მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ „ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ახალი მთავრობის პირობებში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა. პრემიერი ინკლუზიური განათლების საკითხსაც შეეხო. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა,

რომ „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლბლობების მქონე ბავშვების განათლებას. 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა“.

ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაინტერესდა და ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განმარტების

თანახმად, ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში, თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

ზემოაღნიშნულ ანგარიშში განმარტებულია, რომ ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისად განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დაფინანსება გაუმჯობესდა. აგრეთვე, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა შშმ პირების უფლებების თაობაზე კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რის შედეგადაც 2015-2018 წლებისათვის ინკლუზიური განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გარდა ამისა, 2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის 5 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კლასების პროგრამის პილოტირება განახორციელა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლებისთვის სხვადასხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეიმუშავა და გამოსცა. მათ შორის: „ინკლუზიური განათლება,“ „გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების სწავლების მეთოდები,“ „სმენადაქვეითებული ბავშვების სწავლების მეთოდები,“ „მხედველობადაქვეითებული ბავშვების სწავლების მეთოდები“ და „სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა ტრენინგების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ამასთან, საქართველოში ინკლუზიური განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

ანგარიშში აგრეთვე განმარტებულია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ყველა სკოლა აღჭურვილია საჭირო შესაძლებლობებით, ცოდნით და უნარებით. დაახლოებით 120-მა სპორტისა და ფიზიკური განათლების მასწავლებელმა 55 საპილოტო სკოლიდან ტრენინგი გაიარა. საქართველოს რეგიონების 10 სკოლა და თბილისის 5 სკოლა აღიჭურვა ადაპტირებული სპორტული აღჭურვილობით. გაიხსნა ინტეგრირებული კლასები აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის, აგრეთვე ლეიკემიის ცენტრში ჰოსპიტალიზებული ბავშვებისათვის. 2013 წელს 50-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა იყო ადაპტირებული და რეაბილიტირებული დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

ინფორმაციისათვის ფაქტ-მეტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა და ინკლუზიური განათლების დანერგვა-განხორციელების პროცესის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2005 წლიდან დაიწყო. ზოგადი განათლების შესახებ კანონში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სკოლებში შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით სამუშაოები დაიწყო. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან პანდუსების საკითხი უკვე 250 სკოლაშია მოგვარებული, წლის ბოლოსათვის კი მათ რიცხვს კიდევ 13 სკოლა დაემატება. განათლების სამინისტრის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა მოეწყობა.

გარდა ამისა, გადამზადნენ მასწავლებლები, დამატებითი დაფინანსება გაჩნდა იმ სკოლებისთვისაც, სადაც განათლებას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები იღებენ. ამასთან, პედაგოგებისათვის შეიქმნა სპეციალური გზამკვლევები. ესენია:

  • ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისთვის;
  • სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება;
  • სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებული ცნებები, ტერმინები და თეორიები;
  • სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება;
  • სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ინკლუზიური განათლება ყველა საჯარო სკოლაში მართლაც 2012 წლიდან გახდა სავალდებულო. 2014 წლიდან განათლების სამინისტრომ გაეროს მხარდაჭერით მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება დაიწყო და შესრულებული საქმიანობის ანგარიში მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების კუთხით 2013 წელს 3 344 500 ლარი დაიხარჯა, 2014 წელს 3 919 830 ლარი, 2015 წლისთვის კი, 4 728 610 ლარია გათვალისწინებული.

კვლევის ფარგლებში ფაქტ-მეტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დაუკავშირდა. აღნიშნული ორგანიზაცია რამდენიმე წელია ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების გაუმჯობესებას ცდილობს.

ორგანიზაციის დირექტორმა მაგული შაღაშვილმა ჩვენთან საუბრაში აღნიშნა, რომ საქართველომ ინკლუზიური განათლების დანერგვის ვალდებულება 1995 წელს სალამანკის დეკლარაციის საფუძველზე აიღო, თუმცა ამ მიმართულებით რეალური მუშაობა მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო. 2012 წელს კი ინკლუზიური განათლება ყველა საჯარო სკოლისათვის სავალდებულო გახდა.

მაგული შაღაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით სახელმწიფოსმხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემები რჩება. მაგალითად, შესაძლოა სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ირიცხებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა, რეალურად ბავშვები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. პრობლემებია, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე მათი სოციალიზაციის კუთხითაც. სასწავლო პროცესი და გარემო ნაკლებად არის მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვზე. ნაკლებია მშობელსა და მასწავლებელს შორის ინტერაქცია. იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სხვა ბავშვი სკოლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აცდენს, მასწავლებელი აუცილებლად უკავშირდება მის მშობელს და მიზეზით ინტერესდება. სპეციალური საჭიროების მოსწავლის შემთხვევაში კი, პედაგოგის ამგვარი ინტერესი თითქმის ნულის ტოლია.

მაგული შაღაშვილმა აგრეთვვე აღნიშნა, რომ პრობლემურია ნიშნებისა და ქულების საკითხიც, რომელიც არ არის მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე. იგივე შეიძლება ითქვას სასწავლო პროგრამაზეც. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრენინგი ტარდება და მასწავლებლების შესაბამისად გადამზადება ხდება, პედაგოგი აღნიშნულის პრაქტიკაში განხორციელებას ვერ ახერხებს, უჭირს ტექსტების შესაბამისად ადაპირება და სათანადოდ მორგება. გარდ ამისა, პრობლემაა გადაადგილების კუთხითაც. პირველი ის, რომ ყველა საჯარო სკოლა პანდუსით აღჭურვილი არ არის. მეორე, უფრო დიდი პრობლემა შიდა ინფრასტრუქტურაში ფიქსირდება. თუკი ბავშვი ახერხებს სკოლის შენობაში შესვლას, იმის გამო, რომ შიდა ინფრასტრუქურა სათანადოდ აღჭურვილი არ არის, დღის წესრიგში უკვე შიდა გადაადგილების პრობლემა დგება. გარდა ამისა, პრობლემაა იმ თვალსაზრისითაც, რომ სკოლები უზრუნველყოფილები არ არიან დამხმარე პერსონალით. განსხვავებით უცხოური პრაქტიკისაგან, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს სკოლის პერიმეტრზე გადაადგილებაში დახმარებას ასისტენტები უწევენ. გარდა ამისა, პრობლემაა მუნიციპალურ ტრანსპორტშიც. შესაძლოა რომელიმე სკოლას ჰქონდეს ამგვარი საკუთარი ავტობუსი, თუმცა მასიურად ეს უკვე პრობლემაა.

მაგული შაღაშვილის თქმით, ფიქსირდება სოციალური ინტეგრაციის პრობლემაც. მიმდინარეობს ფარული დისკრმინიაცია. მშობლები ბოლომდე არ არიან ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებ და ფაქტობრივად ისინი თავს დავალებულად გრძნობენ სკოლის წინაშე, იმის გამო, რომ მათ შვილებს საჯარო სკოლაში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. მაგული შაღაშვილმა აღნიშნა, რომ ერთია, ამბობდე, რომ ყველას აქვს სწავლისა და განათლების მიღების თანაბარი უფლება და შესაძლებლობა, მეორეა მისი სისრულეში მოყვანა და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელია სახელმწიფოს მხირდან აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, პრობლემა პრობლემად რჩება.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დირექტორმა ჩვენთან საუბარში დადებითად შეაფასა გასულ წელს განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყოველ ექვს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვზე დამატებით ერთი მასწავლებელი მოდის. მანვე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ამისათვის უფრო ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგაა საჭირო.

აღნიშნული მიმართულებით საყურადღებოა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის

შედეგებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 40% დასაშვებ სოციალურ ნორმად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმას. მიუხედავად არაერთი რეფორმისა თუ პოზიტიური ცვლილებისა, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჯერ კიდევ უგულვებელყოფილი, შეუმჩნეველი და  დავიწყებული რჩება. „ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი სასწრაფო მრავალდარგობრივი ღონისძიებების გატარებაა საჭირო“, ამბობს მარი-პიერ-პუარე, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორი ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებში.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ყველა ქვეყანას ხელი მოაწერონ და მოახდინონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მქონე უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება და შეასრულონ მისი მოთხოვნები. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2014 წელს მოახდინა. გარდა ამისა შეიმუშავა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სამთავრობო საქმოქმედო გეგმა

“, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის საჭირო სქემას მოიცავს. თუმცა, როგორ მიმდინარეობს შესრულების პროცესი და რამდენად ეფექტიანი იყო იგი ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

  დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პასუხისმგებლობა 1995 წელს, სალამანკის დეკლარაციის საფუძველზე აიღო. თუმცა, ამ მიმართულებით რეალური მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. 2012 წელს საქართველოს ყველა საჯარო სკოლისათვის ინკლუზიური განათლება სავალდებულო გახდა. დაინერგა პედაგოგების სათანადოდ გადამზადების პროგრამები, შემუშავდა შესაბამისად ადაპტირებული სახელმძღვანელოები და აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ინკლუზიური განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობაც. თუმცა, როგორც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით უამრავი ხარვეზი ფიქსირდება, რომელთა გამოსწორებაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სრული სოციალური რეაბილიტაციისათვის. ცალსახად გადაჭარბებულია ანგარიშის შეფასება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ყველა სკოლა უკვე აღჭურვილია საჭირო შესაძლებლობებით, ცოდნით და უნარებით.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებას. 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისათვის სავალდებულო გახდა,“ მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია