იტვირთება

2014 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების თაობაზე შემდეგი განცხადება

გააკეთა: „ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, რათა ყველა კანონი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. ამაში რას ხედავთ განსაკუთრებულს, არ მესმის. მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. მე მინდა ეს კარგად აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ, აუხსენით ეს საზოგადოებას, რომ აქ არ ხდება ერთის [პრეზიდენტის] უფლებების შეზღუდვა და მეორის [პრემიერის] გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2014 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.

კერძოდ, საუბარია შემდეგ კანონპროექტებზე:

-

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“

-

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

-

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

-

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

-

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

-

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ზემოაღნიშნული კანონპროექტები, პრეზიდენტის ისეთ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ეხება, როგორიცაა მისი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას უფრო კონკრეტულს ხდის მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადება:

„წოდება – "მთავარსარდალი" სიმბოლური ხასიათისაა, მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ომის შემთხვევაში ის გასცემს ერთადერთ ბრძანებას. ესაა ბრძანება შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას, ერთსიტყვიანია: „იმოქმედეთ". მას შემდეგ, რაც მთავარსარდალი გასცემს მოქმედების ბრძანებას, ის პირები, რომლებიც მოქმედებებს ახორციელებენ, ბუნებრივია, ანგარიშვალდებულნი არიან ბრძანების გამცემთან. სულ ეს არის მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც, ანუ ზოგადად“.

საქართველოს კონსტიტუციის 69-

ე მუხლის მეორე პუნქტით „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი“. ფაქტ-მეტრმა გაანალიზა, თუ რამდენადაა საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია მხოლოდ სიმბოლური ხასიათის და რამდენად აუცილებელია ამ კუთხით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერით, რომ პრეზიდენტი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. კონსტიტუციაშივეა გაწერილი აღნიშნულ სფეროში პრეზიდენტის კონკრეტული უფლებამოსილებები. კერძოდ, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტი აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში. ასევე, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას, იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ახალი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის რიგი გადაწყვეტილებები, პარლამენტის, ან პრემიერ-მინისტრის დამტკიცებას საჭიროებს, თუმცა პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გამოცემული სამართლებრივი დოკუმენტი – ბრძანება პრემიერ-მინისტრის დამტკიცებას (კონტრასიგნაციას) არ საჭიროებს. პრემიერის კონტრასიგნაციას ასევე არ საჭიროებენ სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას და საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა თუ გაუქმებას. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილებები გაწერილია კონსტიტუციის 46-ე, 73-ე, 98-ე და მე-100 მუხლებში.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კონსტიტუციონალისტმა გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

„მიდგომა, რომ ეს (პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილება) არის სიმბოლური, ნამდვილად ვერ იქნება სამართლებრივად სწორი, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ კონსტიტუციაშივეა ჩაშლილი პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის რიგი უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის დროს. მას აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ საკითხზე, რასაც იგი საჭიროდ ჩათვლის, გამოსცეს ბრძანება. ამ ბრძანებას არ სჭირდება არც კონტრასიგნაცია, არც პარლამენტის მიერ დამტკიცება“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში თავდაცვისა და უშიშროების კუთხით პრეზიდენტის უფლებამოსილებები იგივე დარჩა. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებები იყო პრეზიდენტის ძირითადი უფლებამოსილებები თავდაცვისა და უშიშროების კუთხით ქვეყანაში საპრეზიდენტო მოდელის არსებობის პირობებშიც. შესაბამისად, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში, პრეზიდენტის უფლებამოსილებების კუთხით რაიმე პრინციპული ცვლილებების აუცილებლობაც არ არსებობს. აქვე აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ პრეზიდენტის უფლებამოსილებები სხვა მიმართულებებით რეალურად შეამცირა და ამ მხრივ ნათელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბუნებრივია, საჭიროა.

ფაქტ-მეტრმა შეისწავლა, თუ რა ცვლილებებს ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველია გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს შეიარაღებულ ძალებს და რომელსაც, თავის მხრივ, თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს. თუმცა, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით,

პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, ხოლო მე-14 მუხლის მე-6 ნაწილით, შტაბის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის მინისტრის წინაშე.

მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პაკეტში შეტანილია თავდაცვის შესახებ კანონის ცვლილების პროექტი, რომლის მე-8 მუხლის, პირველი ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს, პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობა წარუდგენს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის კომპეტენციაა.

ასევე, მობილიზაციის შესახებ კანონპროექტით იცვლება მე-17 მუხლი. კანონპროექტის თანახმად: „მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“. მე-17 მუხლის მოქმედი რედაქციით

კი, აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტი არეგულირებს.

საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონპროექტი ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებასაც ეხება. კერძოდ, მე-17 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საგანგებო, საომარი, კრიზისული და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათშორის კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო წარმართავს, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და არა უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის კონსტიტუციით შექმნილი ორგანოა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, მთავრობის დადგენილებით 2014

წლის 6 იანვარს შეიქმნა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით: „პრეზიდენტის უფლებამოსილება კანონის დონეზე იზღუდება. პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი კანონებით უნდა იკვებებოდეს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების აღნიშნული პაკეტი კონსტიტუციაში მოცემულ პრეზიდენტის ინსტიტუტის არსს ეწინააღმდეგება“.

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტებით მხოლოდ კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი გრძელდება და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა არ ხდება. ფაქტ-მეტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები გაანალიზა. ისინი, არათუ სიმბოლური, არამედ ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფაქტ-მეტრმა გამოიკვლია, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება, იზღუდება. პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, შტაბის ხელმძღვანელი აღარ იქნება ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე, პრეზიდენტი ვეღარ წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს, ვეღარ დაარეგულირებს საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას და ა.შ. ასევე, იზღუდება (მინიმუმ დუბლირება ხდება) პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოს, უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება – საგანგებო, საომარი, კრიზისული და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს წარმართოს ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათშორისი კოორდინაცია. აღნიშნული უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო განახორციელებს.

მცდარია მოსაზრება, რომ კანონებში ცვლილებების შეტანა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად არის საჭირო, ვინაიდან ამ მხრივ რაიმე პრინციპული ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „...მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. აქ არ ხდება ერთის [პრეზიდენტის] უფლებების შეზღუდვა და მეორის [პრემიერის] გაძლიერება“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი