"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა. „დახმარების გაცემის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შემოსავალი და არა ნივთი, რაც შეიძლება არ ასახავდეს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წელს ეს მიმართულება შეჩერებულია. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 70 ათასმა მოქალაქემ დაკარგა სოციალური დახმარება, რადგან სამინისტრომ მკაცრად დაიწყო ადმინისტრირება, თავიდან დაიწყო შეფასება, მოხდა ნივთების და ქონების საფუძველზე ქულების აწევა. სწორედ ამიტომ ვთავაზობ მთავრობას, გააგრძელოს ის რეფორმა, რომელიც შარშან დაიწყო...“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

ფაქტ-მეტრმა პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება გადაამოწმა და შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება: რამდენად შემცირდა სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რიცხვი? რა ცვლილება შევიდა მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმებში?

სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ჩვენს ქვეყანაში 2005 წელს ამოქმედდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო N 93 დადგენილება სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფორმულა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და ოჯახის საჭიროებები. მას შემდეგ რაც ოჯახი გააკეთებს განაცხადს სოციალური დახმარების პროგრამაზე, სოციალური აგენტი აფასებს ოჯახის შემოსავალს და ქონებას, რომელსაც გარკვეულ სარეიტინგო ქულას ანიჭებს. ფულად სოციალურ დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000-ს არ აღემატება.

2012 წლის 24 აპრილის საქართველოს მთავრობის N149 დადგენილების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიიდან ამოღებულ იქნა რამდენიმე ხანგრძლივი მოხმარების საგნები, რომლებიც მანამდე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთად ითვლებოდა (მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი, პერსონალური კომპიუტერი, ტოსტერი). 2013 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ფორმულიდან ამოღებული იქნა სატელიტური ანტენა (N 93 დადგენილების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი). 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევა კიდევ ერთი ცვლილება. ამ ცვლილების თანახმად, ასაკით პენსიის მიმღები პირებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფორმულისათვის პენსიის ოდენობად (პირის შემოსავალი) ნაცვლად 150 ლარისა, გათვალისწინებული იქნება 110 ლარი.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 2012 წელს საარსებო შემწეობას (ყოველთვიურ ფულად დახმარებას) 163183 ოჯახი (501445 მოქალაქე) იღებდა. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემით დღეს საარსებო შემწეობას 141218 ოჯახი (432165 მოქალაქე) იღებს. თუ ერთმანეთს 2012 წლის და 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით მიმდინარე წელს 21965 ოჯახით და შესაბამისად 69280 მოქალაქით ნაკლები იღებს სოციალური დახმარებას. ამ რიცხვებში მოიაზრება ყველა, ვისაც შეუწყდა ან შეუჩერდა სოციალური შემწეობა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს სოციალური დახმარება გაუორმაგდათ. მანამდე სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის პირველი წევრი იღებდა 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარს. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სოციალური გასაცემელი ოჯახის პირველ წევრზე შეადგენს 60 ლარს, ყოველ მომდევნო წევრზე კი 48 ლარს.

დავით ბაქრაძის განცხადებით „დაახლოებით 70 ათასამდე მოქალაქემ“ სოციალური დახმარება შემდეგი მიზეზების გამო „დაკარგა“: სამინისტრომ მკაცრად დაიწყო ადმინისტრირება; სამინისტრომ თავიდან დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოწმება; სამინისტრომ ნივთების და ქონების საფუძველზე აწია სარეიტინგო ქულები.

საკითხის შესწავლის მიზნით, ჩვენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსაც დავუკავშირდით. სააგენტოს განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოწმებები მუდმივი პროცესია. 2013 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი აქტივობები მანამდეც ხდებოდა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ ადმინისტრირებაში ცვლილებები განახორციელა და 2013 წლის მაისიდან შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციას სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირების შემოსავლის შესახებ უკვე ყოველთვიურ რეჟიმში იღებს.

იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის შემოსავალი და ქონება იმაზე მეტი ფიქსირდება, ვიდრე დეკლარაციაშია მითითებული, ხდება სოციალური დახმარების შეჩერება ან შეწყვეტა. ორივე შემთხვევაში ხდება ოჯახის თავიდან გადამოწმება და თუ მისი სარეიტინგო ქულა არ გადააჭარბებს კანონით განსაზღვრულ 57000-ს, მას ისევ აღუდგება საარსებო შემწეობა. შეჩერების შემთხვევაში, მას აუნაზღაურდება ის პერიოდი, რაც გადამოწმების პროცედურისთვის არის საჭირო. შეწყვეტის შემთხვევაში, ოჯახს ეს პერიოდი არ უნაზღაურდება.

სოციალური დახმარების მიმღები დეკლარაციის შევსების შემდეგ ვალდებულია ქონების შეძენის ან სამსახურის დაწყების შემთხვევაში (დამატებითი შემოსავლის) სოციალური მომსახურეობის სააგენტოში სოციალური დახმარების შესახებ კანონით განსაზღვრულ ვადაში განაცხადოს. ფულადი სოციალური დახმარება უწყდებათ იმ ბენეფიციარებს, ვინც არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება. ხოლო შეჩერება ხდება იმ შემთხვევაში, როცა კანონით განსაზღვრული ვადა გასული არ არის.

2013 წელს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებიდან, მათ, ვისაც შემოსავალი დეკლარაციაში მითითებულს აღემატებოდა, შეუჩერდათ ან შეუწყდათ საარსებო შემწეობა. მოგვიანებით ეს ოჯახები თავიდან გადაამოწმეს და ვისი სარეიტინგო ქულაც 57 000 -ს არ აღემატებოდა, სოციალური დახმარება აღუდგა. რაც შეეხება სარეიტინგო ქულის მინიჭებას, ის არ შეცვლილა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარების შეფასება მოხდა არსებული [ძველი] მეთოდოლოგიით. აღნიშნულის და ასევე ადმინისტრირებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 70 ათასამდე მოქალაქეს შეუჩერდა ან შეუწყდა სოციალური დახმარება.

დავით ბაქრაძე ხაზს უსვამს, რომ სოციალური დახმარების გაცემის საფუძველი შემოსავალი და არა ნივთი (ქონება) უნდა იყოს. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ შარშან ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, თუმცა, ის წელს შეჩერდა.

ჩვენ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც დავუკავშირდით. მისი განმარტებით, წინა ხელისუფლება ნამდვილად აპირებდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფორმულის გადახედვას და შეცვლას. „ახალი ფორმულის შემუშავებისთვის, საჭირო იყო შეცდომების ანალიზი კონკრეტული საოჯახო მეურნეობის მიხედვით. შედეგების გადასამოწმებლად უნდა დაგეგმილიყო საველე სამუშაოები, რასაც ერთ წელზე მეტი მაინც სჭირდება სეზონურობასთან დაკავშირებული უზუსტობის ნიველირებისთვის“, აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საინფორმაციო ბანკის მართვისა და სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსს კაკო დანელიას. ის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში 2006 წლიდან მუშაობს. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ „2012 წელს იგეგმებოდა მიზნობრივი სოციალური დახმარების ძირეული გადახედვა, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შეფასების მეთოდიკის შეცვლა. თუ როგორი იქნებოდა ფორმულა, ამის წინასწარი, ზუსტი შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან ის დამოკიდებული იქნებოდა იმ კვლევის შედეგებზე, რაც ფორმულის შექმნის პროცესში განხორციელდებოდა“.

კაკო დანელიამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ იუნისეფის დახმარებით უკვე დაიწყო ფორმულის შეცვლაზე მუშაობა. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან „ქვეყანაში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია არაფორმალურ სექტორში, ვერცერთი ფორმულა ვერ იქნება დღეს მხოლოდ შემოსავლებზე დამოკიდებული“.

დასკვნა

2013 წელს, სოციალური მომსახურეობის სააგენტომ, შემოსავლების სამსახურიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების შესახებ მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა ან შეუჩერამათ, ვისაც შემოსავალი დეკლარაციაში მითითებულზე მეტი ჰქონდათ. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შეფასება მოხდა არსებული [ძველი] მეთოდოლოგიით. თუმცა, 2013 წლის მაისიდან ადმინისტრირებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. შედეგად, 2013 წელს წინა წელთან შედარებით 21965 ოჯახით (69280 მოქალაქე) ნაკლები იღებს სოციალური დახმარებას.

დავით ბაქრაძე თავის განცხადებაში მართალია, როცა ის წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმაზე საუბრობს. ის ასევე სწორად ასახელებს მოქალაქეების რაოდენობას, ვინც წელს სოციალური დახმარება „დაკარგა“. მართალია ისიც, რომ ადმინისტრირებაში განხორციელებული ცვლილებების გამო მათი რიცხვი, ვისაც შეუჩერდა ან შეუწყდა სოციალური დახმარება, გაიზარდა. თუმცა მტკიცება, რომ სარეიტინგო ქულები ქონების საფუძველზე აწიეს და ამ ოჯახებმა ამიტომ „დაკარგეს“ სოციალური დახმარება, არ დასტურდება და ის არაზუსტია. ამასთან, არ შეჩერებულა რეფორმა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფორმულის ანალიზს და ახალი ფორმულის შემუშავებას გულისხმობს.

შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ბაქრაძის განცხადება: „დაახლოებით 70 ათასმა მოქალაქემ დაკარგა სოციალური დახმარება, რადგან სამინისტრომ მკაცრად დაიწყო ადმინისტრირება, თავიდან დაიწყო შეფასება, მოხდა ნივთების და ქონების საფუძველზე ქულების აწევა...ვთავაზობ მთავრობას, გააგრძელოს ის რეფორმა, რაც შარშან დაიწყო“, არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი