მიმდინარე წლის 3 მაისს, იმერეთის რეგიონში მედიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. „უკვე მომავალი თვიდან ჩვენ ვგეგმავთ სოფლის ექიმებს გავუზარდოთ ხელფასები 30%-ით, ასევე ექთნებს… ჩვენ ვგეგმავთ კლინიკების მშენებლობას უახლოეს მომავალში. ასევე რაიონებში არსებული კლინიკების რეაბილიტაციას და მათ აღჭურვას თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ასევე, ჩვენ დავიწყეთ ამბულატორიების მშენებლობა და წლის ბოლომდე 82 ამბულატორია აშენდება“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე გადაამოწმა.

სოფლის ექიმის

სახელმწიფო პროგრამა  მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.  სოფლის ექიმის პროგრამის მოსარგებლეებია სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა.

სოფლის ექიმი მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ახორციელებს. ის ასევე უზრუნველყოფს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების პაციენტისთვის მიწოდებას. სოფლის ექიმის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება თანაგადახდას პაციენტის მხრიდან არ ითვალისწინებს.

სოფლის ექიმი აღნიშნული მომსახურეობისთვის ყოველთვიურად 500 ლარს, ხოლო ექთანი 350 ლარს იღებდა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების თანახმად, სოფლის ექიმის მომსახურეობის მიმწოდებლები კერძო ოპერატორი კომპანიები (სამედიცინო სადაზღვეო ორგანიზაციები) იყვნენ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილების

ფარგლებში, სოფლის ექიმის მომსახურეობის თანადაფინანსების პრინციპი განისაზღვრა. 2012 წელს სადაზღვეო ორგანიზაციების (თავის სადაზღვეო რაიონებში) წილი თანადაფინანსებაში 25%-ს შეადგენდა. ამავე დადგენილების თანახმად 2013 წელს მათი წილი თანადაფინანსებაში - 50%, 2014 წელს - 75%, და 2015 წელს კი - 100% უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით, დაფინანსების სისტემაში ცვლილებები შევიდა. 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N397 დადგენილების

თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაფინანსების არსებული მოდელი შეიცვალა და სოფლის ექიმის პროგრამით განსაზღვრული მომსახურეობა სრულად ფინანსდება სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან სოფლის ექიმების და ექთნების მომსახურეობის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, სოფლის ექიმის მომსახურეობის ღირებულება თვეში 650 ლარს, ხოლო ექთნის 455 ლარს შეადგენს. ამასთან, სამინისტრო უზრუნველყოფს სოფლის ექიმებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის და „ექიმის ჩანთის“ ცენტრალიზებულ შესყიდვას (ექიმის ჩანთა მოიცავს ამბულატორიული მომსახურეობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს და სამედიცინო დანიშნულების საგნებს). ამასთან, სოფლის ექიმები განახლებისთვის საჭირო მედიკამენტებს შეღავათიან ფასებში შეისყიდიან.

სოფლის ექიმი კერძო პირია, რომელიც ხშირ შემთხვევაში არცერთი ამბულატორიების თანამშრომელს არ წარმოადგენს. მათ თავიანთი ხელფასიდან უწევთ როგორც იჯარის, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდა. სამინისტროს ინფორმაციით სოფლის ექიმები უახლოეს მომავალში ამბულატორიების თანამშრომლები გახდებიან, შესაბამისად ისინი იჯარის და კომუნალური გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ჩვენ ასევე დავინტერესდით პრემიერის განცხადების იმ ნაწილით, რომელიც ინფრასტრუქტურულ გეგმებს შეეხებოდა. ამბულატორიების მშენებლობა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს განკარგულების შესაბამისად განისაზღვრა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,

წლის ბოლომდე 82 ამბულატორია აშენდება. ამ ეტაპზე, 19 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა/მოწყობა დასრულებულია, სამშენებლო სამუშაოები კი 63 სოფელში მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა/მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში იგეგმება მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტი მუშავდება. აგრეთვე დაგეგმილია რეგიონებში არსებული იმ საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება, რომლებიც სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით არიან დაფუძნებული.

  დასკვნა

მიმდინარე წლის 1 მაისიდან სოფლის ექიმის მომსახურეობის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე სოფლის ექიმის ხელფასი 650 ლარს, ხოლო ექთნის - 455 ლარს შეადგენს. ამასთან, სამინისტრო სოფლის ექიმებს სამედიცინო დოკუმენტაციას და „ექიმის ჩანთას“ (რომელიც ამბულატორიული მომსახურეობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს და სამედიცინო დანიშნულების საგნებს მოიცავს) ერთჯერადად გადასცემს. შემდგომ კი სოფლის ექიმები განახლებისთვის საჭირო მედიკამენტებს შეღავათიან ფასებში შეიძენენ.

ამ ეტაპზე ამბულატორიები 19 სოფელში აშენდა/მოეწყო, სამუშაოები კი  63 სოფელში მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წლის ბოლომდე 82 ამბულატორია აშენდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „მომავალი თვიდან ჩვენ ვგეგმავთ სოფლის ექიმებს გავუზარდოთ ხელფასები 30%-ით, ასევე ექთნებს... ჩვენ დავიწყეთ ამბულატორიების მშენებლობა და წლის ბოლომდე 82 ამბულატორია აშენდება,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5662 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია