ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე: პრემიერი თავის განცხადებაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან ადარებს. ამგვარი შედარებისას მნიშვნელოვანია, რომ მკითხველს ზუსტი კონტექსტი მივაწოდოთ, შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“არამხოლოდ იმ მონაცემებს მიმოიხილავს, რომელთა შესახებაც პრემიერი საუბრობს, არამედ იმ მნიშვნელოვან გარემოებებსაც, რომელსაც ეს განცხადება არ ასახავს.

ვინაიდან პანდემიური წელი ქართული ეკონომიკისთვის მძიმე გამოდგა, მიმდინარე წელს, კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების და, შემდგომში, თითქმის სრულად მოხსნის პირობებში, საქართველოს ეკონომიკამ, წინა წლის ანალოგიურ - ლოქდაუნისას არსებულ ვითარებასთან შედარებით, სწრაფი ზრდა აჩვენა. ამ ზრდით საქართველო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 147 ქვეყნიდან [1] მართლაც მოწინავეა და მეცამეტე ადგილს იკავებს. თუმცა ეკონომიკის ზრდის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ საბაზო ეფექტის გათვალისწინებაც, რაც პანდემიის პირველ წელს (2020) საქართველოს ეკონომიკის შემცირებას ახლდა. იმის საჩვენებლად, თუ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიას როგორ უმკლავდება, საბაზო ეფექტის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. როდესაც მოცემულ სურათში ამ კონტექსტს შემოვიტანთ და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო უკვე არა მეცამეტე, არამედ 68-ე ადგილზე აღმოჩნდება. სწორედ ამგვარი ანალიზია სწორი იმის საჩვენებლად, ქვეყანა პანდემიის შემდგომ რეცესიას თუ როგორ უმკლავდება.

ვინაიდან პრემიერის განცხადების გადამოწმებისას პანდემიის კონტექსტის გამორიცხვა შეუძლებელია, ხოლო საბაზო ეფექტის გათვალისწინება - აუცილებელი, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება არის მეტწილად მცდარი, ვინაიდან სიმართლის ელემენტებს შეიცავს, თუმცა ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შესახებ სწორ ინფორმაციას მოგვცემდა, იგნორირებულია.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით 29.8%-ს შეადგენს, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო კლება 4.5%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა 2019-2021 წლებში, ყოველთვიური მონაცემები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა. შესაბამისად, განცხადება ძირითადად ეკონომიკის ზრდის მიმდინარე, კერძოდ კი აპრილი-ივნისის საპროგნოზო მაჩვენებლებს ეხება. რადგან მსოფლიო მასშტაბით, მეორე კვარტლის თვიური ზრდის პროგნოზების სტატისტიკა კონსოლიდირებული სახით ხელმისაწვდომი არ არის, შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრის განცხადების ბუკვალურად გადამოწმება, იმის შესახებ, რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს. ასევე, მიმდინარე ეკონომიკური ზრდის მაღალი პროგნოზები, ნაწილობრივ საბაზო ეფექტთან არის დაკავშირებული, რაც შედარებით დაბალი საბაზო ეფექტის მქონე ქვეყნებთან შედარებით უპირატესობას, გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მეორე მხრივ, ობიექტური ინფორმაცია ეკონომიკის ზრდის მიმდინარე, საბაზო ეფექტის მიღმა არსებულ დადებით დინამიკასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, მეტად მწირია და ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. აქედან გამომდინარე, კონკრეტული დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან მცირე პერიოდში და მრავალი ფაქტორის გავლენის პირობებში, დინამიკა ზოგადი სურათიდან შეიძლება ტექნიკურად იყოს ამოვარდნილი.

ზოგადი დინამიკის ანალიზისთვის,საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების წლიური თვალსაზრისით შედარებაა რელევანტური, ინფორმაციაზე მეტი ხელმისაწვდომობისა და წლიური, გრძელვადიანი დინამიკის უფრო მეტად სანდოობიდან გამომდინარე. თუმცა, ბუნებრივია, ცვალებადი ეკონომიკური კონიუნქტურისა და საბაზო ეფექტის პრობლემას აღნიშნულ შემთხვევაშიც ვაწყდებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 19 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-მდე გაზარდა. სსფ-ს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 3.5% იყო. სსფ-ს უკანასკნელი შეფასებით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოს ზრდა 1.7 პ.პ-ით (პროცენტული პუნქტი) მაღალია. უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელშიც სსფ-ს მეთოდოლოგიით საქართველო შედის, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4%-ს შეადგენს, რაც საქართველოს საპროგნოზო ზრდაზე 3.7 პ.პ-ით ნაკლებია.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6%-ს შეადგენს, რაც ორგანიზაციის თავდაპირველ პროგნოზს 2.2 პ.პ-ით აღემატება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პ.პ-ით მეტია. ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ჯგუფში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველო მიაკუთვნებს, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3.9%-ს შეადგენს. შესაბამისად, რეგიონთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.1 პ.პ-ით მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით მოწინავეა და 147 ქვეყნიდან მეცამეტე ადგილს იკავებს. თუმცა, თუ ანალიზში საბაზო ეფექტის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის აღდგენის კუთხით, საქართველო მსოფლიო ბანკის პროგნოზით ამავე ქვეყნებიდან 68-ე ადგილზეა. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებსაც საქართველო მიმდინარე ეკონომიკური ზრდის პროგნოზით უსწრებს, 2020 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით ბევრად ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე საქართველო. მეორე მხრივ, ქვეყნებისთვის, ვისი ეკონომიკაც მეტად დრამატულად შემცირდა, შემდგომ პერიოდში ეკონომიკური აღდგენა უფრო მარტივი მისაღწევია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი. განცხადება ნაწილობრივ ზუსტია, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებია გამოტოვებული, რაც სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნისათვის აუცილებელია.

[1] ქვეყნების სია, ძირითადად არ მოიცავს განვითარებულ სახელმწიფოებს, როგორიც არის ევროკავშირის, OECD, G8 ჯგუფის მდიდარი ქვეყნები, რომელთა შედარებაც, უფრო ღარიბ ქვეყნებთან ნაკლებად რელევანტურია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი