COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები „ქართული TV“-ის ეთერში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში „ქართული TV“ გადაცემის „სტუმრად მაკა ბრეგაძესთან“ ჩანაწერი გავრცელდა, სადაც გადაცემის სტუმრებმა ნონა აღდგომელაშვილმა და გიორგი ლილუაშვილმა, პანდემიასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააჟღერეს.

მტკიცება: პირბადეს ძალიან ბევრი ნეგატიური გავლენა აქვს, მაგრამ მთავარი ეს არის თავის ტვინის, მთელი ცენტრალური ნერვიული სისტემის და ორგანიზმის ჰიპოქსიას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირველ რიგში განვმარტავთ, რომ ჰიპოქსია არის მდგომარეობა, როდესაც მთლიანი ორგანიზმი ან მისი ნაწილი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. გლობალურად, პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარებას, მის ხანგრძლივად გამოყენებას, ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა.

სამედიცინო და ნაჭრის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება. COVID-19 წვეთოვანი გზით ვრცელდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს.

სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ არ ზღუდავს ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, მათ შორის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი გამოწვეულია სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება : ამერიკაში ჩატარებული გამოძიების თანახმად, PCR ტესტები თავიდანვე დაინფიცირებული აღმოჩნდა, ანუ სპეციალურად ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში… ესპანეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა და რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან მიღებული ტესტები უკან დააბრუნეს და განაცხადეს, რომ ეს ტესტები არ იყო სტერილური... ეს დაინფიცირებული ტესტი აჩვენებდა, რომ ადამიანს ჰქონდა ვირუსი და ამ ტესტებით დგინდებოდა დაავადება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Politifact-ის თანახმად, პანდემიის პირველ ეტაპზე, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ წარმოებული ტესტები წუნდადებული მართლაც აღმოჩნდა. აღნიშნული ტესტების სერიაში სამი რეაგენტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაბინძურებული იყო (რეაგენტები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ტესტების დროს რეაქციების წარმოსაქმნელად გამოიყენება). ამერიკის ჯანდაცვისა და სერვისების დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული დაბინძურება შესაძლოა, რეაგენტზე მანიპულაციების ოთახში, ერთი ადამიანის პროტოკოლის დარღვევით შესვლასაც კი გამოეწვია.

CDC-მ COVID-19-ის ადრეული ტესტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებს მიაწოდა, რომლებიც წუნდადებული აღმოჩნდა, რადგან არასწორ პასუხს აჩვენებდა. თუმცა, ტესტების ხარვეზი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და ის პაციენტების ტესტირებისთვის არ გამოუყენებიათ.

პანდემიის საწყის ეტაპზე, ესპანეთის და სხვა ქვეყნის მთავრობებმა ჩინური კომპანია henzhen Bioeasy Technology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტები მართლაც დააბრუნეს უკან. ჩინეთიდან შეძენილი ტესტების უკან დაბრუნების მიზეზი, ტესტების დაბალი სანდოობა იყო. მტკიცება, რომ სწრაფი ტესტების დაბინძურებული იყო, ყალბია. ესპანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტების სიზუსტე მხოლოდ 30% იყო, როცა მგრძნობელობა 80% უნდა ყოფილიყო.

მტკიცება: სტატისტიკურად საქართველოში 2020 წელს 5 ათასი კაცით ნაკლები არის გარდაცვლილი

ვერდიქტი: მანიპულირება

სატატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით [3,878 ერთეულით] გაიზარდა. გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, 2017-2018 წლების მაჩვენებელს, ასევე მკვეთრად აღემატება. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები.

მტკიცება: როდესაც ვირუსი მუტაციას განიცდის, აზრი ეკარგება იმ ვაქცინის გაკეთებას. აგერ ისრაელის მაგალითი, ვაქცინაცია ჩატარდა, 2-ჯერ ჩატარდა, და დღეს იფეთქა ისევ, ეპიდემიაა და უფრო მწვავე მდგომარეობაში არიან

ვერდიქტი: მცდარი

ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინები არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დელტა ვარიანტზე [ე.წ. ინდურ შტამზე] ფაიზერის დაცვის მაჩვენებელი 64%-ია, თუმცა, კოვიდის მძიმე ფორმებისგან დაცვის მაჩვენებელი 93%-ია. მტკიცება, რომ ვირუსის მუტაციის შემთხვევაში ვაქცინის გაკეთებას აზრი არ აქვს, არის მცდარია.

ანტივაქსერები, რომლებიც, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ პანდემია არ არსებობს და კოვიდით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა გაყალბებულია, მეორე მხრივ, ისრაელში ვირუსის აფეთქებაზე და ეპიდემიაზე საუბრობენ.

დელტა ვარიანტი მსოფლიოში დომინანტური ხდება, ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც დელტა ვარიანტს უკავშირდება. ისრაელში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება. რაც სწორედ, ვაქცინაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა.

იანვარში თუ დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღწევდა, ბოლო პერიოდში დღიური შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. მასობრივ ვაქცინაციამდე, პიკურ პერიოდში სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 60-ს აღემატებოდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვალება ან საერთოდ არ ფიქსირდება ან ერთეული შემთხვევებია.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი