2014

წლის 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა: „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 200 მლნ ლარით გაირღვა. რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მლნ ლარით გაირღვა და მხოლოდ 70%-ით შესრულდა. წყალმომარაგების ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაირღვა და მხოლოდ 55%-ით შესრულდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე   50 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 0%-ით შესრულდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზე გამოყოფილი  450 მლნ ლარი იყო და წლის ბოლოს 0 ლარი დაიხარჯა. მასწავლებელთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა - 2013 წლის გეგმა 5.6 მლნ ლარით გაირღვა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 4 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა. პროფესიული განათლება - 2013 წლის გეგმა 5.5 მლნ ლარით გაირღვა და 2012 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა; მეცნიერების აღდგენის პროგრამა - დაგეგმილი იყო 5 მლნ ლარი და 0 ლარი დაიხარჯა. სასწავლო სამაგისტრო პროგრამები, სადოქტორო გრანტები - 2013 წლის გეგმა 11 მლნ ლარით გაირღვა, 2012 წელთნ შედარებით  დაახლოებით 3 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ ლარით გაირღვა, აქედან ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ბიუჯეტი  266 მლნ ლარით გაირღვა“.

ფაქტ-მეტრი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემებით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.

ცხრილი 1: 2013

წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ტერმინი – „ბიუჯეტის გარღვევა’’ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში არ გვხდება. კოდექსის მიხედვით, ტერმინი „ბიუჯეტის გეგმის შესრულება თუ შეუსრულებლობა’’ გამოიყენება. ზოგადად, ტერმინი -„ბიუჯეტის  გარღვევა“ შეგვიძლია ვიხმაროთ, როდესაც: ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლები გეგმით არ შესრულდა, ან ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ხარჯები სრულად არ იქნა ათვისებული. შესაბამისად, ამ ტერმინის გამოყენებაც გარკვეულწილად განმცხადებელზე და მის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ხარჯების გეგმით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები ოდენობით გამოყენება ეკონომიკისთვის უარყოფით ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ხარჯვით ნაწილში გაწერილ თანხებს თავისი დანიშნულება აქვს და კონკრეტული პროექტების თუ აქტივობების შესასრულებად გამოიყოფა. თუ ფინანსური რესურსი გეგმაზე ნაკლები ოდენობით დაიხარჯა, ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმით განსაზღვრული ოპერაციები, რისი შესრულებაც კონკრეტულ წელს იყო გათვალისწინებული, სრულად არ განხორციელდა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აქტივობები გეგმის მიხედვით სრულდება, თუმცა დაგეგმილ ფინანსურ რესურსზე უფრო ნაკლები იხარჯება. ეს ფაქტი თითქოს ერთი მხრივ კარგია, რადგან გამიზნული აქტივობების განხორციელება უფრო ნაკლები ფინანსებით ხდება, თუმცა მის უარყოფით მხარეზეც შეიძლება საუბარი. როდესაც კონკრეტული ოპერაციის განხორციელება გეგმაზე ნაკლები ფინანსებით ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხარჯები თავდაპირველად სწორად არ იქნა პროგნოზირებული და დარჩენილი თანხები სხვა სექტორის თუ ოპერაციის დასაფინანსებლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო (იმ პროექტების, რისი განხორციელებაც გადაუდებელი სწორედ იმ წელს იყო). ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობა ეკონომიკისთვის არასახარბიელოა.

შესაბამისად, როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ბიუჯეტი 2013 წელს მის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 102 მლნ ლარით გაირღვა, ხოლო დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით კი - 205 მლნ ლარით. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 55 მლნ ლარით გაირღვა და 70%-ით შესრულდა. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ბიუჯეტი მის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 60 მლნ ლარით გაირღვა და 55%-ით შესრულდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 5.6 მლნ ლარით, ხოლო პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით - 5.5 მლნ ლარით გაირღვა. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 11 მლნ ლარით გაირღვა. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 219 მლნ ლარით, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები 266 მლნ ლარით გაირღვა. ეს მონაცემები დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვებთან თანხვედრაშია.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს და მეცნიერების აღდგენის პროგრამას, როგორც ცხრილში არსებული მონაცემებიდანაც ჩანს, ერთი შეხედვით, მათზე ბიუჯეტიდან მართლაც 0 ლარი დაიხარჯა. თუმცა, რეალობაში ეს ასე არ არის. ცხრილი 1-ში არსებული მონაცემები 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდანაა (კერძოდ, თავი 6, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით), სადაც ფაქტიურ შესრულებაში ასახული მონაცემები (0) იმას გვიჩვენებს, რომ თანხები მუნიციპალიტეტებს და მხარჯავ დაწესებულებებს გადაეცათ (ფინანსების გადარიცხვა, მუნიციპალიტეტების და მხარჯავი დაწესებულებებისთვის მათ მიერ დეტალური გეგმის წარმოდგენის გარეშე არ ხდება) და ამ ხარჯების აღრიცხვაც სწორედ მათ მიერ ხდება. სოფლის მხარდაჭერის და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდის ხარჯების შესახებ ინფორმაცია დეტალურად ასევე 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, თუმცა სხვა თავშია (კეძოდ, თავი 3 -  სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები) წარმოდგენილი.

ცხრილი 2:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამების და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მონაცემები

image002 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო; mof.ge   

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი 50 მლნ ლარიდან აუთვისებელმა თანხამ მხოლოდ 270 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გამოყოფილი 448 მლნ ლარიდან კი - 67 მლნ ლარი. რაც შეეხება მეცნიერების აღდგენის პროგრამას, ამის შესახებ მონაცემები უნივერსიტეტებშია თავმოყრილი და მის შესახებ ფაქტობრივი მონაცემების აღრიცხვა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ ხდება. თუმცა, ცხრილი 1-დან ვხედავთ, რომ მეცნიერების აღდგენის პროგრამაზე, დაზუსტებული გეგმით, ბიუჯეტი 0.2 ათასი ლარი იყო (ანუ 5 მლნ ლარიდან გარკვეული პერიოდისათვის გადასარიცხი თანხა მხოლოდ 0.2 ათას ლარს შეადგენდა და დანარჩენი ნაწილი მხარჯავი დაწესებულებებისთვის უკვე გადარიცხული იყო).

როგორც ვხედავთ, განცხადების ამ ნაწილში დეპუტატი აშკარად შეცდა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ  დეპუტატს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის იმ თავზე, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია დეტალურად იყო ჩაშლილი, ყურადღება საერთოდ არ გაამახვილა და შესაბამისად ამ პუნქტების ამსახველი რეალური მონაცემები გამორჩა.

ზემოთ განხილული სექტორების ბიუჯეტების უფრო რეალური მდგომარეობის ანალიზისთვის ჩვენ 2012 წლის მონაცემებიც განვიხილეთ.

ცხრილი 3: 2012

წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები

image003 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო; mof.ge  

ცხრილი 2-ში არსებული მონაცემებიდან ნათელია, რომ 2012 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 62 მლნ ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის ანალოგიურ სექტორში არსებულ ბიუჯეტის გარღვევაზე 102 მლნ ლარზე ნაკლებია. 2012 წელს რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ბიუჯეტი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 971 ათასი ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის მონაცემზე (55 მლნ ლარი) გაცილებით ნაკლებია. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 31 მლნ ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის მონაცემზე (59 მლნ ლარი) ასევე ნაკლებია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და ხელშეწყობის ბიუჯეტი 2012 წელს 1.5 მლნ ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (5.6 მლნ ლარ) ნაკლებია. 2012 წელს პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მლნ ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის მონაცემზე (5 მლნ ლარი) ასევე ნაკლებია. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2012 წელს 5 მლნ ლარით გაირღვა, რაც 2013 წლის მონაცემზე (11 მლნ ლარი) ნაკლებია. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 28 მლნ ლარით გაირღვა და ისიც 2013 წლის მონაცემზე (218 მლნ ლარი) ნაკლებია. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ბიუჯეტს ის 2012 წელს 17 მლნ ლარით გაირღვა და 2013 წლის მონაცემზე (266 მლნ ლარი) საგრძნობლად ნაკლებია.

როგორც ამ მონაცემებიდან ვხედავთ, 2012 წელს ზემოთ განხილული სექტორების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში 2013 წელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო.

ცხრილი 4:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამების და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მონაცემები.

image004 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო; mof.ge  

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, 2012 წელს აუთვისებელმა თანხამ 89 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის მონაცემზე (269 ათას ლარი) ნაკლებია, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტიდან აუთვისებელმა თანხამ - 9 მლნ ლარი, რაც 2013 წლის მონაცემზე (67 მლნ ლარი) კვლავ ნაკლებია. რაც შეეხება მეცნიერების აღდგენის პროგრამას, ის 2012 წელს არ არსებობდა და ამ პროგრამისთვის თანხის გამოყოფა არ ხდებოდა. ამიტომ ჩვენ 2012 წელს ამ პროგრამასთან ყველაზე ახლოს მდგომი მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ბიუჯეტი განვიხილეთ. როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, ამ პროგრამისთვის 27 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და წლის ბოლოს მის ბიუჯეტში 9 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა.

ცხრილი 5:

 2012, 2013 წლის საგანმანათლებლო პროგრამების მონაცემები

image005 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო; mof.ge  

როგორც ცხრილი 5-დან ვხედავთ, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე და პროფესიულ განათლებაზე 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 4 მლნ-ით ნაკლები თანხა დაიხარჯა, ხოლო სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები, დოქტორანტურის პროგრამები და ახალგაზრდების წახალისებაზე კი – დაახლოებით 3 მლნ ლარით ნაკლები. ეს მონაცემები კი ზუსტად დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვებია.

დასკვნა

ზურაბ ჯაფარიძის განცხადების გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამების, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და მეცნიერების აღდგენის პროგრამების მონაცემებისა, მის მიერ დასახელებული რიცხვები ზუსტია. ასევე, 2013 წლის 2012 წლის მონაცემებთან შედარებისას გამოჩნდა, რომ 2013 წელს დეპუტატის მიერ დასახელებული სექტორების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წინა წელთან შედარებით უფრო დიდი გარღვევები და უარყოფითი დინამიკა დაფიქსირდა.

ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი