2014

წლის 17 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა. კანონპროექტი უკანონო აბორტებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სხდომაზე სიტყვით დეპუტატი გიგი წერეთელიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა: „როცა ჩვენ ვიხილავდით ამ საკითხს უკანონო, ანუ არალეგალურ აბორტს, არ არის მეორე აზრი, რომ ამ ფენომენს უნდა ვებრძოლოთ. დღეს ჩაითვალა, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კანონი. არ ვართ ამის წინააღმდეგი. რამდენად იქნება ეს ეფექტური, ამას დრო დაგვანახებს. რაც შეეხება აბორტების სტატისტიკას, სტატისტიკა შემცირდა ბოლო ათწლეულში საქართველოში და ეს არ არის ჩემი მონაცემები. ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემები“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ გიგი წერეთელს დავუკავშირდით და ვთხოვეთ დაეზუსტებინა, თუ რომელ მონაცემს გულისხმობდა. მისი განმარტებით, განცხადებაში 2010 წლის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის“ საბოლოო ანგარიშს ეყრდნობოდა.

2010 წლის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის“

ანგარიშში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგებია წარმოდგენილი. აღნიშნული კვლევა ეროვნული მასშტაბის მესამე წარმომადგენლობითი კვლევაა. პირველი ორი კვლევა 1999 და 2005 წლებში ჩატარდა. 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განახორციელა.

კვლევის ფარგლებში 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის თებერვლამდე 15-44 წლის ასაკის 6 292 ქალი შეირჩა და გამოიკითხა. კვლევის კონკრეტული ამოცანა საქართველოში შობადობის, აბორტებისა და კონტრაცეპტივების გამოყენების მხრივ არსებული სიტუაციის, აგრეთვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განსაზღვრა იყო.

კვლევის თანახმად, აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კავკასიის რეგიონშია, სადაც თითოეულ ქალს აზერბაიჯანსა და სომხეთში, ცხოვრების მანძილზე, 2-ზე მეტი აბორტი აქვს გაკეთებული.

საქართველოში აბორტების საერთო რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში შემცირდა, 1999 წელს ერთ ქალზე 3.7 აბორტი ფიქსირდებოდა, 2005 წელს – 3.1, 2010 წელს კი აბორტების რაოდენობა 1.6-მდე  შემცირდა. ეს მაჩვენებელი აბორტების ჯამური კოეფიციენტია (TIAR), რომელიც გვიჩვენებს აბორტების იმ რაოდენობას, რაც ქალს სიცოცხლის განმავლობაში შობადობის არსებული ასაკობრივი კოეფიციენტის გათვალისწინებით შეიძლებოდა ჰქონოდა. კვლევის მიხედვით, აბორტების ჯამური კოეფიციენტის კლება 1999 (3.7) წლიდან დაიწყო, 2002-2005 წლებში უკვე 3.1 (48%-იანი კლება), ხოლო 2005-2010 წლებში კოეფიციენტმა 1.6 შეადგინა (57%-იანი კლება).

ხელოვნური აბორტების რაოდენობის შეფარდება ცოცხალშობილთა რაოდენობასთან წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა: 2.1:1– 1999 წელს, 1.5:1 – 2005 წელს და 0.8:1 – 2010 წელს. შესაბამისად, 2010 წლის კვლევის მიხედვით, ცოცხალშობილთა რაოდენობამ აბორტების რაოდენობას პირველად გადააჭარბა.

კვლევის მიხედვით, აბორტების შესახებ ზუსტი მონაცემის მოპოვება ნებისმიერ ქვეყანაში რთულია. მონაცემების სიზუსტე დამოკიდებულია სამედიცინო ინფრასტრუქტურის ხარისხზე და ასე შემდეგ. იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში აბორტის ტენდენციები ოფიციალური სტატისტიკისა და კვლევის მონაცემების მიხედვით ძალიან განსხვავებულია.

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, კვლევის მონაცემებით 1999 წლიდან 2010 წლამდე აბორტების რაოდენობა შემცირებულია (3.7 – 1.6). ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც, 1989 წლიდან 2005 წლამდე აბორტების რაოდენობა ასევე დაკლებულია (1.8-0.4), ხოლო 2005 წლიდან  აბორტების რაოდენობა იზრდება (0.4-0.9). თუმცა, ზრდის ტენდენცია კვლევის მონაცემით არ დასტურდება.

კვლევის მიხედვით, ქვეყნებში სადაც აბორტი კანონით დაშვებულია, ინფორმაციას სახელმწიფო სტრუქტურები სამედიცინო დაწესებულებიდან აგროვებენ. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოსტ-საბჭოთა პერიოდში აბორტების აღრიცხვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. საბჭოთა რეჟიმის დროს, აბორტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გროვდებოდა. ეს დაწესებულებები არასახარბიელო ჯანდაცვის სტატისტიკას ზოგჯერ მალავდნენ. პოსტ-საბჭოთა ეკონომიკის გარდამავალ პერიოდში სტატისტიკასთან დაკავშირებით სხვა პრობლემები წარმოიშვა; მაგალითად, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც აღარ ჰქონდათ საკმარისი დაფინანსება აბორტები არ აღირიცხებოდა. ამასთან, კერძო სამედიცინო სექტორის მონაცემები, ჩვეულებრივ, სტატისტიკაში არ აისახებოდა, ასევე არ აისახებოდა სამედიცინო დაწესებულების გარეთ აბორტების გაკეთების შემთხვევები.

კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლებები აბორტზე უფრო სრულყოფილ მონაცემს იძლევა, ვიდრე ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებით შეგროვებული რეგულარული მონაცემები. კავკასიის რეგიონში, კვლევის მონაცემები ოფიციალურ მონაცემს რამდენჯერმე აღემატება, რაც აბორტის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის ხარვეზებზე მიუთითებს. მთლიანობაში, გამოკვლეული ქვეყნების უმეტესობაში ოფიციალური სტატისტიკა მონაცემებს აბორტების შესახებ არასრულად ასახავს.

image002

გრაფიკის მიხედვით, კავკასიის ქყვეყნებში კვლევის მონაცემსა და ოფიციალურ მონაცემს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. უკეთესი მდგომარეობაა რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამ ქვეყნებში კვლევის შედეგი და ოფიციალური სტატისტიკა ერთმანეთთან მიახლოებულია, მოლდოვაში კი ორივე მონაცემი იდენტურია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს ასახავს.

ამავე გრაფიკზე საქართველოში აბორტების  დინამიკა  კვლევის და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაა ნაჩვენები. 1999 წელს, კვლევის მიხედვით, 1000 ქალზე 125 აბორტი იყო დაფიქსირებული, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი 18. 2005 წელს 104 აბორტი იყო კვლევის მიხედვით და 15 აბორტი ოფიციალური მონაცემით, 2010 წელს 56 აბორტი იყო კვლევის მიხედვით და 31 აბორტი ოფიციალური მონაცემით. 1999 წლიდან – 2010 წლამდე კვლევის მიხედვით აბორტების რაოდენობა დაკლებულია 125-დან 56-მდე, ოფიციალური მონაცემით კი გაზრდილი 18-დან 31-მდე (ყველა მონაცემი 1000 ქალზეა).

ფაქტ-მეტრს საქართველოში აბორტების სტატისტიკასთან დაკავშირებით სტატია უკვე გამოქვეყნებული აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ, ბოლო ათწლეულში აბორტების რაოდენობა გაზრდილია. ოფიციალური მონაცემით 2000 წელს 14 951 აბორტი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2010 წელს – 25 525 აბორტი. საქსტატის მონაცემის

მიხედვითაც ბოლო ათწლეულში აბორტების რაოდენობა ასევე გაზრდილია.

ოფიციალურ სტატისტიკასა და კვლევას შორის არსებული სხვაობის მიზეზის განმარტება დაავადებათა კონტროლის  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსს ლელა შენგელიას ვთხოვეთ. მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე წელი აბორტების რეგისტრაციის პროცესი გაუმჯობესებულია. კერძო კლინიკები ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით არიან დაინტერესებულნი და აბორტების აღრიცხვიანობის პროცესიც გაუმჯობესდა.

ლელა შენგელიას განმარტებით, აბორტების აღრიცხვიანობის კუთხით საბჭოთა კავშირის დროს კატასტროფული მდგომარეობა იყო. მეან-გინეკოლოგები სტატისტიკის გაყალბებით იყვნენ დაინტერესებულნი. ოფიციალურად გაკეთებული აბორტების მხოლოდ მცირედი ნაწილი რეგისტრირდებოდა, გასაგები მიზეზის (კორუფცია) გამო. სხვა ტიპის სირთულეები შეიქმნა პოსტ-საბჭოთა პერიოდში. ამ დროს სამედიცინო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად მოშლილი იყო, არ არსებობდა არანაირი სახსრები და აბორტებიც ნაკლებად აღირიცხებოდა. ოფიციალურ სტატისტიკაში აბორტების რაოდენობის მკვეთრი ზრდაც ამ ფაქტორითაა განპირობებული (ანუ წინა წლებში სტატისტიკა რეალურ სურათს ნაკლებად ასახავდა). გარდა ამისა, სხვაობა კვლევის მონაცემსა და სტატისტიკას შორის თითქმის ყოველთვის ფიქსირდება. რაც უფრო ნაკლებია სხვაობა კვლევასა და ოფიციალურ მონაცემს შორის, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სტატისტიკის სამსახური გამართულად მუშაობს. მისივე განცხადებით, საქართველოში აბორტების რაოდენობის კლების ტენდენციები შეიმჩნევა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. აბორტების თემა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მათი რაოდებობა საქართველოში ჯერ კიდევ კატასტროფულად დიდია.

ლელა შენგელიას თქმით, შემდგომი კვლევა 2015 წელს ჩატარდება და იგი იმედოვნებს, რომ ეს კვლევა  საქართველოში აბორტების ტენდენციების შესახებ უკვე სრულყოფილ სურათს მოგვცემს და სხვაობა კვლევის შედეგსა და ოფიციალურ მონაცემს შორის მინიმალური იქნება.

  დასკვნა

„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის“ 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირებულია. 1999 წელს აბორტების რაოდენობა ყოველ ქალზე 3.7 იყო, 2010 წელს კი 1.6. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2000 წლიდან 2010 წლამდე აბორტების რაოდენობა გაზრდილია. აბორტების რაოდენობა საქართველოში კვლავაც ძალიან მაღალია.

ჩვენ ვასკვნით, რომ გიგი წერეთლის განცხადება: „აბორტების სტატისტიკა შემცირდა ბოლო ათწლეულში საქართველოში. ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემები,“  არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი