აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი გიორგი კირთაძე პოლიტიკაში აქტიურად 2003 წლიდან ჩაერთო. გარკვეული დროის განმავლობაში ის აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მუშაობდა. 2006 წელს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დახდა.

გიორგი კირთაძე ბათუმის სამი მოწვევის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ , აქედან ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ.

ამჯერად ის ენმ-ის პოლიტიკურმა გუნდმა ბათუმის მერობის კანდიდატად წარადგინა. მის კანდიდატურას მხარი ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაუჭირა.

როგორია 2021 წლის წინასაარჩევნო გარემო, რა პრობლემები აქვს ბათუმს და რის გაკეთებას აპირებს მერად არჩევის შემთხვევაში, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ გიორგი კირთაძე ესაუბრა.

- რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო ყველა კანდიდატისთვის, როგორ პირობებში გიწევთ კამპანიის წარმოება?

- ის, რომ ამდენი პოლიტიკური პარტიის შეთანხმებული კანდიდატი ვარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უმნიშვნელოვანესია, რომ ახლა კანდიდატმა აჩვენოს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. შევეჩვიეთ იმას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანაბარ პირობებში სხვა კანდიდატი ვერასდროს ვერ იქნება. მმართველი პოლიტიკური პარტია აგრძელებს იმავეს, რაც ამ წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ მისი ხელწერაა. ესაა დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, მოკლედ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ველოდები, რომ ყველა სხვა არჩევნებთან შედარებით, უფრო მასშტაბურად იქნება ეს მეთოდები გამოყენებული. ამისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია. ჩვენ საოლქო და საუბნო კომისიებში ვახერხებთ კარგად თანამშრომლობას. გამოვააშკარავებთ ყველაფერს, რასაც ჩაიდენს „ოცნება“. ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. შვიდივე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ შევჯერდით ძალიან ღირსეულ კანდიდატზე. მგონია, რომ ესეც გამარჯვებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ყველა ერთად, გაყალბების შემთხვევაშიც, „ქართულ ოცნებას“ ვამარცხებთ.

- რა განსაკუთრებული სიკეთე ახლავს ამ შეთანხმებას?

- ეს არის ქალაქის ერთობლივი, კოალიციური მართვა. ბიძინა ივანიშვილის ნარატივია: „ესენი მაინც ერთმანეთს ჭამენ, კოალიციური მმართველობა ამ ქვეყანას დაღუპავს“ და ა. შ. აი ვნახოთ, თუ დაღუპავს. წინასაარჩევნო პერიოდში ამბიციები პარტიებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე - ხმები. აქაც კი შევძელით ჩვენ თანამშრომლობა. გამარჯვების შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მერიაში წამყვან პოზიციებს დაიკავებენ და ეს თანამშრომლობაში, საქმის კეთებაში ხელს არ შეუშლით.

- რამდენად საკმარისია მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და ფინანსები, რომ უკეთესად მართვა შეძლოთ?

- სამი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა. ეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, მოქალაქეებთან ყველაზე ახლოსაა და მათი პრობლემების გადაწყვეტაში მთავარი როლი აქვს. ამიტომ რაც უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება ადგილობრივ თვითმმართველობას, მით უფრო კარგი იქნება ეს მოქალაქეებისთვის. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ უფლებამოსილებასთან ერთად, საჭიროა ფინანსური რესურსი, რასაც არ გვაძლევენ. გადასახადების ძირითადი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში აკუმულირდება და მათ კეთილ ნებაზეა მერე დამოკიდებული, რომელ მუნიციპალიტეტს რამდენს გამოუყოფენ, ძირითადად, კაპიტალური ტრანსფერის სახით.

ბათუმის თვითმმართველობა ამ მხრივ დაწინაურებულია და ეს იმის შედეგია, რომ 2004 წლის შემდეგ ბათუმი მართლა სწრაფი ტემპებით განვითარდა, გადასახადი ბევრად უფრო მეტი აკუმულირდება ადგილობრივ ბიუჯეტში და ბათუმს თვითკმარი ბიუჯეტი აქვს. თანხები მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტებისთვისაც რჩება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებისკენ იყო მიმართული. ნაწილი გადიოდა, ნაწილი - არა. აუცილებლად შევეცდებით ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. სანამ ეს მოხდება, მანამდე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეცდებით, რომ ბათუმზე მეტი თანხა დაიხარჯოს.

- არჩევის შემთხვევაში, როგორი მემკვიდრეობა დაგხვდებათ, ქალაქისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის რა გააკეთეს, ან არ გააკეთეს ყოფილმა და მოქმედმა მერებმა?

- ერთადერთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კარგი გააკეთა, ესაა ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი. ჩვენ უკეთესს ვაპირებდით, მაგრამ ახლა ამაზე პოლემიკაში არ შევალ. ბათუმის „დინამო“ ჩემთვის და ბევრისთვის არა მხოლოდ საფეხბურთო გუნდია და ეს ძალიან კარგია, რომ ცენტრალური სტადიონი გაკეთდა. სხვა გაკეთებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ გაფუჭებული მართლაც ბევრია.

დავიწყოთ იმით, რომ, როგორც კი ჩვენი ხელისუფლება მმართველობიდან გავიდა, ყველა მშენებლობის ნებართვა, რომლებიც ჩვენს დროს წლების განმავლობაში იყო გაჩერებული, უსწრაფესად გაიცა. ამან მართლა ბეტონის ჯუნგლებად აქცია ბათუმის ზოგიერთი უბანი. რა თქმა უნდა, ამის უკან დგას კორუფციული გარიგებები. ესაა ყველაზე დიდ პრობლემა, რომელიც გვაქვს. როცა ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, მის იერსახეზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ გამოუსწორებელი შეცდომებია დაშვებული. ჩვენ ქალაქის განვითარებისთვის არა მხოლოდ იდეები, არამედ კონკრეტული პროექტები და ფინანსური რესურსები დავტოვეთ, მათ შორის, KFW-ს [გერმანიის განვითარების ბანკი] ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული, რომელიც ქალაქის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ჭაობის დასახლების ნაწილში სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, კარგად იცის მოსახლეობამ, რამდენ ხანს გაგრძელდა. შემოერთებულ ტერიტორიებზე დღემდე არ არის ეს სისტემა მოწესრიგებული და სამრეწველო ზონაში მრავალბინიანი სახლები შენდება ე. წ. შამბოების [ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა] მეშვეობით. იქ ადგილობრივ მოსახლეობას წყალი გრაფიკით ან ტუმბოებით მიეწოდება, რაც ბათუმისთვის საშინელებაა. შემოერთებული ტერიტორიების წყლისა და წყალარინების პროექტისთვის გამოყოფილი 60 მლნ ევრო შარშან ხელისუფლებამ კოვიდსასტუმროებს დაუთმო. ჩემი აზრით, ეს თანხა კორუფციულად დაილექა ვიღაცების ჯიბეებში. ჩვენ ეს პრობლემები, წყლისა და წყალარინების, უსწრაფესად უნდა მოვაგვაროთ.

- ბათუმს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემაც აქვს, გამტარუნარიანობა გასაზრდელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიც კვლავ მოსაწესრიგებელია, მოქალაქეები რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობას უჩივიან, ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უკვე ნახსენებ პრობლემებზეც ბევრად არის დამოკიდებული, გასაუმჯობესებელია... ზოგადად, ბათუმის ურბანული განვითარება, ძალიან ხშირად, კრიტიკის საგანია. თქვენ როგორ ხედავთ ქალაქის განაშენიანებისა და განვითარების საკითხს?

- ხელისუფლებამ ჭაობის დასახლებაში რომ ასფალტი დააგო, კარგია და ბუნებრივია, ეს უნდა გაეკეთებინა. თუმცა ჩვენ დავტოვეთ პროექტები, მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩა უნდა შეერთებოდა ფიროსმანის ქუჩას. ეს არ იყო რთული გასაკეთებელი. ასევე ინასარიძისა და კაჩინსკის ქუჩების დაკავშირება გვქონდა დაგეგმილი. ამათ მშენებლობის ნებართვა გასცეს ზუსტად ქუჩის შუაში, რის გამოც გზა ვერ გაკეთდა. ამ მიმართულებითაც ბევრი სამუშაო გვექნება.

ბათუმი, ძირითადად, ზღვისპირა მიმართულებით ვითარდება, ინვესტორები ფულს ამ ნაწილში დებენ. ამან ქალაქის არასწორი განაშენიანება გამოიწვია. ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, ბათუმში მდინარეების ირგვლივ მოხდეს რეკრეაციული ზონების განვითარება, გავიყვანოთ ახალი გზები. ერთ-ერთი ასეთი გეგმაა, ლერმონტოვისა და ტაბიძის ქუჩების შეერთება. ეს ქალაქში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს. ამ მიმართულებით დარგის სპეციალისტებთან, ურბანისტებთან ერთად ბევრი სამუშაო გვექნება. ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ ბიუჯეტის ფული სწორად მივმართოთ და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი ეტაპობრივად გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, მეტი ღირსეული და სტაბილური სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. ამისკენ უნდა იყოს აქტივობები მიმართული.

- პანდემიამ აჩვენა, რომ მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულ ქალაქს ძალიან გაუჭირდა, რადგან დასაქმებულების დიდი რაოდენობა, შეზღუდვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა. სხვა რომელი მიმართულებით შეიძლება ამ ქალაქის განვითარება?

- ჩვენ ბათუმში სტუდენტურ ქალაქს ვაშენებდით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ ქალაქში ბევრი სტუდენტი და ლექტორ-მასწავლებელი იქნებოდა. ასევე აქ უნდა იყოს ფინანსური ცენტრი და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაში ეს ფუნქცია მოიაზრებოდა. დაგეგმილი იყო სამრეწველო ზონის განვითარება, სადაც ასი ქარხანა უნდა აშენებულიყო. ქართულ ოცნებას სამუშაოების ნაწილი მაინც უნდა დაეწყო, ამას ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია სჭირდებოდა. ხელისუფლებას იქ საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო როგორიცაა წყლის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემების მიყვანა. ეს უნდა გაკეთდეს და ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ სტაბილურობის შეგრძნება.

- ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ თვითმმართველობაში კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები არ არიან. ეს განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხება, მათ შორის, ვინც ბათუმის ურბანულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ეთანხმებით?

- მერიაში მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. მთავარია, რომ ამ ხალხს დავუჯეროთ. იმ წლებში, როცა ქალაქმა სხვა სიცოცხლე შეიძინა, გარკვეული დოკუმენტები დამტკიცდა, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ზონირების რუკა და ქალაქის ფუნქციური დაყოფა... ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ქალაქი ქაოსური განაშენიანებისგან დაგვეცვა. ამ გადმოსახედიდან, იყო ცალკეული შეუსაბამობები. შესაძლოა, ეს იყოს ბულვარის შესასვლელში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის შენობის ჩადგმა. ამაზე შეიძლება ვიდავოთ. თუმცა ჩვენ რომ ეგ ავაშენეთ ბულვარის შესასვლელში, ამიტომ „ამბასადორს“ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ბულვარის შუაგულში ჩააბეტონოს ბინები?

მგონია, რომ პროფესიონალები ახლაც მუშაობენ და არ მოსწონთ, მაგრამ მათ არ უჯერებენ. კორუფციული ინტერესებია განმსაზღვრელი და ამიტომაა, რომ ბათუმში ბევრი უბანი ბეტონის ჯუნგლებად იქცა. ჩვენ აუცილებლად გვექნება გენერალური განაშენიანების გეგმა.

- ბოლოს, რომ შევაჯამოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებად რას მიიჩნევთ, რაზე დაიწყებთ მუშაობას პირველ რიგში?

- ესაა ქალაქში კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტის დასრულება - ბათუმში ჟუჟუნა წვიმისაც რომ არ გვეშინოდეს; გზების რეაბილიტაცია და ახალი გზები - ეს განტვირთავს სატრანსპორტო კოლაფსს; პარკირების პრობლემა - ეს ძალიან აწუხებს ჩვენს ქალაქს; სარეკრეაციო ზონები, მეტი სიმწვანე - ყველა უბანში უნდა მოეწყოს პარკები. ესაა ძირითადი, რაზეც უსწრაფესად უნდა დავიწყოთ მუშაობა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი