მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში,

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების რაოდენობის კლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურისტთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდანაც (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.) შემცირდა, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები არ გვაქვს. აღნიშნული მან სხვადასხვა ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა. მინისტრის განცხადებით, ტურისტების რაოდენობაზე მცირე გავლენა სავიზო რეგულაციებმაც იქონია.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ვიზიტორი ეწოდება პირს, ვინც თავისი ბუნებრივი გარემოდან კონკრეტული მიმართულებით მოგზაურობს, იქ ერთ წელზე ნაკლები  ვადით რჩება და დასაქმებული არ არის. ის ვიზიტორი ვინც კონკრეტულ ადგილზე ერთ ღამეს მაინც ათევს, ტურისტად კლასიფიცირდება.

2014

წელს საქართველოს 5 493 492 მლნ ვიზიტორი ეწვია, რის შედეგადაც, 2013 წელთან შედარებით პროცენტულმა ზრდამ 2% შეადგინა. 2015 წლის პირველ ორ თვეში ვიზიტორთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება.

ყოველწლიურად, ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა) შემოდის. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორია ამ ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა წლების მიხედვით.

ცხრილი 1:

მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2013-2014 წლებში

2013 წელი (12 თვე)

2013 წლის (სექტემბერი - დეკემბერი)

2014 წელი (12 თვე)

2014 წლის (სექტემბერი - დეკემბერი)

თურქეთი 3% 1 597 428 23% 697 380 -10% 1 435 822 -35% 453 199
სომხეთი 40% 1 291 838 32% 466 212 2% 1 321 500 -3.6% 448 972
აზერბაიჯანი 15% 1 075 857 15% 386 694 19% 1 282 222 9% 422 539
რუსეთი 49% 767 396 4% 249806 6% 810 233 0.9% 250303
უკრაინა 65% 126 797 59% 46785 13% 143 157 7% 43508

2014

წელს თურქეთიდან 1 435 822 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 161 616-ით ნაკლებია 2013 წლის მონაცემებზე. შესაბამისად, 2014 წელს თურქეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა. აღნიშნულმა კლებამ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მთლიანი რიცხვი 3%-ით შეამცირა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, თურქეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი იანვარში 7%-ით, ხოლო თებერვალში კი 10.7 %-ით შემცირდა.

2014

წელს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა. თუმცა, 2015 წლის იანვარში სომხეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი 2.4%-ით შემცირდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, როგორც წინა წლებში, ისე მიმდინარე წელს, ვიზიტორთა ნაკადი კვლავაც იზრდება. აზერბაიჯანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა იანვარში 11.9%-ით, ხოლო თებერვალში 8.5%-ით გაიზარდა.

საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში მეოთხე ადგილი რუსეთს უჭირავს, ხოლო მეხუთეს უკრაინა იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა არ შემცირებულა, საგრძნობლად შემცირდა პროცენტული ზრდის ტემპი. თუ 2013 წელს პროცენტულმა ზრდამ 49% შეადგინა, 2014 წელს ის მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი 7% -ით შემცირდა. რაც შეეხება უკრაინას, 2014 წელს პროცენტულმა ზრდამ 13% შეადგინა, 2015 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 12.5%-ით შემცირდა.

ქვეყანაში ტურიზმის შემცირებაზე გავლენა იქონია სავიზო რეგულაციებმაც, რომლის შედეგადაც საქართველომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან 24 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა. ამ ქვეყნებიდან ხუთი, საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით, TOP 30 ქვეყანაში შედის. ვინაიდან კონკრეტული სტატისტიკა, რომელიც საქართველოში თითოეული ქვეყნიდან  ჩამოსული ტურისტების რაოდენობას (თვეებისა და წლების  მიხედვით) ასახავს არ არსებობს, ჩვენ სავიზო რეგულაციების შედეგის გასაანალიზებლად ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა მონაცემები ავიღეთ.

ცხრილი 2:

TOP 30 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ცვლილება (2012-2014 წლების სექტემბერ-დეკემბერი)

ქვეყანა 2013 წელი 2014 წელი ქვეყანა 2013 წელი 2014 წელი
თურქეთი 23% -35% ყაზახეთი 45% 22%
სომხეთი 32% -3.6% გაერთიანებული სამეფო 19% 19%
აზერბაიჯანი 15% 9% საფრანგეთი 20% -4%
რუსეთი 4% 0.9% ბელორუსი 58% 43%
უკრაინა 59% 7% ბულგარეთი 0.03% 4.1%
ირანი 0.93% -84% იტალია 6% 9.3%
ერაყი 253% -97% ეგვიპტე 47% -84%
ისრაელი 23% 12% ჩინეთი -17% -42%
პოლონეთი 95% -4% ნიდერლანდები 48% -5.9%
გერმანია 20%% 6% ფილიპინები 33% -47%
აშშ -13% 3% ჩეხეთი 17.8% -3%
საბერძნეთი 4% -5% ლატვია 7.7% 34%
ინდოეთი -25% 27% ლიტვა 0.5% 96%
ავსტრია 3.9% 6% მოლდოვა 51% 18%
უზბეკეთი -36% 4% ესპანეთი 12.8% 86%

2014

წლის ბოლო 4 თვეში TOP 30 ქვეყნიდან 1 729 004 ვიზიტორი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, 41 112 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 2.3%-ია.

მოცემული 30 ქვეყნიდან 25-ში ვიზიტორთა რაოდენობის ან პროცენტული ზრდის ტემპის კლება დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული 30 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში სავიზო რეჟიმი არ გვაქვს, რვა ქვეყნიდან ვიზიტორთა შემოსვლა შემცირდა. ამ ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული.

ტურიზმის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციაცაა. 2014 წელს დსთ-ის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვით, დსთ-ის ქვეყნების საერთო ეკონომიკური ზრდა 0.75%-მდე დაეცა. თუმცა, თუ დსთ-ში შემავალი ქვეყნებიდან  2014 წელს ვიზიტორთა შემოსვლის შემცირება (2 290 ადამიანი) მხოლოდ უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდიოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში, ვიზიტორთა კლება სომხეთიდან და რუსეთიდანაც დაფიქსირდა.

  დასკვნა

როგორც ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, მოცემული TOP 30 ქვეყნიდან 25-ში შემცირებულია ან ვიზიტორთა რაოდენობა, ან ვიზიტორთა პროცენტული ზრდის ტემპი. იმ ქვეყნებში, სადაც 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ სავიზო რეგულაციები დაწესდა, ვიზიტორთა შემოსვლა შემცირდა, რამაც 2014 წლის ბოლო ოთხ თვეში შემოსულ ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა 2.3%-ით შეამცირა.

2014

წლის ბოლო ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-ით შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს. მათ შორის არის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დასახელებული სომხეთი და თურქეთი. თუმცა, ის აღნიშნული ქვეყნების სიაში, ასევე ასახელებს აზერბაიჯანს, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა და კლების ტენდენციას ადგილი არ ჰქონია.

იმ ქვეყნების გარდა, რომლებთანაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან სავიზო რეგულაციები დაწესდა, საქართველოში  ვიზიტორთა ნაკადი იმ ქვეყნებიდანაც  შემცირდა, რომლებთანაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდა. ამასთან, ვიზიტორების რიცხვმა იმ ქვეყნებიდანაც დაიკლო, სადაც ეკონომიკური სიტუაცია სტაბილურია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა კლების ტენდენცია მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს არ ეხება და მას უფრო მასიური ხასიათი აქვს.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია