2014

წლის 12 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2015 წელს განათლების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში

განათლების სფეროს დაფინანსებისთვის დაახლოებით 853 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2014 წლის გეგმას 83 მილიონი ლარით აღემატება (გვ. 19).

ცხრილი 1:

განათლების სფეროს დაფინანსება (მლნ. ლარი)

განათლება

2013 წლის ფაქტი

2014 წლის გეგმა

2015 წლის პროექტი

683

769

853

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის ფუნქციონალური ნაწილის თანახმად, ზოგადი განათლება (დაწყებითი და საშუალო ზოგადი განათლება) 493.5 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 53.9 მლნ ლარით მეტია 2014 წლის გეგმაზე. 2015 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზარდა და 94 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება პროფესიული განათლების დაფინანსებას, ამ თანხამ 2014 წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით დაიკლო და 27 მილიონი ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები, 2015 წლის ბიუჯეტის ფუნქციონალური ნაწილის მიხედვით, 2014 წელთან შედარებით დაახლოებით 1.2 მილიონი ლარითაა შემცირებული და 193.4 მილიონ ლარს შეადგენს (გვ. 17).

ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასაფინანსებლად, ზრდა გათვალისწინებულია ფინანსური აქტივების ზრდის მუხლში, რაც მელიორაციის და აგროსექტორის განვითარების სხვადასხვა ღონისძიებებს ხმარდება. ფინანსური აქტივების მუხლში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 30 მილიონი ლარით გაიზარდა (გვ. 168).

ცხრილი 2:

სოფლის მეურნეობის დაფინანსება (მლნ. ლარი)

ხარჯები და არაფინანსური აქტივები

2013 წლის ფაქტი

2014 წლის გეგმა

2015 წლის პროექტი

176

194.6

193.4

ფინანსური აქტივების ზრდა

51.4

68.9

99.5

სოფლის მეურნეობის სფეროში დაფინანსებული პროგრამებიდან

აღსანიშნავია, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის დაფინანსება გასულ წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ შემცირდა და 30 მილიონი ლარი შეადგინა. აგროსექტორის ხელშეწყობა/განვითარებაზე გამოყოფილი დაფინანსება 2014 წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით გაიზარდა და 34 მილიონი ლარი შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვის პროგრამის ბიუჯეტის რაოდენობა არ იცვლება და 50 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროგრამას, კერძოდ აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მასზე 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წელს 1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 125 მილიონით აღემატება 2014 წლის გეგმას (საქართველოს ბიუჯეტის ასიგნებები, გვ. 114).

ცხრილი 3:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება (მლნ. ლარი)

ინფრასტრუქტურა

2013 წლის ფაქტი

2014 წლის გეგმა

2015 წლის პროექტი

824

875

1 000

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეული პროექტების დაფინანსებას, 2015 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 645 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 144 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ბიუჯეტს. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 2015 წელს 226 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 39 მილიონი ლარით მეტია 2014 წელს ამავე პროგრამისთვის გამოყოფილ თანხაზე. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 12 მილიონი ლარით შემცირდა და 119 მილიონი ლარი შეადგინა. 2015 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა. პროგრამაზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა თითქმის 46 მილიონი ლარით შემცირდა და 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.

  დასკვნა

გასული წლის გეგმასთან შედარებით საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის გეგმით, განათლების სფეროს დაფინანსება 83 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 125 მილიონი ლარით აღემატება 2014 წლის გეგმას. სოფლის მეურნეობაზე 2015 წელს გამოყოფილი თანხის რაოდენობა კი 30 მილიონი ლარით აღემატება 2014 წლის გეგმას.

შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება: "მნიშვნელოვნად იზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება," არის სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სტატიაში მოყვანილი მონაცემები სრული არ იყო და ზუსტად ვერ ასახავდა რეალობას. სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და არგუმენტების განხილვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსების შესახებ, კვლევის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული ინფორმაცია მართლაც არასრული იყო. შესაბამისად, სტატია დაკორექტირდა, ასევე შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც და ნოდარ ხადურის განცხადება „ნახევრად სიმართლის“ ნაცვლად „სიმართლედ“ შეფასდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია