2014

წლის 23 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ონოფრიშვილმა განაცხადა: “2013 წელს მთელს ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ზრდა იყო მთლიანად შემცირებული, ეს არ ეხება ამეიერკავკასიას და მარტო დსთ-ს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპას. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ეკონომიკური ზრდა არ იყო ან იყო 1%-ზე ნაკლები.”

ფაქტ–მეტრი დაინტერესდა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ზრდით და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 წელს მსოფლიოს ეკონომიკა გაიზარდა 3.2 %-ით, რაც საშუალო მაჩვენებელია. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას და დსთ-ს ქვეყნებს 2013 წელს რეგიონში არსებული ქვეყნების უმრავლესობაში მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირება აღინიშნებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით დსთ-ს რეგიონში 2012 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგენა, ხოლო 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 2.2%-მდე დაეცა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი 2.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ორჯერ აღემატებოდა 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს (1.4%). ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ზრდას 2012-2013 წლებში.

გრაფიკი 1.

ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 2012-2013 წწ.

image001

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, უმრავლესობაში მშპ-ს ზრდის ტემპი მცირედით შენელდა, ხოლო მოლდოვასა და ყირგიზეთში კი პირიქით, მშპ-ის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. მშპ-ს ზრდის ტეპის შემცირება ძირითადად ორ ქვეყანაში, სომხეთსა და რუსეთში აღინიშნებოდა. 2013 წელს სომხეთში მშპ-ს ზრდა 7.2% დან 3.5 %-მდე დაეცა, ხოლო რუსეთში 3,4%-დან 1.3%მდე.

გრაფიკი 2.

ეკონომიკური ზრდა დსთ-ს რეგიონში 2012-2013 წწ.

image002

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2013 წელს ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა 1%–ზე დაბალი იყო (წყარო),

როგორც პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. თუმცა, ევროპის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი იყო და 2%-მდე აღწევდა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც წესი, ეკონომიკის განვითარების მაღალ საფეხურზე მშპ-ს ზრდის ტემპის შენელება ნორმალური პროცესია, ხოლო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ძირითადად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებიან. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, გამომდინარე აქედან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის შედარება ევროპის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ზრდასთან არამართებულია.

2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, კერძოდ მშპ-ს რეალურმა ზრდამ 3.2% შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2%). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წელს საქართველო მსოფლიოს 153 განვითარებად ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით 41-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის გამო 92-ე ადგილზე გადაინაცვლა. მშპ-ს რეალური ზრდა ყველაზე დაბალი 2013 წლის მეორე და მესამე კვარტლებში იყო – 1.5% და 1.4%, ხოლო მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 7.2%-მდე გაიზარდა. ფინანასთა სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის შემცირების ძირითად მიზეზად შემდეგი ფაქტორები დასახელდა (წყარო):
  • პოლიტიკური არასტაბილურობა
  • მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის არასასრუველი დინამიკა
  • სახელმწიფო ინვესტიციების შემცირება
საქსტატის მონაცემებით 2013 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,793 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით მაღალი იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ექსპორტი 22.4%-ით გაიზარდა და მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.4% შეადგინა. ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულს აზერბაიჯანი (24,4%), სომხეთი (10.9%) და უკრაინა (6.6%) წარმოადგენდა (წყარო).

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოს ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში 2012-2013 წლებში.

გრაფიკი 3. 

ექსპორტი ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში 2012-2013 წწ.

image003

წყარო: სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013 წელს ექსპორტი მეზობელი ქვეყნების მიმართულებით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2013 წელს აზერბაიჯანსა და თურქეთში მშპ-ს ზრდის ტემპმა მოიმატა და შესაბამისად – 5.8% და 4.3% შეადგინა. რაც შეეხება რუსეთს, სომხეთს და უკრაინას, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა 2013 წელს ექსპორტი აღნიშნული ქვეყნების მიმართულებით გაიზარდა. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს საგარეო ვაჭრობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენიათ.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით 2013 წელს ეკონომიკური ზრდის შემცირების ძირითად მიზეზად შიდა მოთხოვნის ვარდნა დასახელდა, რაც პოლიტიკური არასტაბილურობით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მეოთხე კვარტალში შიდა მოთხოვნის ზრდა და კერძო სექტორის გააქტიურება შეინიშნებოდა, 2013 წელს ეკონომიკური ზრდა ძირითადად საგარეო მოთხოვნის ხარჯზე მიმდინარეობდა (წყარო). არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა დასახელდა ეკონომიკური ზრდის შემცირების ძირითად მიზეზად PMCG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც. ზემოთხსენებული კვლევის მიხედვით, მთავრობის მიერ გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ასევე მოსალოდნელმა ღონისძიებებმა, როგორიცაა „უცხოელებზე მიწის გაყიდვის შეჩერება, ახალი შრომის კოდექსის მიღება და საუბრებმა მოსალოდნელ თავდაცვის ღონისძიებებზე საერთაშორისო ვაჭრობაში,“ ხელი შეუწყო არასტაბილური და გაურკვეველი ბიზნეს–გარემოს ჩამოყალიბებას და უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდაზე (წყარო).

საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 914.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.8 მილიონით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირება 2013 წელს 12.2 %-ით შემცირდა და 6,653 მლნ ლარი შეადგინა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს მშპ-ის ფორმირებას დანახარჯების მეთოდის

მიხედვით.

ცხრილი 1.

ნომინალური მშპ დანახრჯების მიხედვით მიმდინარე ფასებში (მლნ ლარი)

ხარჯების კატეგორიები 2012 2013 ნომინალური ზრდა
საბოლოო მოხმარება 23,507.9 23,532.6 0,11%
(+)მთლიანი კაპიტალის ფორმირება 7,575.4 6,652.9 -12,18%
(+)საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 9983 11,986.6 20,07%
(-)საქონლისა და მომსახურების იმპორტი 15,124.3 15,473.0 2,31%
(+) სტატისტიკური განსხვავება 225.3 125.8
მშპ საბაზრო ფასებში 26,167.3 26,824.9 2,51%
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს შიდა მოთხოვნა უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ხოლო მთლიანი კაპიტალის ფორმირება მნიშვნელოვნად შემცირებული. 2013 წელს კლება დაფიქსირდა მშენებლობის (-10.6%), სამთომომპოვებელი მრეწველობის (-0.1%), კომუნალური, სოციალური და სხვა პერსონალური მომსახურების (-0.8%) სფეროებში. რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (9.3%) და მრეწველობის (7.2%) დარგებში. თუმცა, უმეტეს დარგში წინა წელთან შედარებით, ზრდა დაბალი იყო.

დასკვნა 2013

წელს  მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3.5%-დან 3.2%-მდე დაეცა. დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ზრდა შედარებით მაღალი იყო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, თუმცა წინა წელთან მიმართებაში მაინც შემცირებული იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე დგას და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. რაც შეეხება საქართველოს, იგი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის ნეგატიური ეფექტი უფრო მაღალია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირება, ძირითადად შიდა მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც ხელისუფლების შეცვლის და არასტაბილური გარემოს შედეგი იყო. ამას ადასტურებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკაც, რომელიც 914.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და 2.8 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო წინა წელთან შედარებით, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ასევე, ნომინალური მშპ-ს მოხმარების მეთოდით დათვლისას აღმოჩნდა, რომ შიდა მოთხოვნა წინა წელთან შედარებით მცირედით იყო გაზრდილი (0.1%), ხოლო მთლიანი კაპიტალის ფორმირება მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელია.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მნიშვნელოვნად ზრდამ (22%) გადაფარა ინვესტიციების შემცირების უარყოფითი ეფექტი, გამომდინარე აქედან მშპ-ს ზრდა ძირითადად საგარეო ვაჭრობის ხარჯზე მოხდა, რასაც ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში და PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. შესაბამისად, მიუხედავად რეგიონში არსებული შემცირებული ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს მშპ-ს ზრდის შემცირების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყო და არა რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება: “2013 წელს მთელს ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ზრდა იყო მთლიანად შემცირებული, ეს არ ეხება ამეიერკავკასიას და მარტო დსთს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპას. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ეკონომიკური ზრდა არ იყო ან იყო 1%-ზე ნაკლები,” არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი