მიმდინარე წლის 15 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აღებული სოციალური ვალდებულებები მთავრობას უკვე მძიმე ტვირთად ექცა: "წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების 3%-მდე ზრდა არის ჩადებული, რაც პრაქტიკულად ზრდა არ არის. თუ გავითვალისწინებთ ლარის გაუფასურებას, პირიქით შემცირება გამოდის. მიმდინარე წლის აპრილიდან ბავშვზე 10 ლარიანი დანამატის გაცემა უნდა დაწყებულიყო, მთავრობამ ეს ვერ მოახერხა და მაისამდე გადავადდა. ისიც არ ვიცით მაისიდან მოხდება თუ არა ამის გაცემა" - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფაქტ-მეტრი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.

2014 წელს სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 2.58 მილიარდი ლარით განისაზღვრა. 2015 წელს სოციალურ ხარჯებზე 2.69 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

შესაბამისად, მიმდინარე წელს სოციალური ვალდებულებების დაფინანსება 4%-ით გაიზარდა. სოციალური ხარჯების ზრდის ტემპი გასულ წლებში გაცილებით მაღალი იყო. სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 2012 წელს 11%-ით, 2013 წელს 22%-ით, ხოლო 2014 წელს 24%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წელს მოსალოდნელი ინფლაცია 5%-ია. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელსაც კი ვერ გადაფარავს.

ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის ბოლოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია წარადგინა.  ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა სამინისტრომ  2013 წლის სექტემბერში UNICEF-ის მხარდაჭერით დაიწყო. მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდა. ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს მიიღებს. 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები 50 ლარს მიიღებენ. ახალი ფორმულით, ფულად დახმარებას 40 ლარის ოდენობით, 57 00-დან 60 000-მდე და 30 ლარის ოდენობით კი, 60 000-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებიც მიიღებენ. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, ყოველ ბავშვზე 10 ლარიან დანამატს მიიღებენ (ფაქტ-მეტრმა ამ თემაზე ადრეც იმუშავა, იხ. სტატია). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. 2015 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე, სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების გადამოწმება ტესტირების რეჟიმში უნდა მომხდარიყო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 მარტის N145 დადგენილებით,

ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადამ 1 მაისამდე გადაიწია.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ გადაიწია სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გაიოზ თალაკვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა: "მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ახალი მეთოდოლოგიით ოჯახების გადამოწმება პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ამ ფორმულას. მოგეხსენებათ, ჩვენ UNICEF-თან ერთად ვმუშაობთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭიროა ფორმულაზე დამატებითი მუშაობა და მეტი დაკვირვება. სწორედ ამიტომ, ახალი ფორმულის ამოქმედების ვადამ გადაიწია".

გაიოზ თალაკვაძემ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ "გეგმის მიხედვით, დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმება წლის ბოლოს, ხოლო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ყველა ოჯახის გადამოწმება მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება".

ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ ფულადი დახმარების, ასევე ბავშვზე 10 ლარიანი დანამატის გაცემა ეტაპობრივად მოხდება. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, ოჯახის გადამოწმების შემდეგ თანხების გაცემამდე გარკვეული პროცედურებისთვის (ინფორმაციის მიღება-დამუშავება) დაახლოებით 2-3 თვეა საჭირო. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი მეთოდოლოგია აპრილში დამტკიცდებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვზე 10 ლარიან დახმარებებს იმავე თვეში ვერ მიიღებდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ აღნიშნული მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადის ერთი თვით გადაწევა, იმას ნიშნავს, რომ ოჯახები ბავშვზე 10 ლარიან დანამატს დაგეგმილზე შედარებით გვიან მიიღებენ.

დასკვნა

მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების დაფინანსება წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. გასულ წლებში (2012, 2013, 2014) სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება გაცილებით მაღალი ტემპით იზრდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, UNICEF-ის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, ყოველ ბავშვზე 10 ლარიანი დანამატი უნდა მიიღონ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. თუმცა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 მარტის დადგენილებით, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადამ 1 მაისამდე გადაიწია. სამინისტროში განმარტავენ, რომ  ვადის გადაწევა ახალ ფორმულაზე დამატებითი სამუშაოების საჭიროებით იყო გამოწვეული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი მეთოდოლოგია აპრილში ამოქმედდებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვზე 10 ლარიან დახმარებებს იმავე თვეში ვერ მიიღებდნენ, რადგან ოჯახის გადამოწმებიდან ფულადი დახმარების დანიშვნამდე პერიოდი 2-დან 3 თვემდე მერყეობს.  თუმცა, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადის გადაწევის შედეგად, ოჯახები ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში სოციალურ დახმარებას და ბავშვზე 10 ლარიან დანამატსაც დაგეგმილზე შედარებით გვიან მიიღებენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი