2014

წლის 12 დეკემბერს, პარლამენტში საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული საკრედიტო სესხების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, თანამდებობებზე დანიშვნიდან მეორე დღესვე, „ქართუ ბანკიდან“ მათ ისეთი ოდენობის კრედიტები მიიღეს, რომელთა გადახდისთვისაც მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის ანაზღაურება საკმარისი არ არის და სესხების გასტუმრებას 10-15 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

ფაქტ-მეტრი აკაკი ბობოხიძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჩვენ აკაკი ბობოხიძეს დავუკავშირდით. დეპუტატის განმარტებით, მისი განცხადება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ღია წყაროებს ეფუძნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2014 წლის 25 სექტემბრის კვლევაში,

საჯარო პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო სესხებია გაანალიზებული.

კვლევის მიხედვით, მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური  შემოსავალი,  დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით 2 950 ლარს იღებს, მინისტრის მოადგილე კი - 2 720 ლარს. ამ ანაზღაურებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა წელიწადში სამჯერ გასაცემი პრემია დაემატოს.

ის, თუ რა თანხის გადახდა უწევს თანამდებობის პირს ყოველთვიურად სესხის გასასტუმრებლად, დეკლარაციაში ყოველთვის მითითებული არ არის. ეს შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ იმ პერიოდში, რომელსაც დეკლარაცია მოიცავს, გადახდა არ განხორციელებულა, ან წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა 3 000 ლარს არ აღემატებოდა. ასეთ შემთხვევებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, ინფორმაცია ბანკების ვებგვერდებზე განთავსებული სესხების კალკულატორიდანაა მიღებული და შესაბამისად, ეს მონაცემები მიახლოებითია.

ზემოთხსენებულ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ კვლევაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დეკლარაციები და თანამდებობის დაკავების შემდეგ მათ მიერ ბანკებიდან გამოტანილი კრედიტების საკითხებია გაანალიზებული. ეს ფაქტი არ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ კრედიტი არ აუღიათ. უბრალოდ, ქვემოთ განხილული ოთხი თანამდებობის პირის მიერ გამოტანილი კრედიტები ოდენობით გაცილებით აღემატება მინისტრის კაბინეტის სხვა წევრთა მიერ აღებულ კრედიტებს, რიგ შემთხვევებში კი თანამდებობის პირის დეკლარაცია არ იძებნება.

ოთარ დანელია 2014 წლის აპრილში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა კი 2014 წლის ზაფხულში დაიკავა. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დანელიას ორი ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი: ერთი 2013 წლის მაისშია შევსებული, მეორე კი - 2014 წლის ივნისში. 2014

წელს შევსებულ დეკლარაციაში დანელიას 200 000 აშშ დოლარის ოდენობის 15 წლიანი იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს წლის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული.

იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან, წინა წლის (2013) განმავლობაში, სულ დაახლოებით 120 000 ლარი იყო, ანუ თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, მითითებული არ არის, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარს შეადგენდა. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი ნაღდი ფულის სახით 7 000 აშშ დოლარსა და 4 000 ლარს, ხოლო საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით 6 500 აშშ დოლარს და 1 500 ლარს შეადგენს.

მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.

„ბანკ რესპუბლიკის” ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე, მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია.

გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2012 წლის ნოემბრიდან მას ბანკ „ქართუში“ 120 000 აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიანი სესხი აქვს დამტკიცებული.

იმავე წელს, მინისტრმა 155 000 ლარის და 55 000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო. 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც სავარაუდოდ წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგან კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. სესხის გადასახდელად მინისტრს თვეში 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან შინაგან საქმეთა მინისტრია. იმავე თვიდან, საქართველოს ბანკში მას 140 000 აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიანი იპოთეკური სესხი აქვს დეკლარირებული.

„საქართველოს ბანკის” სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს ყოველთვიურად სესხის დასაფარად დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი), ანუ ხელფასის 52%-ის გადახდა უწევს. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარს შეადგენს. ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169 000 აშშ დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012-2013 წლებში ის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე კი, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

სოზარ სუბარ 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის ივლისიდან იგი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის მარტში სუბარმა „ქართუ ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიანი იპოთეკური სესხი აიღო 

და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული. ამ ოდენობის სესხზე გადასახადი, სესხის კალკულატორის მიხედვით, თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარს (დაახლოებით 2 600 ლარი) შეადგენს, რაც მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%-ია. წინა წლის (2012) შემოსავლებში, სუბარს და მის მეუღლეს ჯამში 30 527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში 2 543 ლარს შეადგენს.

დასკვნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამმა  მინისტრმა უშუალოდ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ბანკებიდან სოლიდური საკრედიტო სესხი მიიღო. რაც შეეხება ოთარ დანელიას, მან სესხი ჯერ კიდევ შინანაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროს აიღო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სესხის აღებიდან ერთ თვეში, ის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ორიოდე თვის შემდეგ კი - მინისტრად.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები შეიძინეს ოთარ დანელიამ, ალექსანდრე ჭიკაიძემ და სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარისა და ალექსანდრე ჭიკაიძის დეკლარაციებში არ არის მითითებული, თუ რა გზით იქნა მოპოვებული მათ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართისთვის საჭირო ფინანსური აქტივები. მთლიანობაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაანალიზებული დეკლარაციების მიხედვით, სოზარ სუბარის, ალექსანდრე ჭიკაიძის, ოთარ დანელიას და გიორგი კვირიკაშვილის კრედიტის ყოველთვიური გადასახდელი, მათი ხელფასის სოლიდურ ნაწილს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ოდენობის სესხები მინისტრების მოადგილეებსაც აქვთ მიღებული, მაგრამ განსხვავებით მინისტრებისგან, საჯარო სექტორში დასაქმებამდე მათი შემოსავლების წყაროს კერძო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის წევრებისაგან განსხვავებით, მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბანკიდან სესხი მყისიერად არ მიუღიათ.

აკაკი ბობოხიძის განცხადების პათოსი ბოლომდე სწორად ვერ ჩაითვლება, რადგან „ქართუ ბანკიდან“ სესხი მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილმა და სოზარ სუბარმა მიიღეს. გარდა ამისა, მინისტრებს არც უპროცენტო კრედიტი მიუღიათ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ კვლევაში ნახსენებმა თანამდებობის პირებმა საკმაოდ სოლიდური და გრძელვადიანი სესხები თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში მართლაც მიიღეს.

შესაბამისად, აკაკი ბობოხიძის განცხადება: „ძალიან მაღალი ჩინის პირებმა დანიშვნისთანავე, მეორე დღეს, „ქართუ ბანკიდან“ პრაქტიკულად უპროცენტო კრედიტები გამოიტანეს, რომელსაც 10-15 წლის განმავლობაში მათი ხელფასი არ ეყოფა, რომ გაისტუმრონ,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი