2014

წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც საპარლამენტო კომიტეტების მუშაობის ანგარიშები მოისმინეს. ევროინტეგრაციის კომიტეტის მუშაობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე გამოვიდა. მან დადებითად შეაფასა კომიტეტის მუშაობა, მისი წვლილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში, განსაკუთრებით იმ „მძიმე მემკვიდრეობის ფონზე,“ რაც მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ერგოთ. „მძიმე მემკვიდრეობის“ საილუსტრაციოდ დეპუტატმა გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემები მოიყვანა: „არსებობს გაეროს განვითარების პროგრამის 2012 წლის შეფასება საქართველოში. ციფრებს გეტყვით: ოჯახს აქვს ბანკისა და სხვისი ვალი – 22%, 210 000 ოჯახია ასეთი. ოჯახს არა აქვს სახლი და ბინა – 9%, 85000 ოჯახი საქართველოში. არასათანადო კედლები, სახურავი და იატაკი, ვისაც სახლი აქვს და ბინა – 42%, 400 000 ოჯახი, არასათანადო სანიტარია და წყალმომარაგება – ოჯახების 54%, 500 000 ოჯახი, ოჯახის მინიმუმ ერთ წევრს აქვს ქრონიკული დაავადება – 58%, 543 ათასი ოჯახი და ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს ოჯახის ყველა წევრს – 82%, ანუ 772 ათასი ოჯახი საქართველოში“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოში 2012 წელს არსებული მდგომარეობის შეფასება მოცემულია კვლევაში

  – „ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში“.

ეს კვლევა სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის სხვადასხვა ასპექტს ამომწურავად ახასიათებს. კვლევა გამოკითხვის მეთოდს ემყარება. გამოკითხვებისთვის ოჯახების 4 კატეგორია იქნა შერჩეული: სტანდარტული, დევნილი, სპეციალური საჭიროებების მქონე და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, სულ 4 301 ოჯახი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2004 წლიდან 2008 წლამდე საქართველოში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 6.8%-ს შეადგენდა. ეს ზრდა დროებით მხოლოდ 2008 წლის შუა პერიოდში შეჩერდა, როდესაც ქვეყანას რუსეთთან ომი და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ერთდროულად დაატყდა თავს. ორმაგი შოკის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2010-2011 წლებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი თითქმის კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს.

კვლევის მიხედვით, ოჯახის კეთილდღეობა სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას გულისხმობს და გარკვეული დროის განმავლობაში, ოჯახების დემოგრაფიული შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებების კვალდაკვალ ყალიბდება. ოჯახის კეთილდღეობა განსაზღვრულია როგორც მის მიერ ძირითადი საქონლის/ მომსახურების მოპოვების უნარი და ეკონომიკურ, სოციალურ და სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა. რაც შეეხება ეკონომიკურ მოწყვლადობას, ეს არის გაღარიბების რისკი ან ცხოვრების სათანადო სტანდარტის შენარჩუნების უუნარობა შოკის შემთხვევაში. კვლევის მიხედვით, ოჯახების მიერ რესურსების ფლობა და  ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათი შოკთან გამკლავების უნარს და შესაბამისად, მათ ეკონომიკურ და სოციალურ მოწყვლადობას. ოჯახის ხელთ არსებულ რესურსებში ფინანსური, ფიზიკური, ადამიანური და სოციალური რესურსები იგულისხმება.

ფინანსური რესურსების მიმართ ოჯახის მოწყვლადობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია ოჯახის სიდიდე და სტრუქტურა, შემოსავლის ტიპი და ეკონომიკური მდგომარეობა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 36% ისეთ ოჯახებში ცხოვრობს, რომელთა საშუალო მოხმარება საშუალო მინიმუმზე დაბალია; 61%-ს არ აქვს თვის ბოლოს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა; 22%-ს აქვს ბანკის ან რომელიმე პირის ვალი

და 22%-ს არ აქვს სტაბილური ხელფასი ან ხანდაზმულობის პენსია. ფიზიკურ რესურსებში შედის მიწა, შინაური პირუტყვი და სახლი. საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს არა აქვს მიწა, 49%-ს არ ჰყავს შინაური პირუტყვი და 9%-ს არ აქვს საცხოვრებელი სახლი. მათ შორის, ვისაც სახლი აქვს, 42%-ს არ აქვს არასათანადო კედლები, სახურავი და იატაკი, 54%-ს არ აქვს წყალთან წვდომა და სათანადო სანიტარული პირობები. ადამიანური რესურსებს მიეკუთვნება განათლება, დასაქმება და ჯანდაცვა. საქართველოში ოჯახების 58%-ს ჰყავს ქრონიკული დაავადების მქონე 1 ოჯახის წევრი. ოჯახების 52%-ში არ არის ოფიციალურად დასაქმებული პირი. ოჯახების 31%-ში განათლების უმაღლესი დონე საშუალო სპეციალურ განათლების დონეზე დაბალია. სოციალური რესურსების ჭრილში, მეგობრების და ნათესავების სოციალური სტატუსი, მედიის ხელმისაწვდომობა, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დონე და თემის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა შედის. კვლევის მიხედვით საქართველოში საზოგადოებრივი კავშირი არ აქვს ოჯახების 20%-ს, 23% არ იყენებს ტელევიზორს, გაზეთს ან ინტერნეტს როგორც ინფორმაციის წყაროს. მოსახლეობის 15% არ მონაწილეობს არანაირ გაერთიანებაში თემის დონეზე. რესურსების წვდომა ბაზრების და სახელმწიფო მომსახურების  წვდომას გულისხმობს. საქართველოში ოჯახების პროცენტული მაჩვენებლები რესურსების წვდომის მხრივ შემდეგნაირია: საბანკო ანგარიში არა აქვს ოჯახის არცერთ წევრს – 17%; არ ჰყავს ავტომობილი – 66%; 55%-ს უჭირს სამსახურის შოვნა. ოჯახების 82%-ში ოჯახის ყველა წევრს არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.

კვლევაში მოყვანილი ციფრები საქართველოს მდგომარეობის შესახებ უფრო ნათელ სურათს იმ შემთხვევაში მოგვცემდა, თუ მათ სხვა წლებთან, ან საქართველოს განვითარების დონის სხვა ქვეყნის მონაცემებთან შევადარებდით. ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობას იმის დასადგენად მივმართეთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა სხვა ქვეყნებში. პრესცენტრის ხელმძღვანელის, სოფო ჭიჭინაძის ინფორმაციით, ანალოგიური კვლევა არც სხვა ქვეყანაში და არც სხვა წლებში არ ჩატარებულა, თუმცა ამ კვლევასთან ყველაზე მიახლოებული (გამოყენებული მეთოდოლოგიით და შინაარსობლივად) ჰუმანური განვითარების კვლევაა, სადაც ქვეყნების ჰუმანური განვითარების ინდექსებია მოცემული. შესაბამისად, მეტი ინფორმაციის მისაღებად ამ ორი კვლევის შედეგების შედარება შესაძლებელია.

გაეროს „ჰუმანური განვითარების კვლევაში“ ძირითადი განზომილებებია: ეფექტიანობა (რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება), მდგრადობა (ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური) და ჰუმანური უსაფრთხოება (ქრონიკული საფრთხეებისაგან დაცვა, როგორიცაა შიმშილობა  და უმუშევრობა). ჰუმანური განვითარების ინდექსი ჯანდაცვის, განათლების, სიღარიბის და შემოსავლების შესახებ არსებული საერთაშორისო მონაცემების გამოყენებით არის გამოანგარიშებული. ჩვენ „ჰუმანური განვითარების“ 2013 წლის კვლევას გავეცანით, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ემყარება. 2013 წლის ანგარიშში

ჰუმანური განვითარების ინდექსი 187 ქვეყანას მოიცავს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი 2012 წელს 0.745 იყო და ამ მაჩვენებლით 187 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2005-2012 წლებში საქართველოს ინდექსი 0.713-დან 0.745-მდე გაიზარდა. 2011 წლის რეიტინგით საქართველო 187 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზე იყო.

ჰუმანური განვითარების ინდექსში ქვეყნები ოთხ კატეგორიად: ძალიან მაღალი განვითარების, მაღალი განვითარების, საშუალო განვითარების და დაბალი განვითარების ქვეყნებად იყოფიან. საქართველო მაღალი განვითარების ქვეყნებს განეკუთვნება. ამავე კატეგორიის ქვეყნებიდან რეიტინგში ბელორუსია 50-ე ( 0.793), რუსეთი 55-ე (0.788), სერბეთი 64-ე (0.769) ყაზახეთი 69-ე (0.754), უკრაინა 78-ე (0.740), აზერბაიჯანი 82-ე (0.734), სომხეთი 87-ე (0.729), ხოლო თურქეთი 90-ე (0.722) ადგილებზე იმყოფება.

2014 წლის ჰუმანური განვითარების კვლევის მიხედვით,

საქართველო ჰუმანური განვითარების ინდექსით (0.744) 187 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა. შესაბამისად, 2014 წელს საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაუარესდა და 0.744 გახდა (2013 წელს ის 0.745 იყო), რის შედეგადაც საქართველომ 72-დან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.

დასკვნა

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევაში – „ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში“ საქართველოს ოჯახების 2012 წლის მდგომარეობის შეფასებაა მოცემული. კვლევაში მონაწილეობა 4301 ოჯახმა მიიღო. კვლევა საქართველოში ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ მოწყვლადობას განსაზღვრავს.

კრიზისის შემთხვევაში ოჯახის მდგრადობა დამოკიდებულია მის ხელთ არსებულ რესურსებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობაზე. რესურსებში იგულისხმება ფინანსური, ფიზიკური, ადამიანური და სოციალური რესურსები. რაც უფრო მეტია საწყისი რესურსები მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ ოჯახი შოკის შემთხვევაში თავის დაცვას შეძლებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 54% მოწყვლადია და ნაკლებად უმკლავდება კრიზისებს. რესურსების ფლობის მიმართ მოწყვლადია მოსახლეობის 42%, რესურსების წვდომის მიმართ მოწყვლადია მოსახლეობის 36%.

შესაბამისად, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადების ნაწილი, სადაც ის გაეროს კვლევის მონაცემებზე საუბრობს, სიმართლეა, თუმცა დეპუტატი განცხადებაში ასევე დასძენს, რომ ეს მონაცემები „მძიმე“ მემკვიდრეობა იყო, რაც ახალ ხელისუფლებას „ნაციონალებისგან“ ერგო. ამ ფაქტორის გამო ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ ყოფილი ხელისუფლების პირობებში და უმჯობესდებოდა თუ არა სიტუაცია ბოლო ათწლეულში. ამ შედარებისთვის ჩვენ „ჰუმანური განვითარების“ ინდექსის მონაცემები გამოვიყენეთ, რომელიც ზემოაღნიშნული კვლევის მსგავსია. როგორც აღმოჩნდა, ბოლო დეკადაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა არასახარბიელო იყო, თუმცა მაჩვენებლები ნელ-ნელა უმჯობესდებოდა.

რაც შეეხება ბოლო რამდენიმე წელს, 2012 წლის მონაცემებით (2013 წელს გამოქვეყნებული ანგარიში), საქართველოს მცირედით უკეთესი ჰუმანური განვითარების ინდექსი აქვს, ვიდრე 2013 (2014 წლის ანგარიში) წელს. ე.ი. საქართველოს მდგომარეობა 2012 წელს უკეთესი იყო ვიდრე შარშან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ მაჩვენებლის ზრდა აღარ შეიმჩნევა, მეტიც საქართველოს პოზიციები სხვა ქვეყნებთან შედარებით ოდნავ გაუარესდა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი