არა დამიხმარეთ მეთქი. ეს გადაწყვეტილება კი როგორც წეღან გითხარით, ვაკოსთან საუბრის შემდეგ მივიღე, თუ რატომ მოხდა, ალბათ იმიტომ რომ მიცნობს მე, იცის რომ გამოცდილება მაქვს, სამეგობრო მყავს, 2012 წელს გახლდით ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი და აქედან გამომდინარე, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მივიღე ეს წინადადება და დავთანხმდი ამაზე.

ბატონო თამაზ, თქვენზე ამყარებენ იმედებს რომ ოცნების გორის ოფისი უნდა გააძლიეროთ, რა მიზნები გაქვთ და როგორ აპირებთ მმართველი გუნდისთვის ამ იმედების გამართლებას?

გულწრფელად გეტყვით, ეს ეს ცოტა გადამეტებული შეფასებაა. მე მარტო არ ვარ. აქ არიან გუბერნატორი, ვალერიან მჭედლიძე, ყოფილი დეპუტატი, თემურ ხუბულური, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. ძალიან კარგი და საინტერესო გუნდი შეიკვრება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩვენ ერთიანი ძლიერი გუნდი ვიყოთ. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

იგივე მოლოდინი აქვს თავის გუნდზე გიორგი ხოჯევანიშვილსაც...

ბოლო წლებში ის ერთპიროვნულად წყვეტდა გორში რიგ საკითხებს. როცა ის გუბერნატორი იყო და მისი ძმა სუსის უფროსის მოადგილე, თავად ალაგებდა ყველაფერს რეგიონში. როდესაც შენი ნათლიმირონია შსს მინისტრის მოადგილე, როდესაც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შენი დანიშნულია, ისევე როგორც სუსის უფროსი შიდა ქართლში, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ძალაუფლება ჰქონდათ. რა თქმა უნდა საკადრო პოლიტიკა ისე დაალაგეს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ის ადამიანები კი რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ერთგული ამომრჩევლები, რომლებმაც იბრძოლეს 2012 წელს, ოჯახებიც კი გაწირეს, სამსახურები და ბიზნესები დაკარგეს. იმ ადამიანების ერთი ხელის მოსმით გაწევა და შენი ახლობლების შემოყვანა, არ არის სწორი.

რატომ საუბრობთ ამ ყველაფერზე ახლა, როდესაც გიორგი ხოჯევანიშვილი თქვენი გუნდიდან წავიდა. თუნდაც გორის მერი, რომელიც გორში პარტიის თავმჯდომარეა, ამ ყველაფერის შესახებ ღიად რატომ არ განაცხადა, ან საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ, ისინი ხომ აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და იმ ადამიანებს, არ სჭირდებოდათ მაშინ მხარდაჭერა?

ეს არის გუნდური მომენტი. იმ მომენტში ხოჯევანიშვილი წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. იმ ადამიანებს, ვინც მან მოიყანა პარტიაში მმართველ გუნდთან არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. გიორგი რომ წავიდა პარტიიდან, რა თქმა უნდა, ისინიც გაყვებოდნენ. ვინ რატომ არ ამოიღო ამაზე ხმა, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ.

ანუ გამოდის, რომ ახლა „ოცნების“ გორის ოფისში იმ სახლში დარჩენილი მხარდამჭერების შემოყვანა ხდება და გამარჯვებისთვის მათი იმედი აქვს გორში „ქართულ ოცნებას“?

ისინიც შემოვლენ, ახლებსაც დავამატებთ. მე მათ ვერასოდეს დავუვიწყებ იმ გვერდში დგომას, რაც მათ 2012 წლამდე გამოხატეს. ორი კვირა ჩემთან იყვნენ ბიჭები სახლში, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ თბილისიდან ჩამოსული იყო ჯგუფი, რომელსაც ჩემი ცემა უნდოდა, რათა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არ ვყოფილიყავი. ამ ბიჭებს მე როგორ დავივიწყებ. აქ 100%- იანი ცვლილება არ იქნება. შესაძლოა, ზოგიერთ უბანზე ზონის კოორდინატორები და აგიტატორები შევცვალოთ. ადგილობრივი ოფისის განახლება მოხდება. ადამიანები, რომლებიც წლებია „ოცნებისთვის“ მუშაობენ, მე რა უფლებით უნდა შევეხო. პირიქით, მათ გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ.

თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ 2012 წლის არჩევნებამდე არსებულ ვითარებას. რა შეიცვალა, როგორ ფიქრობთ. აღარ ხდება დაჭერები პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა, ზეწოლა ამომრჩეველზე ხმის მიცემამდე და ა.შ.

რა თქმა უნდა, ხარვეზებს საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი. მაგრამ როგორ შეიძლება შევადაროთ იმას, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. პატარა ნიუანსები და კითხვის ნიშნები შეიძლება იყო ბოლო წლებში, მაგრამ არა ისეთი, რომ არჩევნების ბედი გადაეწყვიტა. როგორ შეიძლება შევადაროთ იმას, როდესაც ქვებით მქოლავ, მხარდამჭერებს მიჭერ, სცემ და ა.შ.რა თქმა უნდა დღეს ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ მე ავიღებ ამ გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას იმ დღიდან, საიდანაც მე ჩავერთე გაკეთებულ და ვერ გაკეთებულ საქმეებზე.

2016 წლის საპარალემტნო არჩევნებზეც მსგავსი შემართებით იყავით ჩართული საარჩევნო პროცესში, რა დროსაც „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით ალასანიას გუნდის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი იყავით გორში, რატომ მოიხსენით მაშინ კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე?

ირაკლი (ალასანია) ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო პიროვნება, რომლის გამოც ნებისმიერ რამეზე ვიყავი წამსვლელი. სულ სხვა მოლოდინი მქონდა და სხვა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ირაკლიმ მაშინ მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც მე ძალიან დამწყვიტა გული. მე ვინც მიცნობს, ეცოდინება, რომ თამაზ შიოშვილი გარიგებაში არავისთან არ შედის, არავის არ უღალატებს და ვერც ვერავინ შეაშინებს. მე მაშინ სახლში წავედი და არა ვინმეს გუნდს შევუერთდი. მე ირაკლი დამელაპარაკა, ამიხსნა, რომ რაღაცეები აღარ გამოდიოდა ამა და ამ მიზეზის გამო და მეწყინა, სიმართლე გითხრათ.

გვითხარით ასეთი რა გადაწყვეტილება იყო, რა აღმოჩნდა თქვენთვის მიუღებელი, რის საფუძველზეც პარტია დატოვეთ?

მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის იყო დამაზიანებელი, როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად. მე მთელი 9 თვე მას შემდეგ უმუშევარი ვიყავი. ვიცემერადაც რომ დავინიშნე, ვიქტორ დოლიძეს ვთხოვე და მან გამიწია რეკომენდაცია, ესაუბრა კახი კალაძეს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და ისევ მათგან წამოვიდა ინიციატივა და დაელაპარაკნენ მაშინდელ მერს, ზურა ჯირკველიშვილს და წინააღმდეგი აღარ წავიდა ბატონი ზურა და ასე დავინიშნე მის მოადგილედ. ისევ ვიქტორს ვთხოვე, რომ უმუშევარი ვიყავი და გამიკეთეს ეს სამსახური.

რაც შეეხება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს, პარტიულ სიაში უნდა ვყოფილიყავი, ვიცოდი და უნდა მქონოდა ის, ეს და ეს. რომ აღარ გამოვიდა, სხვანაირად შემექმნა პრობლემები. პირდაპირ გეტყვით, მაშინ გავრცელებული ინფორმაცია - თითქოს ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში შევიდა, სიცრუეა. არც ირაკლი ალასანიას და არც არავის ამ პარტიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თორე მაშინვე დაიშლებოდა გუნდი.

თქვენ ახსენეთ ზურა ჯირკველიშვილი, რომელიც ახლა არის ერთ-ერთი მსხვილი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის, ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი. რომლის მოადგილედ მისი მერობის პერიოდში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დახმარებით დაინიშნეთ. თუმცა მანამდე გვახსოვს, ამბობდით, მაშინდელი მერია სუს-ის განყოფილება იყო (ამ საკითხზე სტატია მაშინ „ფაქტ-მეტრმაც“ მოამზადა). ახლაც იგივეს ფიქრობთ ამჟამინდელ მერიაზე?

იმ პერიოდში მქონდა რაღაც კონკრეტული ფაქტები, როდესაც ეს განცხადება გავაკეთე და ამას არ უარვყოფ. 2018 წელს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რაღაც პრობლემები იყო და ხალხი ითხოვდა ან სუს-ს დაუძახეთ ან ვინმე მოვიდესო, რომ მიეხედათ და არავინ არ მისულა. შეიძლება არ დამიჯეროთ. გაკვირვებულები იყვნენ გორში ჩემი მეგობრები და მე პირიქით ვეუბნებოდი, რომ კარგია თუ არ ერევიან-თქო. დღეს მაგალითად, არანაირი შეხება არ მაქვს სუს-ის უფროსთან რეგიონში, აი ასე შორიდან ვიცნობ და საერთო ნაცნობობიდან და ურთიერთობებიდან. მით უმეტეს, პარტიაში აღმასრულებელ მდივნად დავინიშნე, მქონდა გუბერნატორთან შეხვედრა. ეს სამსახური ჩემ გარშემო არ ტრიალებს. გვარიც არ ვიცი სუს-ის უფროსის.

ვინ განსაზღვრავს მაშინ გორში დღეს საკადრო პოლიტიკას?

გუბერნატორისგან წამოვა ალბათ რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, თვითმმართველობას არჩეული მერი ჰყავს და თვითონ გადაწყვეტს კონსტანტინე თავზარაშვილი. პარტიის მხრიდან იქნება ალბათ რეკომენდაციები. შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული საკითხები, რაც შეიძლება შესწავლის დონეზე იყოს საინტერესო და აქედან გამომდინარე, სთხოვონ სუს-ს დახმარება, რომ რომელიმე პიროვნება შეისწავლონ. მაგალითად ადამიანი, რომ ინიშნება მისი cv უნდა იცოდე, მაგრამ ისე, რომ ჩართული იყოს საკადრო პოლიტიკაში მე არ მქონია ამის არანაირი მაგალითი გარშემო.

გორის ამჟამინდელი მერის მუშაობით კმაყოფილი ხართ? და როგორი მერი იქნება გორისთვის უკეთესი?

ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ჯერჯერობით მერობის კანდიდატზე არავისთან საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ბატონი კოტეს მუშაობის სპეციფიკას ნამდვილად არ ვარ ჩახედული. რასაც ვაკვირდები, პროექტები ხორციელდება, სკვერები ეწყობა. გზები იგება. რავიცი სხვა რა შეიძლება გააკეთოს. განა რა ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს გორს, რომ სამუშაო ადგილები შექმნას, უკვე გლობალურ პრობლემაზე გადავდივართ. დღეს „ქართული ოცნების“ გამოწვევა ეკონომიკური მდგომარეობაა, ეს საკითხი, რომ მოგვარდეს დამერწმუნეთ, მეოთხე ვადითაც აირჩევს ხალხი. პრობლემები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ხალხს აღარ ეშინია, სიმშვიდის განცდა აქვს. აღარ არიან დაძაბულები.

კრიმინალი შემცირდა და ამიტომ?

კრიმინალი რაღაც დონეზე ალბათ არის მომატებული. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადრე კრიმინალი ხდებოდა, მაგრამ არ აშუქებდა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს კი ყველაფერი შუქდება და აქედან გამომდინარე, მოსახლეობაც უფრო მეტად ხედავს, თორე დარწმუნებული ვარ, სტატისტიკას თუ ავიღებთ და ასე ვიმსჯელებთ, გაცილებით ნაკლები იქნება კრიმინალი, ვიდრე 2012 წლამდე იყო. დღეს არაფერი იმალება და ყველაფერი შუქდება, მაშინ რაღაც საკითხები იმალებოდა. არის სამუშაო, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებაც არ შეიძლება.

თქვენი აზრით, ახალმა მერმა გორში რა უნდა შეცვალოს, ერთ კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ და ამაზეც რომ გვითხრათ თქვენი აზრი. ბიუჯეტის თითქმის ნახევარი 11 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დაფინანსებაში მიდის, სადაც შეიძლება ითქვას, რომ პარტიული აქტივი საქმდება და ამის არაერთი ფაქტი გაშუქდა, როდესაც ვაკანსია და კონკურსები არ ცხადდება და ასე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ინიშნებიან კადრები ა(ა)იპ-ებში ამ მხრივ არ არის სამუშაო?

ისე არ გამიგოთ, რომ მე რამე კითხვას გავურბივარ. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვარ ჩახედული.

არც აუდიტის დასკვნას გაცნობიხართ, რომელიც მერიის მუშაობის ხარვეზებზე მიუთითებს?

ეს საკითხი მე მსმენია და პირველად თქვენგან არ მესმის, მაგრამ გიგი უგულავამ 600 ადამიანის სამსახური შექმნა მაშინ თბილისის მერიაში, უსაფრთხოების სამსახური რომ იყო თუ გახსოვთ,. ის მაშინ მაგ მიზნით იყო შექმნილი რეალურად რომ ვიმსჯელოთ. მეც მომიწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაგ სამსახურში მუშაობა. რომ მივდიოდი გაცილებით მეტნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები 2012 წლის შემდეგ, ვიდრე „ქართული ოცნების“. უშუალო ხელმძღვანელი ვიყავი მათი და ვიცი რაც ხდებოდა და რა მდგომარეობაც იყო. კახი კალაძეს ჰქონდა ასეთი მიდგომა, რომ ხელს არავის არ ახლებდა და პარტიული ნიშნით არავის ათავისუფლებდა. ეს ცნობილი ფაქტია. გორში თუ ასეთი ვითარებაა, რასაც ამბობთ, მისახედია და ერთობლივად უნდა გადაწყდეს და კონკურსიც უნდა ჩატარდეს.

სხვათა შორის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გორში სწორედ ყოფილი მერის მოადგილემ გაათავისუფლა (კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციიდან), რომლის მოადგილედაც მუშაობდით და მერიას ამის გამო კომპენსაციის გაცემა მოუწია და ბიუჯეტი დააზარალა. ლექსო ვალიაურმა იბრძოლა და მოიგო სასამართლო პროცესები.

ზუსტად ესაა წინ გადადგმული ნაბიჯი. 2012 წლამდე რომ ებრძოლა მიაღწევდა სამართალს?

ანუ ფიქრობთ, რომ სამართლიანობა აღდგა ქვეყანაში და ამის შედეგია ეს? „ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო სამართლიანობის აღდგენა.

სამართლიანობას გააჩნია რა კუთხით გულისხმობთ. ნაწილობრივ აღდგა. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ ის, რომ კერძო მესაკუთრეებმა ბიზნესები დაიბრუნეს და აღარ აქვთ განცდა, რომ ამას ვინმე წაართმევთ. ერთ-ერთი ობიექტი მახსენდება ახლა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ღამის საათებში აჩუქებინეს მესაკუთრეს ხელისუფლებისთვის.

ახლა ვისია ეს ამდენი უძრავი ქონება გორში. მაგალითად, კორპუსებს ვინ აშენებს ქალაქში, ნებართვებს ვინ და რა პირობებით გასცემს, ამაზე ხართ ინფორმირებული?

ვისია და ვისაც ფული აქვს ის აშენებს. ეს კორპუსები რომ შენდება ვინმეს წაართვეს? სახელმწიფო ჩაერია იმ კორპუსების მშენებლობაში?

კარგით, მაშინ არასაბაზრო ფასებში, როცა იჯარით გაიცემა ფართები და შედეგად ბიუჯეტი ზარალდება. ეს კითხვის ნიშნებს არ აჩენს თქვენში? მაგალითად, აუდიტის ანგარიშშიც იყო ნახსენები, ყოფილი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებს არასაბაზრო ფასში გადასცეს იჯარით აგრარული ბაზრის ტერიტორია და ბიუჯეტმა არ მიიღო ის შემოსავალი ამ ქონებიდან, რაც უნდა მიეღო.

50 წელია მაკრახიძე ამ საქმეშია და მისი ქონება რატომ უკვირს ხალხს, ვერ ვიგებ. არავის არ აქვს უფლება კანონი დაარღვიოს, უფრო ფხიზლად ვიქნებით, კარგია ასეთი კრიტიკა. გიორგი კანდელაკი აშენებს მაგალითად ქალაქში კორპუსებს, ვინმეს წაართვა?

სხვათა შორის, დევნილების შესახლებისთვის უკვე მოხდა სახელმწიფოსთან შეთანხმება, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამ ფართს კანდელაკი დევნილ ოჯახებს დაუთმობს და ეს პირობებიც საინტერესოა. კინოს შენობა რომ იყო, იქ ვინ აშენებს გასართობ ცენტრს თუ იცით?

ეგ იყო კერძო საკუთრება, ერთ-ერთი თანამესაკუთრე როგორც ვიცი, გიორგი ხოჯევანიშვილი იყო.

რატომ დაიწყო მისი მშენებლობა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ის თანამდებობის პირი გახდა და როგორც თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, ძლიერი გარემოცვის ფონზე. სახელმწიფო მოხელეა ისიც და მიეცა ახლა საშუალება, რომ ამ ქონების განვითარებისთვის ეზრუნა. ეს ერთი მაგალითი გორში და რეგიონის ფარგლებს გარეთ რა ხდება? ვინ ისაკუთრებს ამხელა ტერიტორიებს, ვინ აშენებს ვილებს და ა.შ. რა განსხვავებას ხედავთ მაშინ ამაზე მიპასუხეთ?

როგორ არის ერთი და იგივე სიტუაცია, იქ კერძო მესაკუთრეებს ართმევდნენ ქონებას და ძალით აჩუქებინებდნენ, ამჟამად კი ოფიციალურად გაყიდეს მესაკუთრეებმა, მაგრამ ახლა აქ სხვა დეტალია საინტერესო, როდესაც ძალაუფლება მიეცათ, მაშინ დაიწყეს ამ ქონების გაფართოება და როცა ოპოზიციაში გადავიდნენ, მაშინ დაინახეს კორუფცია და ნეპოტიზმი.

გიორგი ხოჯევანიშვილის დეპუტატობაზე რას ფიქრობთ? მიგაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ გარეშე ის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა? ისიც რომ გავითვალისწინოთ, რომ პარტიაზე მეტი ხმა მოიპოვა გორი-კასპის ოლქში?

რა თქმა უნდა ვერ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნების“ გარეშე. ის პროექტები, რითიც ხალხს თავი გააცნო, საიდან გამოიყენა?იცით რამდენი კარგი ბიჭია სახლში? ჩემზე მეტად კარგი, გიორგიზე კარგი. მაგრამ არ ეძლევათ მათ საშუალება. მან კი გუბერნატორად დანიშვნის დღიდან პიარზე დაიწყო მუშაობა, რომ შემდეგ კანდიდატად განეხილათ. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა იმ 2 წლის განმავლობაში, რომ გამხდარიყო მმართველი გუნდის კანდიდატი. იმიტომ აიღო ის ხმებიც. ახლა წარმოიდგინეთ, ქუჩიდან მოსულიყო და დამდგარიყო კანდიდატად, რამდენ ხმას აიღებდა.

თუმცა ჩვენ გვახსოვს იოსებ მაკრახიძე, რომელსაც ბევრი არც იცნობდა. „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად დაასახელა 2016 წელს და ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე მეტი ხმა მიიღო.

იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა დაასახელა. სხვათა შორის, მას ბევრი გორელი სცემს პატივს. როდესაც მმართველი გუნდის კანდიდატი ხარ, 10 ნაბიჯით წინ ხარ სხვა ოპონენტებთან შედარებით.

მოახლოებულ არჩევნებზე რას ფიქრობთ, გახარიას გუნდს რა შანსები აქვს გორში, როდესაც აღარ არიან ოცნების წარმომადგენლები?

გახარიას გარემოცვას თუ გადახედავთ, გორში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. მისი მარჯვენა ხელი იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, მეორე იყო შსს მინისტრის მოადგილე, გუბერნატორი მთელი რესურსით და ისე დაალაგეს ამ ხნის განმავლობაში, რომ რა თქმა უნდა, რესურსი აქვთ გორში, მაგრამ მათ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი აჯობებთ. გორში შეიძლება რაღაც კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მეორე ადგილზე ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა „ოცნების“ შემდეგ.

თქვენ სად წარმოგიდგენიათ თავი ამ არჩევნების შემდეგ?

სადაც გუნდი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა იქ ვიქნები. მე გუბერნატორს ურთიერთობიდან გამომდინარე, სიამოვნებით დავუდექი მხარში და „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად რომ დააყენოს პოლის ჯოხიც, მასაც დავუჭერ მხარს.

მათ შორის, საკრებულოს დეპუტატობასაც დათახმდებით ყოფილი პარლამენტარი?

არა საკრებულოს წევრი არ ვიქნები. ივლისის ბოლოს უკვე გვეცოდინება კანდიდატის ვინაობა და ერთმანეთის მხარში დგომით, ჩვენ ისევ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებსაც.

მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ თუ მეორე ტური იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას გუნდიც შეუერთდეს. რა გასაკვირია, 80% ნაციონალური მოძრაობიდან არიან. გამოჩნდებიან კიდევ ალბათ სხვა პარტიებიც. ყველას მივიჩნევთ კონკურენტად და მაქსიმალურად ვეცდებით, საუკეთესო შედეგი დავდოთ და პირველივე ტურში დავასრულოთ ეს არჩევნები.

[1] ინტერციუს ჩაწერისას თამაზ შიოშვილი ჯერ კიდევ არ იყო მერის მოადგილე და ის ამ თანამდებობაზე 29 ივნისს დაინიშნა.

ფოტო: რადიო მოზაიკა


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი