ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას, არცერთი თეთრი სესხი არ აუღია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: საქართველოს 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, სამთავრობო ვალი 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც პირველ ექვს თვეში ახალი კრედიტის სახით 3.53 მლრდ არის ჩამორიცხული. მთავრობის ვალის ზომა მშპ-თან მიმართებით კი 54.6%-ზეა განსაზღვრული.

ამავდროულად, 2021 წლის 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოაწერა 474 მილიონ ევროიან სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებას, საიდანაც მხოლოდ 33 მილიონი ევრო გახლდათ გრანტი, ხოლო დანარჩენი - 441 მილიონი კი, სესხი. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი ევრო, რომლის რატიფიცირება პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს მოახდინა. სესხით 2022-2025 წლებში მიკრო და მცირე ბიზნესის გრანტები, სესხის პროცენტის სუბსიდია და ბიზნესების გაციფრულებაა გათვალისწინებული.

შესაბამისად, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ვალდებულებების აღებით მოზიდული სახსრების განკარგვაც გათვალისწინებულია და ამასთანავე, ახალ სასესხო ხელშეკრულებებსაც მოეწერა ხელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

2021 წლის 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას არცერთი თეთრი სესხი არ აუღია. არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა“. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

2021 წლის ივლისში საქართველოს ბიუჯეტი დაკორექტირდა. შედეგად, მთავრობის ვალი 5.27 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც პირველ 6 თვეში 3.53 მლრდ ლარი უკვე ჩარიცხულია. წლის ბოლოსთვის კი მთავრობის ვალის ზომა მშპ-თან მიმართებით 54.6% იქნება.

საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან 474 მილიონ ევროიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, 33 მილიონი ევრო გრანტია, ხოლო 441 მილიონი კი - მრავალწლიანი სესხი. ხელშეკრულების მიხედვით, თანხები დაიხარჯება წყლის რესურსების მართვაზე, ირიგაციაზე, სოფლის მეურნეობაში; ურბანული განვითარებაზე და სატრანსპორტო კავშირებზე. თანხების გარკვეული ნაწილი ასევე ენერგეტიკაში, სოციალურ კეთილდღეობა და ჯანდაცვაზე მიემართება. თანხების ჩარიცხვა 2022 წელს დაიწყება და 2024-ში დასრულდება.

გარდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მსოფლიო ბანკის 85-მილიონიანი სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც 2022-2025 წლებში უნდა დაიხარჯოს.

თანხის ძირითადი ნაწილი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ქვეპროგრამების დასაფინანსებლად იქნება მიმართული, რაც გულისხმობს მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის 25 მილიონი ევროს გრანტის გამოყოფას, საშუალო და დიდი ზომის საწარმოებისთვის კი - სესხის პროცენტის სუბსიდირებას, რისთვისაც 12.8 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული. ამავდროულად, თანხების ნაწილი ყველა ზომის საწარმოების გაციფრულებისკენ იქნება მიმართული, რაშიც 85 მილიონი ევროდან - 5 მილიონი დაიხარჯება.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობას სესხი არ აუღია, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი