იტვირთება

2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „სხვა შემოსავლები“ რატომ შემცირდა? მე მინდა გითხრათ, რომ ჯარიმებია შემცირებული, ჯარიმების მოცულობები არის შემცირებული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მის გადამოწმებას შეეცადა.

ნოდარ ხადურმა აღნიშნული განცხადება დეპუტატ ნანა ყეინიშვილის კითხვაზე პასუხისას გააკეთა. დეპუტატის შეკითხვა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების

შესრულების მაჩვენებლებს ეხებოდა. კერძოდ, ყეინიშვილს აინტერესებდა, თუ რატომ შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ერთ-ერთი ქვეპუნქტი – „სხვა შემოსავლები“.

ფაქტ-მეტრმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ მაჩვენებელი, 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს შეადარა. 2013 წლის "სხვა შემოსავლების" 10 თვის შესრულებამ 232 153 000 ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის ამავე პერიოდში კი - 216 729 000 ლარი. შესაბამისად, „სხვა შემოსავლები“ მართლაც შემცირებულია 15 424 000 ლარით. ბიუჯეტის აღნიშნული მაჩვენებელი ხუთი ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

  • შემოსავლები საკუთრებიდან;
  • საქონლის და მომსახურების რეალიზაცია;
  • სანქციები (ჯარიმები და საურავები);
  • ნებაყოფლობითი ტრანსფერები;
  • შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.

ნოდარ ხადურმა აღნიშნული ცვლილების მიზეზად სანქციების (ჯარიმები და საურავები) მოცულობის შემცირება დაასახელა. "სხვა შემოსავლების" ეს ნაწილი 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 94 831 500 ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 61 190 200 ლარს. შესაბამისად, 2014 წელს, სანქციების ნაწილში, 33 641 300 ლარიანი კლება დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ნაწილში არსებითად უფრო მეტი კლებაა, ვიდრე მთლიანად „სხვა შემოსავლების“ მაჩვენებელში.

სხვა შემოსავლები 2013

წელი

(10 თვე)
წლის გეგმის შესრულების პროცენტული მაჩვენებლი 2014

წელი

(10 თვე)
წლის გეგმის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი
შემოსავლები საკუთრებიდან 44,827.1 62.3% 23,301.6  26.0%
საქონლის და მომსახურების რეალიზაცია 48,761.5 79.5% 48,646.1 70.8%
სანქციები (ჯარიმები და საურავები) 94,831.5 94.8% 61,190.2 61.2%
ნებაყოფლობითი ტრანსფერები გრანტების გარეშე 1.9 0.1% 15, 793.7 929.0%
შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 43,730.8 67.3% 67,797.2 71.4%

ფაქტ-მეტრმა ჯარიმების და საურავების გარდა, "სხვა შემოსავლების" მაჩვენებლების დანარჩენი ნაწილებიც შეისწავლა. ვეცადეთ გაგვერკვია, „სხვა შემოსავლების“ შემცირება განაპირობა თუ არა მხოლოდ სანქციების მოცულობის შემცირებამ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქონლის და მომსახურების რეალიზაციის ნაწილში ცვლილება ფაქტიურად არ ყოფილა. 2013 წლის ათ თვეში შემოსულობა 48 761 000 ლარი იყო, ხოლო 2014 წლის იგივე პერიოდში – 48 646 100 ლარი.

შემოსულობის ზრდა დაფიქსირდა შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების ნაწილში. თუ 2013 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 43 730 800 ლარი იყო, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 67 797 200 ლარს გაუტოლდა. უპრეცენდენტო მატებაა ნებაყოფლობითი ტრანსფერების ნაწილში. 2013 წელს ნებაყოფლობითი ტრანსფერების შემოსულობა 1 900 ლარი (გეგმის 0.1%) იყო, 2012 წელს – 0 ლარი, ხოლო 2014 წელს ეს მაჩენებელი 15 793 700 ლარს გაუტოლდა (გეგმის 929%).

სანქციების ქვეპუნქტის გარდა, შემოსულობების კლება დაფიქსირდა საკუთრებიდან  მიღებული შემოსავლების მაჩვენებლებში. 2013 წელთან შედარებით, 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნულ ქვეპუნქტში 21 525 500 ლარით ნაკლები დაფიქსირდა. საკუთრებიდან შემოსავლები თავის მხრივ სამი ნაწილისგან შედგება: პროცენტები, დივიდენდები და რენტა. 2014 წელს უკანასკნელ ორ მაჩვენებელში შემოსავლების კლება დაფიქსირდა.

შემოსავლები საკუთრებიდან 2013 წელი (10 თვე) წლის გეგმის შესრულების პროცენტული მაჩვენებლი 2014

წელი

(10 თვე)
წლის გეგმის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი
პროცენტები 9,198.4 83.6% 18,728.2 66.9%
დივიდენდები 29,182.1 57.2% 165.7 0.3%
რენტა 6,446.7 64.5% 4,407.6 66.8%
  დასკვნა 2014

წლის 10 თვის მონაცემებით, სანქციებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 33 641 300 ლარით, ხოლო საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლების – 21 525 500 ლარით. ამასთან, სხვა შემოსავლების ქვეპუნქტი ჯამში 15 424 000 ლარითაა შემცირებული, რადგან ჯარიმებიდან და საკუთრებიდან შემცირებული შემოსავლები ნაწილობრივ ტრანსფერების და შერეული შემოსავლების მუხლებმა დააბალანსა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება „სხვა შემოსავლების“ შემცირება მხოლოდ სანქციების (ჯარიმები და საურავები) მოცულობის შემცირებას მივაწეროთ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სხვა შემოსავლების 9 თვის გეგმა 71.6 %-ით შესრულდა და დანაკლისმა 78 მილიონი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ შემცირება ჯარიმების მოცულობის შემცირებამ განაპირობა, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი