მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ფაქტ-მეტრის სერვისის – „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველმა ირაკლი სირბილაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას განცხადების გადამოწმება გვთხოვა, რომელიც საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას ეხებოდა.

18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხზე ისაუბრა

და განმარტა, რომ „დასავლეთის სახელმწიფოების უნივერსიტეტებში სტუდენტების შენატანი ბიუჯეტში მხოლოდ 10 პროცენტია, მეტი წილი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის, საქართველოში კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ნულის ტოლია“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში ნახსენები დასავლური უნივერსიტეტების ცნების ქვეშ უნდა მოვიაზროთ ევროპული და ამერიკული საჯარო უნივერსიტეტები, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კერძო უნივერსიტეტები, როგორც წესი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან.

ჩვენ, ამერიკის და ევროპის წამყვანი საჯარო უნივერსიტეტების შემოსავლის წყაროები გამოვიკვლიეთ. ევროპული უნივერსიტეტების დაფინანსებასა და ფინანსურ ავტონომიაზე, ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის კვლევაში

აღნიშნულია, რომ ევროპული უნივერსიტეტების ბიუჯეტების 70% სახელმწიფო ასიგნებებით ივსება (აქედან 57% ძირითადი დაფინანსებაა, 13% კი კონკურსის შედეგად მოიპოვება). კერძო კომპანიებიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 6%-ს შეადგენს, 3% არაკომერციული სექტორიდან მიღებულ დაფინანსებას უკავია, 2% კი – საზღვარგარეთიდან მიღებულ დაფინანსებას. დარჩენილი 19% მიეკუთვნება კატეგორიას „სხვა,“ რომელიც მოიცავს როგორც სწავლის გადასახადს, ასევე იმ დაფინანსებას, რომელიც წინა კატეგორიებში არ აისახება (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: ევროპული უნივერსიტეტების შემოსავლის წყაროები

image001

წყარო: JRCS Scientific and Technical Reports – European university funding and financial autonomy

ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტების დაფინანსება ძირითადად საშტატო დონიდან მომდინარეობს, თუმცა, ასევე არსებობს ფედერალური ასიგნებები, გრანტები და კონტრაქტები. „Delta Cost Project“-ის კვლევაში

მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მოქმედი საჯარო უმაღლესი დაწესებულებების ბიუჯეტის 50%-ზე მეტი სახელმწიფო ან საშტატო ასიგნებებით ივსება, თუმცა სტუდენტების შენატანი მთლიანი ბიუჯეტის 10%-იან წილს აღემატება. კვლევით უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივ კოლეჯებში სწავლის გადასახადი ბიუჯეტის 15-20 %-ს წარმოადგენს, სამაგისტრო ინსტიტუტებში კი ეს წილი 25-30%-ს უდრის. პარალელურად, 1998 წლიდან მოყოლებული აღინიშნება სახელმწიფო დაფინანსების წილის შემცირებისა და სწავლის გადასახადის წილის ზრდის ტენდენცია (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2:

თითო სტუდენტის შესანახად საჭირო თანხის წარმოშობის წყარო (1998-2008 წწ.)

image0024 წყარო: Trends in College Spending:  A report of the Delta Cost Project

როგორც ვხედავთ, ევროპაშიც და ამერიკაშიც სტუდენტების სწავლის დაფინანსების პასუხისმგებლობას უმეტესწილად სახელმწიფო კისრულობს. სტუდენტების შენატანი საშუალოდ 10-15%-ია.

რაც შეეხება საქართველოს, საჯარო უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან ყოველწლიურ პროგრამულ დაფინანსებას იღებენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2013 წელს პროგრამული დაფინანსების სახით სახელმწიფოსგან 4 787 150 ლარი მიიღო. აქედან, 3 938 000 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემულ 14 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დასაქმებული თანამშრომლების შრომითი ანაზღაურებისთვის, ხოლო 849 150 ლარი - სტუდენტებზე გასაცემი სახელმწიფო სტიპენდიისთვის იყო განკუთვნილი.

სახელმწიფო დაფინანსებამ 2013 წელს უნივერსიტეტის შემოსავლების 27% შეადგინა. ეს მოიცავდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებს (10%), სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ პროგრამულ დაფინანსებას (9%) და ეროვნული გამოცდებით მიღებულ სასწავლო გრანტებს (8%). ზოგადად, ეროვნული სასწავლო გრანტი მიიჩნევა სტუდენტის და არა სასწავლებლის მხარდაჭერად, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ დაფარული სწავლის გადასახადი უნივერსიტეტის შემოსავლების 8%-ს (4 218 525 ლარი) შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს №218 დადგენილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 560 000 ლარი გამოიყო. ფაქტ-მეტრისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სტუდენტების გადასახადის რა ნაწილი ანაზღაურდება მთავრობის №218 დადგენილებით განსაზღვრული დაფინანსებით. თუმცა, ბუნებრივია, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა (2 560 000 ლარი) მთლიანად თსუ-ს ბიუჯეტშიც რომ გადარიცხულიყო, ეს სურათს არსებითად არ შეცვლიდა, რამდენადაც ეს თანხა უნივერსიტეტის სრული შემოსავლების 5%-ს არ აღემატება (იხ. გრაფიკი 3).

გრაფიკი 3: 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოსავლის წყაროები

image003

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი

მართალია, უნივერსიტეტის ბიუჯეტის 27% სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული თანხით ივსება, მაგრამ იმ სამი კომპონენტიდან, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერად უნდა მივიჩნიოთ, არცერთი არ გულისხმობს უნივერსიტეტის საბაზისო დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ ევროპული უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსება ბიუჯეტის 57%-ს შეადგენს. ამდენად, საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში, საჯარო და კერძო უნივერსიტეტები თანაბარ ხელშეწყობას იღებენ სახელმწიფოსგან, რამდენადაც ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული სასწავლო გრანტი სტუდენტს როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტში მიჰყვება. პროგრამულ დაფინანსებას საჯარო უნივერსიტეტები მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალის შრომითი ანაზღაურებისთვის იღებს. რაც შეეხება ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებს, მისი მოპოვება საკონკურსო წესით ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მეცნიერს შეუძლია.

ამ მხრივ, საქართველოში არსებული მოდელი რადიკალურად განსხვავდება დასავლური მოდელებისგან. ევროპაში საჯარო უნივერსიტეტები საბაზისო დაფინანსების მეშვეობით ახერხებენ ევროკავშირში მაცხოვრებელი სტუდენტებისთვის დაბალი ფასების, ან სულაც უფასო სწავლების შეთავაზებას (ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დანია, გერმანია, ავსტრია, სლოვენია და სხვ.). საქართველოს საჯარო უნივერსიტეტებს საბაზისო დაფინანსების არარსებობა კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რამდენადაც კერძო უნივერსიტეტები, საჯაროებთან შედარებით, პროფესორებს, ლექტორებსა და სტუდენტებს უკეთეს პირობებს სთავაზობენ, გამომდინარე მათი მრავალმხრივი კერძო დაფინანსებიდან.

  დასკვნა

ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების უმეტესობა სახელმწიფოს/შტატის პირდაპირი საბიუჯეტო წესით ფინანსდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ში არსებული ტენდენცია საბიუჯეტო დაფინანსების კლებისკენაა მიმართული, რაც უნივერსიტეტის შემოსავლებში სწავლის გადასახადის წილის ზრდას იწვევს. სტუდენტების შენატანი ამერიკულ უნივერსიტეტებში 10%-ს მცირედით აღემატებოდა, თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, შეინიშნება ამ მაჩვენებლის დაახლოებით 20%-მდე ზრდა.

საქართველოში, უნივერსიტეტები სახელმწიფო პროგრამულ დაფინანსებას იღებენ, რაც ბიუჯეტის 9%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სასწავლო გრანტი (8%) და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები (10%) ასევე სახელმწიფო დახმარებას წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო დახმარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბაზისო დაფინანსებას საქართველოში არსებული საჯარო უნივერსიტეტები, განსხვავებით დასავლური უნივერსიტეტებისგან, არ იღებენ.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ვლადიმერ პაპავას განცხადება: „დასავლეთის სახელმწიფოების უნივერსიტეტებში სტუდენტების შენატანი ბიუჯეტში მხოლოდ 10 პროცენტია, მეტი წილი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის, საქართველოში კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ნულის ტოლია,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი