18 აგვისტოს ალტ-ინფოს ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძესთან ინტერვიუ გავიდა, რომელმაც ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური და ყალბი ინფორმაცია გააჟღერა.

მტკიცება: არსებობს უამრავი ინფორმაცია, რომელიც იმალება ჩვენთან, რომ არც თუ უსაფრთხოა ვაქცინაცია

ვერდიქტი: მანიპულირება

პანდემიის პერიოდში კოვიდვაქცინების მოკლე დროში შესაქმნელად, გლობალურად, ტექნოლოგიური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდა. შედეგად, COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

კოვიდვაქცინებმა დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმების რამდენიმე ეტაპი გაიარეს, რომლის საფუძველზეც მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდა. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის სამივე ფაზას წარმატებით გაივლის. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, რეგულარული შეფასებები და დამტკიცების შემდგომი კლინიკური კვლევები ტარდება, რომლის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის პარამეტრების მონიტორინგია.

ყველა ვაქცინას, მათ შორის - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, ისევე როგორც ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. კლინიკური კვლევისა და იმუნიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები ძირითად შემთხვევაში არის მსუბუქი: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინა ალერგიულ რეაქციებს (მათ შორის ანაფილაქსია) იწვევს. ერთეულ შემთხვევაში კი შესაძლოა სხვა გვერდითი ეფექტები (მაგალითად, თრომბოზი, მიოკარდიტები, პერიკარდიტები) გამოიწვიოს. COVID-19 ვაქცინაცია სიფრთხილით ტარდება, ექიმი აცრამდე, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ასაცრელი პირის კლინიკურ მდგომარეობას აფასებს და აცრის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ იღებს. ამასთან ვაქცინაციის შემდგომ, პირი (30წთ/45წთ) კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მტკიცება: პირველივე დღეებიდანვე, მე ცრუ პანდემიას ვეძახი ამას, იმიტომ, რომ პანდემიას თავისი განმარტება აქვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემია ახალი დაავადების გლობალური გავრცელებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, „პანდემია წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. ეპიდემია კი ეწოდება დაავადების აფეთქებას, როდესაც სიტუაცია უკონტროლო ხდება, მაგრამ ის, ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე, ლოკალურად მიმდინარეობს.

2020 წლის 11 მარტს კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველს ქმნიდა ის ფაქტი, რომ COVID-19 იყო ახალი დაავადება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწრაფად ვრცელდებოდა. იმ დროისთვის COVID-19 დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა), მსოფლიოს 114 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ პანდემიის გამოცხადების საფუძველი არ არსებობდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება: სხვადასხვა შტამზე ვაქცინა არ მოქმედებს... ქვეყნები, რომლებიც წარმატებული არიან ორჯერად აცრაში, მაინც ჩაიკეტნენ და ახლა ისრაელში საერთოდ 7 ათასზე მეტი იყო შემთხვევების რაოდენობა. ე.ი. ვაქცინა არ მოქმედებს ხო... პირდაპირ თქვეს, რომ დელტა შტამის მიმართ ფაქტიურად უძლური აღმოჩნდაო

ვერდიქტი: მანიპულირება

ყველა ავტორიზებული ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გართულების და სიკვდილის რისკებს, ამასთან გარკვეულწილად გვიცავს ინფიცირებისგან.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე, მსოფლიოში დელტა ვარიანტია დომინანტური, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მათ შორის - ვაქცინირებულ მოსახლეობაშიც. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა კრიტიკული შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. რაც სწორედ, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი 91%-ზე მეტია.

აღნიშნულ მანიპულაციასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

მტკიცება: CDC-მ თქვა, რომ ეს ტესტი ვერ არჩევს კორონავირუსს და სეზონურ გრიპებს, და 31 დეკემბრამდე მისცა ვადა, რომ გადავიდნენ სხვა სტანდარტზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები გამოიყენება, ყველა მათგანი ორგანიზმში SARS-COV-2-ის ვირუსის არსებობას იკვლევს და მტკიცება, რომ ტესტები გრიპსა და კორონავირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, აბსურდულია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) არ განუცხადებია, რომ PCR ტესტები ერთმანეთისგან ჩვეულებრივ გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევს. მან რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც შეძლებს.

2021 წლის 21 ივლისს, CDC-მა ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიებმა SARS-CoV-2- ის იდენტიფიცირებისთვის PCR ტესტების გამოყენება წლის ბოლომდე უნდა შეწყვიტონ და ალტერნატიულ მეთოდზე უნდა გადავიდნენ. 2021 წლის 31 დეკემბრამდე CDC ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნის გაუქმებით მიმართავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტებმა COVID-19-სა და გრიპის დიფერენცირება ვერ მოახერხა. CDC ისეთი ტესტების გამოყენებას უწევს რეკომენდაციას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია როგორც SARS-CoV-2, ასევე გრიპის ვირუსებზე, პაციენტების შემოწმება.

მტკიცება: ხომ არ აქვს ადგილი სტატისტიკის გაყალბებას? მე არ ვამბობ, რომ ვირუსი არ არსებობს და ადამიანები ამ ვირუსით არ გარდაიცვლებიან, მაგრამ სეზონური გრიპებითაც გარდაიცვლებოდნენ ადამიანები. ხომ არ ხდება მანიპულაცია და ამ მონაცემების გაზრდა?

ვერდიქტი: მანიპულირება

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით [3,878 ერთეულით] გაიზარდა. 2020 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, ასევე მკვეთრად აღემატება 2017-2018 წლების მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, გასულ წელს კი სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: გარდაცვლილთა რიცხოვნობა თვეების მიხედვით (2019-2020 წლებში)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. 2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან არის თანხვედრაში. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4 717-ით აღემატება. ამავე პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევაა აღრიცხული.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი