იტვირთება

2014 წლის 26 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „პირველი სტუდია,“ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დებატების მსვლელობისას, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა: „ძლივს დადგა დრო, რომ რთველი ორი წელია ზეიმია. ადრე ხალხი ცრემლით ტიროდა და ვენახებს ჩეხავდა. „ნაციონალები“ 1000 ლარს უხდიდნენ იმისთვის, რომ ჰექტარი ვენახი გაეჩეხათ“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ დეპუტატს დავუკავშირდით და განცხადების დაზუსტება ვთხოვეთ. გიგა ბუკიას განმარტებით, მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო, რასაც ფერმერებს ვენახის გაჩეხვისთვის საკომპენსაციოდ აძლევდნენ, თუმცა, მან ვერ დაგვიზუსტა, თუ რომელ წლებში ჰქონდა ადგილი ამ ფაქტებს.

ფაქტ-მეტრმა მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის განკარგულება

გააანალიზა, რომლის მიხედვით, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტს – „სამტრესტს,“ „ვენახის განახლების ხელშეწყობის ღონისძიების“ ფარგლებში, „ვაქირულას“ ჯიშის ვენახების შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, სამთავრობო ფონდიდან 100 000 ლარი გამოეყო.

ფაქტ-მეტრმა ოფიციალური წერილით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა და ზემოთ აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სამინისტრომ ჩვენი წერილი ღვინის ეროვნულ სააგენტოში გადაამისამართა.

სააგენტოდან მიღებული პასუხის თანახმად, 2007-2010 წლებში „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამა“არსებობდა,რომლის ფარგლებში, 2007-2008 წლებში, ფერმერი ერთი ჰექტარი ვაზის გაჩეხვისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარს იღებდა, ხოლო 2009-2010 წლებში ეს თანხა 1000 ლარამდე შემცირდა. ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 1 559 048 ლარი დაიხარჯა და სულ 924.04 ჰექტარზე გაშენებული ვენახი იქნა გაჩეხილი.

საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გაერკვია, რას ნიშნავს ჰიბრიდული ჯიშის ვაზი და კონსულტაციისთვის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ლევან უჯმაჯურიძეს მიმართა. მისი განმარტებით, „ჰიბრიდული ჯიშის ვაზი სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგად არის მიღებული. წარმოშობის მიხედვით, ორი სახის ჰიბრიდი არსებობს: სპონტანურად წარმოქმნილი – შემთხვევითი ბუნებრივი შეჯვარების შედეგად და ხელოვნური/მიზანმიმართული შეჯვარების შედეგად მიღებული. ჰიბრიდის გავლენა ქართულ მეღვინეობასა და მევენახეობაზე საკმაოდ დიდია. ჰიბრიდულ ჯიშებს მიეკუთვნება კახეთში გავრცელებული „ვაქირულა,“ ქართლში გავრცელებული „დირბულა,“ დასავლეთ საქართველოში გავრცელებული „ფრანგულა“ (იგივე „ადესა“) და სხვა. ჰიბრიდული ჯიშების სამეურნეო მაჩვენებელი მეღვინეობის კუთხით ძალიან დაბალია, აქვს არასასურველი გემო და ხარისხიანი მეღვინეობის კუთხით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამ ჯიშის მთავარი პლიუსი არის დაავადებებისადმი გამძლეობა და ამის გამო მოიკიდა ფეხი როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. გამოსავალი ის არის, რომ ჰიბრიდული ჯიშის ვაზის რაოდენობა თანდათან უნდა შემცირდეს, ან ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი გამოყენებული უნდა იქნეს საბრენდე სპირტებისა და ზოგადად სპირტების დასამზადებლად, ესეც უკიდურეს შემთხვევაში“.

ღვინის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ წერილში ჰიბრიდული ჯიშების შესახებ ვკითხულობთ: „კახეთის რაიონის მევენახეობის ზონაში გასული საუკუნის ბოლოს ფართო გავრცელება ჰპოვა პირდაპირი მწარმოებელი ჰიბრიდის სხვადასხვა სახეობამ („უწამლი“, „ვაქირულა“ და სხვ.) ეს იმით იყო განპირობებული, რომ ჰიბრიდული ჯიშები მაღალმოსავლიანი და ადვილად მოსავლელია, თუმცა, აღნიშნული ჯიშებიდან მიღებული ღვინომასალები დაბალი ხარისხით ხასიათდება, ორგანიზმში კანცეროგენული ნივთიერებების დაგროვებას იწვევს და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად, მათი სამრეწველო გადამუშავება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, რაც ამ კატეგორიის ყურძენს არარეალიზებადს ხდის და მის მწარმოებელს სერიოზულ პრობლემებს უქმნის“.

რაც შეეხება „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამას,“ იგი მაშინდელი „სამტრესტის“ (ახლანდელი „ღვინის ეროვნული სააგენტო“) მიერ ხორციელდებოდა. ჩვენ ღვინის ეროვნულ სააგენტოშიშევეცადეთ გაგვერკვია, თუ რეალურად რას წარმოადგენდა და რას ითვალისწინებდაეს პროგრამა. კონსულტაციისთვის სააგენტოს მთავარ სპეციალისტს, პეტრე მესხიძეს მივმართეთ, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. პეტრე მესხიძის ინფორმაციით, „პროგრამა 2007- 2010 წლებში ხორციელდებოდა და მიზანი ჰიბრიდული ჯიშის ვაზის და აგრეთვე დედოფლისწყაროს (სამთაწყარო და ფიროსმანი) და ყვარლის (გავაზი) რაიონის სოფლებში ამორტიზებული, დაძველებული ვენახების ამოძირკვა იყო. ამ პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ. „ღვინის და ვაზის შესახებ“(მუხლი 17. პუნქტი 4,5,6) კანონის

თანახმად, ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ყურძნის საღვინედ გამოყენება იკრძალება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იმ ფერმერების სიები შედგა, რომლებსაც ჰიბრიდული ვენახის ამოძირკვა სურდათ. პროგრამის საწყის ეტაპზე საკომპენსაციო თანხა 2000 ლარი იყო, მაგრამ მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ შემდგომ წლებში თანხა 1000 ლარი გახდა. ეს თანხა მხოლოდ ვენახის ამოსაძირკვად იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ ფერმერს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, გამოთავისუფლებულ მიწაზე ისევ ვაზს ჩაყრიდა, თუ სხვა კულტურას მოიყვანდა.

რაც შეეხება ყვარლის და დედოფლისწყაროს რაიონებს, იქ ასევე მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ძველი, ამორტიზებული ვენახების ამოძირკვა. დედოფლისწყარო ტრადიციული მევენახეობის რეგიონად არ ითვლება, აქ ვენახების გაშენება მხოლოდ 70-იან წლებში დაიწყეს. ყურძენზე მოთხოვნის კლებასთან ერთად მოსახლეობამ მის მოვლასაც უკლო და, შესაბამისად, ხარისხიც გაუარესდა. გარდა ამისა, საფერავის ჯიშის ვენახებში ბევრი სხვა ჯიშიც იყო შერეული. რაც შეეხება ყვარლის რაიონის სოფელ გავაზს, ზოგადად მიღებულია, რომ გავაზის ყურძნისგან სხვა სოფლის ყურძნებთან შედარებით, ნაკლები ხარისხის ღვინო დგება. სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა ამ რაიონებში ვენახების გაჩეხვა. „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამა“ საჭირო და დროული პროგრამა იყო, მაგრამ საზოგადოებაში მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, მხოლოდ ვაზის აჩეხვად აღიქმებოდა, ხოლო მიზეზს და შედეგს არავინ კითხულობდა. 2010 წელს ეს პროგრამა შეჩერდა“ – აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბარში პეტრე მესხიძემ.

დასკვნა

„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამა“ 2007-2010 წლებში მიმდინარეობდა და კახეთში ძირითადად ჰიბრიდული ვენახების და აგრეთვე დედოფლისწყაროსა და ყვარლის რაიონებში ამორტიზებული, უხარისხო ვენახების გაჩეხვას ითვალისწინებდა. ვენახების ამოძირკვა თვითონ ფერმერების სურვილით ხორციელდებოდა და თავად ფერმერს უნდა გადაეწყვიტა, თუ რა კულტურას მოიყვანდა გამოთავისუფლებულ მიწაზე. ერთი ჰექტარი ვენახის გასაჩეხად ფერმერს 2007-2008 წლებში 2000 ლარს, 2009-2010 წლებში კი 1000 ლარს უხდიდნენ.

ჰიბრიდული ჯიშებიდან მიღებული ღვინიომასალები დაბალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, შესაბამისად, ამ ჯიშის ყურძნის რეალიზება მისი მწარმოებლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის გამოყენება ღვინისწარმოებაში საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მოპოვებულ ინფორმაციასა და სპეციალისტების არგუმენტებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ გიგა ბუკიას განცხადება : „ადრე ხალხი ცრემლით ტიროდა და ვენახებს ჩეხავდა. [ფერმერებს] „ნაციონალები“ 1000 ლარს უხდიდნენ იმისთვის, რომ ჰექტარი ვენახი გაეჩეხათ“, არის მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი