ნუგზარ ნონიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი ენმ-დან: ბიძინა ივანიშვილის ცემენტის ქარხანამ ხალხი დააავადა და მერი კი არა, ვერცერთი მინისტრი ხმას ვერ იღებს

კასპის მუნიციპალიტეტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად ნუგზარ ნონიაშვილი წარადგინა. ის კასპის მერობისთვის რიგგარეშე არჩევნებზეც იყრიდა კენჭს, რომელიც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. მაშინ ნონიაშვილმა 7049 ხმა მიიღო, რაც მთლიანი ხმების 32,23%-ს შეადგენს. თუმცა ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა მისი ხმებიც მოიპარა და მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, გუნდთან ერთად რადიკალურად განსხვავებული და მკაცრი რეაგირება ექნება.

რას ჰპირდება კასპელ ამომრჩეველს, როგორ აფასებს ოპონენტებს, რას ფიქრობს საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლაზე და როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური პროცესების განვითარება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამ და სხვა თემებზე „ფაქტ-მეტრი“ შეკითხვებს ნუგზარ ნონიაშვილი პასუხობს.

თავდაპირველად გვითხარით, როგორია წინასაარჩევნო გარემო კასპში, როგორ მიმდინარეობს თქვენი კამპანია და თქვენი შეფასებით, რა განწყობებია მოსახლეობაში?

ჩვენთვის ეს გარემო უცხო არ არის. მე-9 წელია „ქართული ოცნების“ პირობებში გვიწევს საარჩევნო პროცესებში სრული შემადგენლობით ჩართვა. როგორც ყოველთვის, სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოიყენება უზარმაზარი რესურსები. არა მხოლოდ საჯარო სექტორის, ეს არის ფინანსური რესურსი, არის კრიმინალური თვალსაზრისით. ადამიანები ჰყავთ დაშინებული, მოსყიდული. ძალიან ცუდად იყენებენ ასევე სოციალურად დაუცველთა მდგომარეობასაც. აშინებენ, რომ მოუხსნიან დახმარებას და ა.შ.

გაქვთ აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები?

მე ამ წუთში ოფიციალური ფაქტებით არ გესაუბრებით, თუმცა იმ ადამიანებისგან ვიცი, ვისაც ეს შეხებია. ისინი ამაზე შეხვედრების დროს გვესაუბრებიან. 8-9- წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს ინფორმაცია, რომ 4-5 თვით ადრე უხსნიან სოციალურ დახმარებებს და მერე აშანტაჟებენ, დახმარების აღდგენას ჰპირდებიან და ამით ყიდულობენ მათ მხარდაჭერას. რაც შეეხება კრიმინალების საკითხს, რაღაცა პერიოდი აქვთ ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე და დაიწყებენ „ჩადებებს“, მერე „დაავერბორკებენ“, დაიწყებენ ხოლმე პირობითის მოხსნას, „ლიშენიან“ პირებზე მართვის უფლების აღდგენას და ამ გზით ცდილობენ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას.

ახლა რა ხდება, ისევ იკვეთება მსგავსი ქმედებები „ქართული ოცნების" მხრიდან?

იგივე გრძელდება დღესაც. ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობენ. რაც აპრობირებული აქვთ, კარგად ირგებენ ქალამანივით. ყველა არჩევნებზე კი ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ, რაღაც სიურპრიზები გველოდება ხოლმე და ახლაც ამ მოლოდინში ვართ, გარდა იმ წარსული ბინძური გამოცდილებისა, რაც ამ დრომდე ვიხილეთ. მეტსაც გეტყვით, ბოლო 2 არჩევნები (საპრეზიდენტოს არ ვგულისხმობ, ეს კიდევ ცალკე საკითხია) ისე ჩაატარეს, პროგრამა არ ჰქონდათ. რომ დავდიოდით შეხვედრებზე მოსახლეობასთან და ჩვენ გეგმებსა და ხედვებზე ვესაუბრებოდით, ამათ არ ჰქონდათ არანაირი სტრატეგია, გარდა იმისა, რაც ზემოთ ვახსენე - სხვადასხვა რესურსით ხმების მოპოვების იმედისა.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი არჩევანს ზეწოლისა და გავლენების ქვეშ აკეთებს და რეალურად ის შედეგები არ გვაქვს, რასაც ვიღებთ?

„ქართული ოცნების“ ფინანსური რესურსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებია, რომელთა რაოდენობას არსებული ინვენტარი არ ყოფნის. მედროშეებად მიღებული არაკომპეტენტური ადამიანები ჰყავთ, რომლებსაც სპეციალურად არჩევნებისთვის იყენებენ. სრული სახელწოდებები არ იციან მათი სამსახურის და ფუნქციების. შიგნით, რომ სკამიც კი არ აქვთ საჭირო რაოდენობის, გარეთ გამოდიან თანამშრომლები და სკვერში ჩრდილს ეძებენ, რომელი ხის ქვეშ დადგნენ, დაელოდონ 6 საათს, რომ სახლში გაიქცნენ შემდეგ დაელოდონ კალენდარს, რომ თვის ბოლოს ხელფასი აიღონ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 7-8- ხმა უნდა მიუტანონ ოჯახიდან.

თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ისევ კენჭი გეყარათ მუნიციპალიტეტში, სადაც გასულ წელს შუალედური არჩევნები ჩატარდა და მერობის კანდიდატი იყავით, მაშინ ხმების 32,23% მიიღეთ. ამ ერთ წელში რა შეიცვალა და რატომ ხართ დარწმუნებული გამარჯვებაში?

გასულ წელს კასპის მუნიციპალიტეტში 1000 ბიულეტენი იყო გაბათილებული და აქედან 80% ბუნებრივია იქნებოდა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“. 888 ბიულეტენი კი პირადად მე, როგორც მერობის კანდიდატს გამიბათილეს გასულ არჩევნებში. ის რაც მათ „ქართული ოცნების კანდიდატისთვის“ დაწერეს იყო მათემატიკური ციფრი, რომელიც აცდენილი იყო რეალობას. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს რომ თავი დავანებოთ, გავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ, უბანში, სამეზობლოში, ნათესავებში, ვინ არის ბედნიერი, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით. როგორი სახეებით დადის მოსახლეობა.

მიუხედავად ამ ვითარებისა, მაინც გაფორმდა ის შედეგები, რასაც აპროტესტებდა „ნაციონალური მოძრაობა“. თავდაპირველი მუხტი, რაც აქციების დროს იყო, თანდათან შენელდა. ახლაც თუ მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

მე და ჩემს რაიონულ ორგანიზაციას გადაწყვეტილი და გააზრებული გვაქვს რა გზასაც ვადგავართ. ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი მომავლისთვის კეთდება. ნებისმიერი ინსტიტუცია უნდა დავიკავოთ, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ უკავია. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ჩამოყალიბებული კრიმინალური რესურსი. 8 თვის ბავშვის (რაფალიანცის) მკვლელობის საქმით მოსული ხელისუფალი, არასოდეს არ იქნება პროგრესული. ეს ძალა მე მკვლელობასთან მაქვს გათანაბრებული.

მსოფლიომ დაამარცხა თითქმის პანდემია, ყოველ შემთხვევაში ისწავლა მასთან ბრძოლა, ჩვენ დღეს ყველაზე ფატალური შედეგები გვაქვს, ინდოეთს გადავაჭარბეთ გაორმაგებული სტატისტიკით. ამიტომ არის „ქართული ოცნება“ მკვლელი ძალა. ამიტომ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის რომ დავიკავოთ ყველა ინსტიტუტი კანონიერების ფარგლებში. შედარებას გავაკეთებ, მცირეწლოვან ბავშვს რომ ასანთი აქვს ხელში, ხომ საშიშროებას წარმოადგენს, სახლისთვის, მეზობლებისთვის, ამიტომ ეს ასანთი ყველამ უნდა წავართვათ. იგივეა, ბომბთანაა გათანაბრებული „ქართული ოცნება“, ეს ასანთი უნდა გამოვართვათ მას, რომ მთლად ისე არ გადაგვბუგოს, რომ მომავალ თაობას ისევ ჩვენი გზის გავლა დასჭირდეს.

რა გეგმა გაქვთ, თუ ისევ ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი ამ არჩევნებზე?

2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ 48% დაიწერა. უმრავლესობა პროპორციულ ნაწილშიც მას არ ენდობა და ის ფულის ტომრები რომლებიც დააყენეს ხოჯევანიშვილისნაირების სახით, რომლებიც ახლა გემს ტოვებენ თავიანთი მოსაზრებით, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და დაანახონ, რომ ვითომ ოპოზიციაა, ფულის სუნი აქვთ. ბოსტნეულით მოგებული არჩევნებით წარმოგიდგენიათ, რა ღირსება უნდა შერჩეს ხოჯევანიშვილს? ის უკვე პოლიტიკურ „ლაფატკაზეა“ დადებული. ჩვენ ხედვა გვაქვს მომავლის, წარსულის გამოცდილება გვაქვს. ჩვენ რომ დავდივართ და მოსახლეობას გეგმებს ვაცნობთ, ისინიც ხომ დადიან კარდაკარ და მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკას აკეთებენ, რამდენი ამომრჩეველია აქ, მხოლოდ ამ კითხვას სვამენ, ხმას არ აღებინებს მათ უკვე საზოგადოება. დანახვა აღარ უნდათ ამ ლურჯი ბუკლეტების. მერე დასხდებიან სუსთან, მერის წარმომადგენელთან, პოლიციის წარმომადგენელთან და განიხილავენ, ვის ვისით მოუგვარონ. გადმოშლიან წინა არჩევნების ფურცლებს, ვის ფული აქვს აღებული 20-30 თუ 50 ლარი, ვის ბოსტნეული აქვს აღებული და აი ასე ცდილობენ ისევ მათემატიკური ციფრის დაწერას. ხალხი ძალიან გაბრაზებულია და მათი მოტყუება „ოცნებას“ ვეღარ გამოუვა.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ სწორედ ეს გაბრაზებული მოსახლეობა ხმას გახარიას გუნდს მისცემს, ამას თუ ითვალისწინებთ?

ლოგიკურია და გეტყვით რატომაც. გახარია არის ამ ბოროტების ძალის წარმონაქმნი და მისი პარტია. თუ ვინმეს მართლა აქვს განცდა, რომ ეს მართლა ოპოზიციაა, მალე დარწმუნდება რეალობაში. არ აქვს მნიშვნელობა რაც უნდა დაარქვას ამ პარტიას. გახარია თანამონაწილე კი არა იდეს ავტორია გავრილოვის საქართველოში შემოყვანისა. მხოლოდ იმას ნუ ვამბობთ, რომ თვალები დაგვთხარა მისმა გაცემულმა ბრძანებამ, ის შსს მინისტრი იყო და მაგის გარეშე ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა და გაფრინდებოდა საქართველოს საზღვარზე და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც კანონით ეკრძალებოდა აქ შემოსვლა, უფლება მისცა, რომ შემოსულიყო საქართველოში.

მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, მან თქვა რომ დაპირისპირება ჰქონდა გუნდში და პრემიერის პოსტი დატოვა, წავიდა „ქართული ოცნებიდან“

გარკვეული პერიოდის წინ ბიძინა ივანიშვილმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავდა. გახარია ამისთვის უკვე გამზადებული იყო. მის გუნდში ის ყველაზე ნიჭიერი აფერისტი ადამიანია, ვითომ ქარიზმატული. მას ეჭირა სამთავრობო გუნდი, წინამორბედებისგან განსხვავებით და აი ამ კრიტერიუმით შეარჩია ის ივანიშვილმა ოპოზიციისთვის. გადახედეთ თუნდაც რეგიონში, პარტია დაკომპლექტებული ჰყავს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებით. მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25-მდე პოლიციელი გამოუშვეს თითქოს, გახარიას მხარდაჭერის გამო, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ესენი ის პირები არიან, რომლებიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში იყვნენ დანიშნული და „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დატოვა სამსახურებში და ახლა გახარიას გადააყოლეს ესენი.

გიორგი ხოჯევანიშვილმა საშემოდგომო სესიის დაწყებისასაც გააკეთა განცხადება, რომ მათი გუნდის წევრებზე მასობრივი ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება.

გახარიამ თავიდან ვითომ დაიწყო, დრაივი აკრიფა, მაგრამ მალევე დაიწვა, ახლა უკვე ეს ტექნოლოგია მოიგონეს, იმისთვის, რომ დააჯერონ ხალხს, ის რაც მათ სურთ. გუნდს უძლიერებენ ხელოვნურად. ის გამოშვებული პოლიციელების ნახევარი მაინც ხომ მის გუნდში გადავიდა, სხვაგან სად აქვთ წასასვლელი. კასპშიც იყო შემთხვევები, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა სამსახური და გახარიას გუნდში გადავიდა. რომ არ ყოფილიყო ეს ახალი გაერთიანება სად წავიდოდნენ ხო ეს ადამიანები? ანუ ესენი იკვებებიან ერთი ჯამიდან. გარდაუვალია, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდეს შემოდგომისთვის, შარლ მიშელის მაგიდის აყირავებაც მაგას ნიშნავდა. უწევს ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მანამდე ბინძური განცხადებებით კვებავენ საკუთარ ამომრჩეველს.

ამომრჩევლის სიცრუით გამოკვებაზე საუბრობენ თქვენი ლიდერის მისამართით მმართველ გუნდში, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დააანონსა საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ამ დრომდე ისევ გვესმის მისი მხრიდან ეს დაპირება. ამ განცხადებას თქვენ რას უკავშირებთ?

მიხეილ სააკაშვილმა როგორც ახლა დააანონსა ჩამოსვლის თარიღი, აქამდე არ დაუანონსებია. თარიღში შედის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი.

ანუ სექტემბერში უნდა ველოდოთ?

რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ კი არა ველოდებით. მაგრამ დღეს ჩამოვა, ხვალ ჩამოვა თუ სექტემბრის ბოლოს, ამას თავადვე განაცხადებს წინასწარ. დეტალები ყველასთვის ცნობილი იქნება, ხმელეთით შემოვა, ზღვით თუ ჰაერით. თქვენ თუ ნახავთ მის განცხადებებს, ის დაკავებისთვისაც მზადაა. რაზე არის საქმე აღძრული ესეც ხომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე პიჯაკების საქმეა აღძრული, ამხელა პოლიტიკურ ფიგურას, რომ მეტს ვერაფერს მოუფიქრებ, საპრეზიდენტო მმართველობა იყო თან იმ პერიოდში. ეს კაცი მზადაა რომ ჩამოვიდეს და ჩვენთან ერთად ჩაერთოს ბრძოლაში. ჩვენ თუ დღეს ვამაყობთ, რომ განათლების სისტემა შეიცვალა, ჯანდაცვის სექტორი, ჯარი და ა.შ. გაუმჯობესდა, ამ კაცმა შექმნა ყველაფერი და მისი გუნდის ძალისხმევის შედეგია.

ბატონო ნუგზარ საუბრობენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მუხტის ასაწევად გამოიყენებს და სააკაშვილის ჩამოსვლით ქვეყანაში არეულობის დაწყებისთვის მოამზადებს ნიადაგს.

არა, ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო. აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელახლა წავიდეთ ექსპერიმენტზე. ხალხმა ხომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით უდავოდ, უკომენტაროდ დამარცხებულია ბიძინა ივანიშვილი.

დავუბრუნდეთ ადგილობრივ პრობლემებზე, თქვენ პირადად რას ჰპირდებით კასპელ ამომრჩეველს?

გულსატკენია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში სულ ერთი და იგივე პრობლემები იკვეთება და არცერთი მათგანი არ მოგვარებულა. 2012 წლიდან წავედი საჯარო სამსახურიდან და იგივე პრობლემებია, რაც მაშინ იყო. მე გაგაცნობთ 5 პრიორიტეტს, რაზეც ვაპირებ მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ 5 კი არა 500-იც იქნება ჩემი მერობის 4 წლიან პერიოდში, მაგრამ ძირითად საკითხებს გაგიზიარებთ.

პირველი ეს იქნება პროფესიონალი გუნდის შეკრება საჯარო სამსახურებში, მათ შორის სხვადასხვა პარტიიდან. არ გამოვრიცხავ, ყოფილმა თანამშრომლებმაც შეინარჩუნონ სამსახურები, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები საკუთარ საქმეში.

მეორე, კასპი არის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ინდუსტრიული ზონა, რაც მონაპოვარია ნამდვილად. დედაქალაქთან და ავტობანთან ახლოსაა, რკინიგზაა და ბუნებრივი წიაღისეული. აქ ბევრი წარმოებაა, ერთ-ერთი გიგანტი წარმოებაა ჰაიდელბერგ-ცემენტი. ეს ობიექტი რომ ხელფასებს გადაიხდის, საგრძნობლად ეტყობა ხოლმე ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკას. მოგეხსენებათ ჰაიდელბერგ ცემენტის მეწილეა ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესს და ასეც იქნება, მაგრამ არა ჩვენი ჯანმრთელობის ფასად. სტატისტიკური თვალსაზრისით ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი მზარდია.

მერი როგორ შეძლებს ეს პრობლემა აღმოფხვრას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის კერძო სექტორი?

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. საჭიროა ქარხანა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით. გამონაბოლქვთან ერთად ხალხისთვის საზიანოა, იქიდან გამოსული ტრანსპორტის გადაადგილება. კი ბატონო კერძო სექტორია, მაგრამ გვაქვს ჩარევის უფლება იმ კუთხით, რომ ცივილური, ევროპული, თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა აღიჭურვოს ნებისმიერი წარმოება, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს იქ მყოფ საზოგადოებას. თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, თუნდაც ხმაურის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა შეუძლია ეს მერს. მთავრობის საპარლამენტო დონეზე დააყენოს, სპეციალური კონცეფცია ექნება მომზადებული და რომელი პარტია არ დაუჭერს ამ კონცეფციას მხარს. კი ბატონო ბიზნესმა აკეთოს თავის საქმე, მაგრამ არა ჯანმრთელობის ხარჯზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არცერთმა მერმა არ სცადა ამ პრობლემის მოგვარება?

ყოველ შემთხვევაში, არსებულ მოცემულობას არაფერი არ ეტყობა. როგორც გითხარით ბიძინა ივანიშვილისაა ეს ქარხანა და რომელი მერი კი არა რომელი პარლამენტარი და მინისტრი გაბედავს რაიმეს თქმას. თუნდაც გარემოს დაცვის მინისტრი, რომლის პირდაპირი პრეროგატივაა ანგარიშებში ასახოს არსებული სურათი. მავნე ნივთიერების გამოფრქვევაზე ვის რომელი რეპორტი ახსენდება ჰაიდელბერგ ცემენტთან დაკავშირებით? ვინ გაბედავს, ლოგინიანად ააფეთქებს ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი. რაც ყველაზე საყურადღებოა, სხვა მუნიციპალიტეტშია ეს ობიექტი რეგისტრირებული და ჩვენ ხომ გვაქვს გიგანტი წარმოებები, რომელთა საშემოსავლო, დღგ-ს გადასახადი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და ადგილობრივში შემოდის ქონების გადასახადი და წიაღისეულის მოპოვების გადასახადი, ასევე მიწის გადასახადი. იმის გამო, რომ ეს ქონება სხვა მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, ქონების გადასახადიც იქ მიდის და კასპს, ისედაც მწირ ბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი ამ სარგებელსაც ვერ იღებს. თუ არ ვცდები თეთრიწყაროშია რეგისტრირებული ეს ქარხანა. ესეც პარლამენტის დონეზეა მოსაგვარებელი. პარლამენტში სწორედ მერმა უნდა ჩაიტანოს საკითხი, თორე იქ ისე არავინ დაინტერესდება.

პრიორიტეტები ახსენეთ და კიდევ რა საკითხების გადაჭრას გეგმავთ მერად არჩევის შემთხვევაში?

5000 ნერგი მინდა ამ 4-წლიან ვადაში რომ დავრგო. შესაძლებელია, ამ პროცესში თანამონაწილე იყოს თუნდაც ჰაიდელბერგი, ან სხვა წარმოებები, მაგრამ დიდი პროცენტი ჩადებული იქნება მუნიციპალიტეტის სახსრებით. 2 ჰექტარ ფართობზე სკვერი გვინდა გავაკეთოთ ქალაქის ცენტრში, თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა ისარგებლებს.

ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებაა მომდევნო პრიორიტეტული საკითხი. კასპში არაერთი ხეობაა, რომლებიც ზღვის დონიდან ბაკურიანს უთანაბრდება სიმაღლით. თბილისიდან საათნახევარში ჩვენ ბაკურიანის დონის სიმაღლეზე შეგვიძლია ავიდეთ. გარდა იმისა რომ კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული ძეგლებით, აი ეს ბუნებრივი პოტენციალი უნდა ავითვისოთ.

მეოთხე პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. გარდა ინდუსტრიული ტექნოლოგიებისა, სოფლის მეურნეობას ოდიდგან მიჰყვება ჩვენი გლეხობა. როგორც მეხილეობას, ისე მებოსტნეობას. ამ კულტურებს განახლება სჭირდება. ძალიან გემრიელია ჩვენი ვაშლი, ბოსტნეული და ა.შ. მაგრამ თანამედროვე კულტურები უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას, რაც აპრობირებულია თანამედროვე ბაზრებზე. ასევე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას უნდა შევუწყოთ ხელი. მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს ფერმერს, რომ აღარ ეშინოდეს მას რომ მოიყვანოს მოსავალი სად წაიღოს.

ამჟამად არ არის კასპში სამაცივრე მეურნეობები?

გამართული ფერმერები ვინც არიან მათ აქვთ მაცივრები, ისიც მხოლოდ თავისი პროდუქტის შესანახად. მე ამას არ ვგულისხმობ. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობით, მუნიციპალიტეტის ჩარევით. ეს უნდა იყოს სპეციალური დიდი სამაცივრე მეურნეობა თავისი ბაზრით, მიმართულებით. 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება უკრაინასთან, რომ აქ იქნებოდა სამაცივრე მეურნეობა და აქედან მოხდებოდა უკრაინის სამაცივრე მეურნეობაში გატანა და შემდეგ იქიდან ევროპის ბაზარზე. აი ამასთან ბმაში გავაკეთებთ ჩვენ ყველაფერს.

მეხუთე პრიორიტეტია მოძველებული ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტების, ხარისხიანი მასალებით აღდგენა. ასევე მნიშვნელოვანია საირიგაციო სისტემა, სასმელი წყალი, რაც დღეს პრობლემაა კასპის მუნიციპალიტეტში.

სხვათა შორის სწორედ სასმელი წყლის საკითხი დასახელდა მიზეზად, ყოფილ და ამჟამინდელი მერის დაპირისპირების შემდეგ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ალბათობა არის, რომ სასმელი წყლის საკითხს მოჰყვა მათი ჩხუბი, მაშინვე უნდა გამოსულიყო ორივე, ვიზუალურად გამოჩენილიყვნენ და ისე დაედასტურებინათ მოხდა, თუ - არა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება და რამ გამოიწვია ეს. ახლა რომ გამოდიან, ეს უკვე დაგვიანებულია. ბუნდოვანია პოლიტიკა იყო მიზეზი თუ ტენდერები და ა.შ.

წყლის მიწოდების კუთხით რა მდგომარეობაა კასპში, რეალურად დგას ეს პრობლემა დღის წესრიგში?

ქალაქში 3 მკვებავი წყაროა და გრაფიკით მიეწოდებათ. არის სოფლებში, სადაც წყალი საერთოდ არ მიეწოდება მოსახლეობას. აი მაგალითად, კასპის ერთ-ერთ დასახლებაში, მიქელწყაროზე 260 000 ლარი არის გასულ წელს გახარჯული სასმელ წყალზე, მაგრამ წყალი არ არის. რისი ბრალია? არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის. ფულთან ერთად ხომ დრო იხარჯება. დრო ხომ ყველაზე ძვირფასია. რამდენი ადამიანის პენსიაა ეს 260 000 და შედეგია 0. არამიზნობრივად ბიუჯეტის ხარჯვა კი არის დანაშაული. იგივეა, რომ ფული მოიპარონ და სახლში წაიღონ.

დასასრულს თქვენს შემოსავლებზეც რომ გვითხრათ ორი სიტყვით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 40 000 ლარი შესწირეთ, თქვენ საიდან გქონდათ ეს თანხა, რა შემოსავლებით გსურთ კასპის მერად მუშაობის დაწყება?

მე არ ავაშენებ სახლს და ინვესტიციის სახით ამ თანხას გადავრიცხავ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ეს იქნება ერთგვარი ინვესტიცია ჩემი მხრიდან და ჩემნაირი კიდევ ბევრია, ვინც იმავენაირად მოქმედებს იქამდე, ვიდრე არ დავასრულებთ „ქართულ ოცნებას“. ეს იყო ჩემი დანაზოგი, მაქვს შემოსავლები სოფლის მეურნეობიდან. მეცხოველეობას ვეწეოდი, ფერმა მაქვს სახლში, ნაკვეთები მაქვს. მანქანები მყავდა, ისიც გავყიდე. ერთადერთი პარტიაა, ვინც დაამარცხებს მკვლელ მანქანას, სხვა პარტიებთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, თქვენ არ ეთანხმებით ასეთ შეფასებას?

როგორც დასაწყისში ვთქვი, შესისხლხორცებულია-თქო. კი როგორ არა. პოლიციას ჩააცვა, ოპერა ააშენა, იციან ადამიანებმა, რომ სამების ეკლესიაზეც დიდი წვლილი მიუძღვის. ისიც ვიცით, რომ მან მოისყიდა ელიტარული საზოგადოება. მიზანმიმართულად აკეთებდა ის ამ ყველაფერს. ქრონოლოგიურად მივყვეთ რომელი ინსტიტუციები მიიკედლა. თურმე რის ფასად ხედავთ? მოსვლის დღიდანვე 100 მლნ გადაირიცხა თავის ანგარიშზე. ახლაც უღირს რომ დახარჯოს 1 მილიარდი და მომავალ ოთხ წელში 2 მილიარდი ამოიღოს. ამიტომ მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ როდესაც იმ 20-30 ლარს შესთავაზებენ და თუნდაც აიღონ, საკუთარ შვილებს ჩახედონ ჯერ თვალებში და ისე გააკეთონ არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ეს არის ჩვენი ახალი თაობის მომავლის არჩევნები.


მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი