იდენის დაუდასტურებელი ციტატა და დეზინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელდა ციტატა, რომელიც, პოსტების მიხედვით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ენტონი იდენს მიეწერება. ამასთან, Facebook პოსტებში აღნიშნულია, რომ მოცემული ფრაზა იდენმა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის წინ წარმოთქვა. ენტონი იდენისთვის მიწერილი ციტატა იოსებ სტალინს მიემართება, მის განდიდებას ემსახურება და ენტონი იდენის გადადგომის გადაწყვეტილებას სტალინის გარდაცვალებასთან აკავშირებს. ის Facebook-სივრცეში აქტიურად გავრცელდა და ჯამში დაახლოებით 7 ათასი ინტერაქცია აქვს (მაგალითად, იხილეთ Facebook-ჯგუფი „იოსებ სტალინი“, Facebook-ჯგუფი „СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი“, ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, Facebook-ჯგუფი „👀🧠მახვილი თვალი 3D.🎭🧚♀️“, Facebook-ჯგუფი „ქართველები იტალიაში ტოსკანა georgiani in italy“).

გავრცელებული ციტატა უცვლელად შემდეგნაირად ჟღერს:

ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებული ენტონი იდენის ციტატის სანდო წყაროებში მოძიება ვერ მოხერხდა. კერძოდ, სხვადასხვა საძიებო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, მსგავსი ან იდენტური განცხადება არც ქართულ, არც ინგლისურ და არც რუსულ წყაროებში არ მოიპოვება და მხოლოდ რამდენიმე ქართულენოვანი Facebook-პოსტის სახით არსებობს, რომლებიც ზემოთაა ჩამოთვლილი.

ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ ენტონი იდენს იოსებ სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, პატივისცემა და გარკვეული სიმპათიები ნამდვილად გააჩნდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, როდესაც ჯერ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მდივნის (მინისტრის) პოსტს და სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. იდენი სტალინს პირველად 1935 წელს შეხვდა და შეხვედრის შესახებ თავის ერთ-ერთ მემუარული ჟანრის წიგნში „დიქტატორების პირისპირ“ (Facing Dictators) წერდა: „სტალინის პიროვნება გაზვიადების გარეშე წარმოდგებოდა. მას კარგი ბუნებრივი მანერები ჰქონდა, ალბათ, ქართული მემკვიდრეობით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ მას შეწყალების უნარი არ გააჩნდა, მე მის გონებას პატივს ვცემდი და სიმპათიასაც კი ვგრძნობდი, რომლის გაანალიზებაც ვერასდროს შევძელი. ალბათ, ეს მისი პრაგმატული მიდგომის გამო იყო. მე ვერ დავიჯერებ, რომ მას მარქსთან რაიმე კავშირი ჰქონდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მასზე ნაკლებად დოქტრინული არავინ შეიძლება იყოს“.

იდენის სტალინთან შეხვედრებიდან აღსანიშნავია, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ბოლოს იდენის ვიზიტი რუსეთში, სადაც ის სტალინთან და საბჭოთა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. ასევე ვიზიტის ფარგლებში მოსკოვთან გამართული ბრძოლების შედეგად განადგურებულ ფრონტსაც ეწვია. იდენის ავტობიოგრაფიაში აღნიშნული ვიზიტის შესახებაცაა საუბარი. Facebook-ში გავრცელებული ციტატის გადასამოწმებლად/მოსაძებნად „ფაქტ-მეტრმა“ ენტონი იდენსა და სტალინთან დაკავშირებით არსებული აკადემიური სტატიები, ბიოგრაფიული მასალები, შეხვედრის ჩანაწერები და სხვა რელევანტური მასალები შეისწავლა (მაგალითად, იხილეთ ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4, ბმული5, ბმული6, ბმული7, ბმული8, ბმული9 და ა.შ.).

აღნიშნული მასალების გაანალიზების შედეგად იდენის მიერ სტალინის დადებითად დამახასიათებელი სხვა ფრაზაც აღმოჩნდა: „სტალინი იყო ყველაზე ძლიერი მომლაპარაკებელი, რომელიც მინახავს. მას მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ის მის სიტყვაში აგრესიული არასდროს იყო, არც უხეში, არამედ მშვიდი და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაჟინებული იყო. ეჭვგარეშეა, რომ სტალინი დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი“.

თუმცა სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებული ციტატის იდენის მიერ წარმოთქმა ან მემუარებში დაწერა, არ დასტურდება. ასევე, იდენის ცნობილი ციტატების ჩამონათვალში სტალინის შესახებ სწორედ ბოლოს დასახელებული ფრაზა გვხვდება, ხოლო სტალინის სიკვდილით „ლომების ეპოქის“ დასრულების შესახებ ფრაზა - არა. მსგავსი ფრაზა ქართულ პროპაგანდისტულ წყარო „საქართველო და მსოფლიოს“ სტალინისა და იდენის შესახებ სტატიებშიც არ არის, არამედ ამ შემთხვევაშიც იდენის მემუარებიდან არის მოყვანილი ამონარიდი.

სტალინის შესახებ იდენის გამონათქვამების რუსულ წყაროებში ძიებითაც მხოლოდ იდენის მემუარებიდან ზემოთ უკვე დასახელებული ციტატები გვხვდება, ხოლო იდენის გადადგომასთან დაკავშირებული ფრაზა არც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში არსებობს.

შესაბამისად, ციტატის - „სტალინის სიკვდილით მსოფლიოში დასრულდა ლომების ეპოქა და დაიწყო ვირთხების ეპოქა!... პოლიტიკა საინტერესო აღარ არის. უფრო ზუსტად კი, ის საერთოდ შეჩერდა და ადგილი დაუთმო ბეღლის ვირთხების ურთიერთგარიგებებს!!!",- არსებობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება, მათ შორის, არც ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებულ პოსტებში არ არის მითითებული რაიმე წყარო, და, შესაბამისად, ენტონი იდენისთვის მისი მიწერა შეცდომაში შემყვანია.

ამასთან, Facebook-პოსტებში ციტატის შემდგომ არის მინაწერი, რომ ენტონი იდენი ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ გადადგა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ იდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად 1955 წელს დაინიშნა, მაშინ, როდესაც სტალინი 1953 წელს უკვე გარდაცვლილი იყო. ხოლო 1957 წელს მისი გადადგომა პოლიტიკისადმი ინტერესის გაქრობას ან სტალინის სიკვდილს არ უკავშირდება, არამედ მის გადადგომას სრულიად სხვა მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, მისი გადადგომა „სუეცის კრიზისში“ ბრიტანეთის წარუმატებლობას უკავშირდებოდა. „სუეცის კრიზისში“ ბრიტანეთის „მარცხის“ გამო, იდენის პრემიერობისადმი მხარდაჭერა კონსერვატიულ პარტიაში მკვეთრად შეირყა, თუმცა მას პოლიტიკისადმი რაიმე მიზეზით ინტერესი არ გაჰქრობია და პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას აქტიურად ცდილობდა. კონკრეტულად, როგორც პარლამენტის, ასევე კონსერვატიული პარტიის წინაშე გამოსვლებში „სუეცის კრიზისთან“ დაკავშირებით თავის მართლებას და კონსერვატიული პარტიის ნაწილში მხარდაჭერის შექმნას ცდილობდა. მეტიც, იდენი ციებ-ცხელების კიდევ ერთხელ გადატანის და სტალინის გარდაცვალების მიუხედავად, 1957 წელს სსრკ-ში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა. თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1957 წლის 9 იანვარს გადადგა.

როგორც ისტორიკოსები წერენ, ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა და ჯანმრთელობის გაუარესება იყო ღირსეული მიზეზი გადადგომისთვის, რაც მაინც გარდაუვალი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ იდენი სერიოზულად ავად 1953 წელსაც გახდა, რა დროსაც ის კინაღამ მოკვდა და ბოსტონში ოპერაციის გაკეთება მოუწია. მას შემდეგ იდენის ჯანმრთელობა სერიოზულად იყო შერყეული. აქედან გამომდინარე, სტალინის გარდაცვალების შედეგად „ლომების ეპოქის“ დასრულება და „ვირთხების ეპოქის“ დაწყება, პოლიტიკის უინტერესოდ გახდომა და/ან მისი „დასრულება“, ენტონი იდენის გადადგომასთან არავითარ კავშირში არ არის. ასევე, იდენის გადადგომის შესახებ კონკრეტული დეტალების შესახებ ბევრი ინფორმაცია არაა ცნობილი და ამიტომ კვლავ არსებობს ვარაუდები იდენის გადადგომის შესახებ არსებულ სხვადასხვა ინტრიგასთან დაკავშირებით (ზოგი წყაროს თანახმად, ჯანმრთელობის პრობლემა მართლაც სერიოზული იყო; ზოგი წყაროს მიხედვით, ის მომაკვდინებელი არ იყო და სამედიცინო რჩევა მანიპულირებული იყო და ა.შ.). მსგავს დეტალებზე არსებულ მწირ ინფორმაციებს შორის, იდენის ფრაზა, რომელსაც მას ქართულ Facebook-სივრცეში მიაწერენ, არ არსებობს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი