მიგრაციის მაჩვენებლებზე მთავრობის და ოპოზიციის გავრცელებული მანიპულაციები

რეზიუმე: მმართველი გუნდი, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, უარყოფითი მიგრაციული სალდოს შემცირებაზე მიუთითებს. ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები კი „ქართული ოცნების“ პერიოდში მიგრაციული ნაკადების ზრდაზე აპელირებს. ორივე მოსაზრება მანიპულაციურია და სიმართლეს არცერთი არ შეესაბამება.

2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარება, არამართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის.

ანალიზი

11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „ხშირად მოგვისმენია, თითქოს საქართველოს დღეს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ეს იყო მანამდე. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ამბობს, „ჩემ დროს უფრო ნაკლები მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე ქართული ოცნების პერიოდში“. ყველაზე მეტმა მოქალაქემ საქართველო 2009, 2010, 2011 წლებში დატოვა. მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და ორნიშნა რიცხვები ფიქსირდებოდა. წელიწადში საქართველოს 25 000, 28 000 და 30 000 მოქალაქე აკლდებოდა. 2013 წლის შემდეგ ეს რიცხვი ერთნიშნა ციფრზე დავიდა, თუმცა ვიზალიბერალიზაციის პერიოდში, ისევ ორნიშნა რიცხვამდე გაიზარდა , მაგრამ არა იმ მაჩვენებელზე, რაც იყო 2009-2011 წლებში“.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პერიოდში, წინა პერიოდთან შედარებით, მიგრაციული ნაკადების ზრდაზე მართლაც მიუთითებენ.

პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო (ანუ წინა 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში). იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გადაიხედა და ალტერნატიულ მონაცემებზე (მათ შორის შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევა) დაყრდნობით, მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით დაახლოებით 8.7%-ით, 3.9 მილიონამდე შემცირდა.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის). შესაბამისად, 2002 წლის მოსახლეობის კორექტირებულ მაჩვენებელსა და 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობა, ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული სალდოს მაჩვენებლებს უნდა მოეცვა.

2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის დაფიქსირებული სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა.

საქსტატის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) 1994 წლიდან უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. 2014 წლის აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, ის ტენდენციები რაც გამოიკვეთა (მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, უარყოფითი მიგრაციული სალდო) ლოგიკურია. თუმცა 2012 წლამდე პერიოდში, კონკრეტული წლების მიგრაციის მაჩვენებლები სადაოა, რადგან შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. 2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად ე.წ. ექსპერტული შეფასებებით გაიანგარიშებოდა. 2004 წლიდან საქსტატს საზღვრის კვეთის მონაცემები ჰქონდა, თუმცა იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და ამ მონაცემებში რეალურად ყველა ის პირი ხვდებოდა, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი შედარება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან, არამართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის.

გრაფიკი 5.1. გარე მიგრაციული სალდოს ძველი და განახლებული მონაცემები, 2002-2019 წლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატმა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ძველი მონაცემებით მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 2005 და 2009-2011 წლებში. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო ფიქსირდება. ზოგადი ტენდენცია, რომ აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი, არ მიიჩნევა სადაოდ. თუმცა ცალკეული პერიოდის მონაცემები, 2012 წლამდე, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს არსებული მოსახლეობის რიცხოვნების ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად.

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პერიოდში მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2020 წელს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა. მიგრაციულმა სალდომ, ანუ ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, 15,732 შეადგინა. აღნიშნული, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი