2014

წლის 31 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულ სესიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა: „2009 წლის შემდეგ, უკვე 2010 წლიდან, გაუპატიურების კონკრეტული ფაქტებიც კი იყო საჯაროდ ცნობილი, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, თუმცა არცერთი, ხაზგასმით ვამბობ, არცერთი რეკომენდაცია პარლამენტს არცერთ წელს არ მიუცია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, მე როდესაც ამოვიღე 2004 წლიდან პარლამენტის დადგენილებები, ერთადერთი 2005 წელს იყო პარლამენტის დადგენილება, როდესაც თავად სახალხო დამცველს მისცეს რეკომენდაცია, სხვა არცერთი რეკომენდაცია არც პარლამენტს და არც იმ კომიტეტს, რომელსაც ახლა მე წარმოვადგენ, მთავრობის არცერთი უწყებისთვის არ გაუგზავნია“.

აღნიშნულ თემას უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძეც გამოეხმაურა: „2005 წლის დასკვნა საინტერესო იყო იმით, რომ რეკომენდაციებს აძლევდნენ არა უწყებებს არამედ თვითონ სახალხო დამცველს, ის როგორ უნდა მოქცეულიყო, აი ეს არის სტანდარტი რომელიც ჩვენ შარშან დავამთავრეთ“.

ჩვენ ეკა ბესელიას განცხადებით დავინტერესდით და „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით გადავამოწმეთ, თუ რა დადგენილებები მიიღო საქართველოს პარლამენტმა 2004–2014 წლებში.

ფაქტ-მეტრმა საქართველოს პარლამენტის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყველა ის რეკომენდაცია გამოითხოვა, რომელიც 2004–2014 წლებში სამთავრობო უწყებებს გაეგზავნა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მეშვეობით, ჩვენ ასევე გავეცანით „საქართველოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე მიღებულ პარლამენტის დადგენილებებს. აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლებში, სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე მიღებული დადგენილებების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციები არ გაცემულა.

„2005 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის მოხსენების თაობაზე, 2006 წლის პარლამენტის დადგენილების

თანხმად, რეკომენდაცია თავად სახალხო დამცველს გაეწია, როგორც ამას ეკა ბესელია აღნიშნავდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაციები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიზნით სახალხო დამცველის გააქტიურებას შეეხებოდა. პარლამენტის დადგენილების მიხედვით სახალხო დამცველს დაევალა:

ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვების ფაქტების შეტყობინება კანონის შესაბამისად;

ბ) მეტი ყურადღების დათმობა ქალთა, მარტოხელა მშობელთა და ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, პრობლემების გაანალიზება და სათანადო ინიციატივების შეთავაზება პარლამენტისთვის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით;

გ) მუშაობის გააქტიურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით;

დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის უფრო ინტენსიური მონიტორინგი;

ე) მუშაობის გააქტიურება კერძო მესაკუთრეთა და ბიზნესმენთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით;

ვ) აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის სახალხო დამცველებთან.

მიუხედავად იმისა, რომ 2004–2012 წლებში სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციები არ გაცემულა, სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებები პარლამენტის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

„2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის მოხსენების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება

მიიღო, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და ფაქტების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე მონიტორინგი დაევალა.

ანალოგიური დადგენილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2009, 2010 და 2011

წლების ანგარიშების თაობაზე.

2013 და 2014 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა რეკომენდაციები გაუწია. სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების

თანახმად, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის რეკომენდაციციები, რომლითაც სახალხო დამცველმა მიმართა სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს და შესაბამისი რეკომენდაციები შემდეგ უწყებებს გაუგზავნა: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციებიც გაითვალისწინა

და 2012 წლის მსგავსად საქართველოს მთავარ პროკურატურას და სამინისტროებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.

  დასკვნა 2004

–2012 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შესაბამისი დადგენილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და ფაქტების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე მონიტორინგი დაევალა. თუმცა, საქართველოს პარლამენტს „საქართველოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე, 2004–2012 წლებში სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციები არ გაუცია, როგორც ამას ეკა ბესელია მიუთითებდა. 2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის მიზნით სახალხო დამცველის გააქტიურებას გულისხმობდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 და 2014 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე რეკომენდაციები გაუწია სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება: „2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია, სხვა არცერთი რეკომენდაცია არც პარლამენტს და არც იმ კომიტეტს, რომელსაც მე წარმოვადგენ მთავრობის არცერთი უწყებისთვის არ გაუგზავნია,“ არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი