პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ", განხილვის დროს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განაცხადა: "ჩვენ დღეს გვაქვს კოდექსი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების მიმართ ხორციელდება ზუსტად ისეთი ღონისძიებები, რაც სრულწლოვნების მიმართ".

ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

დღეისთვის არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი და მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია გაბნეული. თუმცა, ის, რომ არსებული კანონმდებლობა ნაწილობრივ უკვე ითვალისწინებს სპეციფიურ მიდგომას არასრულწლოვნების მიმართ, თავად ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია

აღნიშნული (გვ. 56).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არასრულწლოვნის მიმართ განსახორციელებელ ზოგად პროცედურებს ადგენს. უფრო კონკრეტულ წესებთან დაკავშირებით კი, კოდექსი ისეთ საკანონმდებლო აქტებზე მიუთითებს, როგორებიცაა: "პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონი", საქართველოს იუსტიციის მინისტრის N 181 და N 216-ე ბრძანება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის N 29-

ე ბრძანება და სხვა. შესაბამისად, როდესაც საქმე  არასრულწლოვანს ეხება, ხშირ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის მხოლოდ ერთი კონკრეტული მუხლით ხელმძღვანელობა საკმარისი არაა.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესს მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები ახორციელებენ, რომლებმაც პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალური მომზადება გაიარეს. პროკურორი, რომელსაც გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, დაიწყოს ან შეწყვიტოს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული საჯარო ინტერესის წესით უნდა ხელმძღვანელობდეს. არასრულწლოვნების შემთხვევაში, საჯარო ინტერესს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი უპირისპირდება, რომლის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ფსიქიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რესოციალიზაციისა და არასრულწლოვანის ხელახალი აღზრდისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობა და სხვა ინტერესები, რომელთა განსაზღვრა არასრულწლოვანთა პიროვნული მახასიათებლების შესაბამისად უნდა მოხდეს.

არასრულწლოვნის ინტერესებისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივები მაქსიმალურად ხშირად უნდა გამოიყენებოდეს. არასრულწლოვნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს განრიდება და მედიაცია წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამები ცალკეულ რეგიონებში 2010 წლიდან დაიწყო, ხოლო 2013 წლისთვის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა. საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის

მიხედვით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული განრიდებების რაოდენობა:

  • 2010 წელი - 2 არასრულწლოვანი;
  • 2011 წელი - 81 არასრულწლოვანი;
  • 2012 წელი - 120 არასრულწლოვანი;
  • 2013 წლის I კვარტალი - 25 არასრულწლოვანი.

აღნიშნული პროგრამა პროკურორს საშუალებას აძლევს ზოგიერთ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყოს/შეწყვიტოს და ამავე დროს რეაგირების გარეშე არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები სპეციალური ხელშეკრულებით განისაზღვრება. ხელშეკრულების დადება ნებაყოფლობითია, რა დროსაც პროკურორი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, ასევე, ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, სიმძიმეს, მიყენებულ ზიანს ითვალისწინებს და აფასებს, თუ რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას არასრულწლოვანზე, როგორია რეციდივის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხროციელების შემთხვევაში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ განრიდება 2011 წლიდან სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებითაც აქტიურად გამოიყენება, თუმცა, პროცედურებს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს. განრიდებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე, პროკურორი არა მხოლოდ უფლებამოსილია განარიდოს არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ პრიორიტეტი სისხლის სამართლის სისტემიდან ისეთი არასრულწლოვანის განრიდებას უნდა მიანიჭოს, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამასთან, არასრულწლოვნებს უტარდებათ ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა და არასრულწლოვნისთვის მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პროპორციული ვალდებულების დაკისრება ხდება. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს არასრულწლოვნის ვალდებულებებს, მისი ქცევის შეზღუდვას, მის ჩართვას სხვადასხვა პროგრამებში და სხვა. ხოლო, რაც შეეხებათ სრულწლოვან მსჯავრდებულებს, განრიდებისას მათი ხელშეკრულების პირობები უფრო მკაცრად განსაზღვრული და სადამსჯელო ხასიათისაა.

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივის მეორე სახეს, მედიაციის ინსტიტუტს, ის მხოლოდ არასრულწლოვნებთან მიმართებით გამოიყენება. მედიაცია არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესს გულისხმობს, რომელსაც მედიატორი უძღვება. ამ პროცესის მიზანი არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის გადაწყვეტაა.

"

პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონი" არასრულწლოვან და სრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის ასევე მნიშვნელოვან განსხვავებას ითვალისწინებს. კერძოდ, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა ყოველ 3 თვეშია სავალდებულო, ხოლო სხვა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა კი - ყოველ 6 თვეში. განსხვავებაა ნასამართლეობის გაქარწყლების ვადებშიც. კერძოდ, სრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში ნასამართლეობა სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს - სასჯელის მოხდიდან 3 წლის, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 6 წლის, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანშაულის დროს 8 წლის შემდეგ უქარწყლდება. არასრულწლოვნის შემთხვევაში ვადები შემცირებულია და ჩამოთვლილი დანაშაულების შესაბამისად, ნასამართლეობის გაქარწყლება სასჯელის მოხდიდან  6 თვის, 1, 3 და 5 წლის შემდეგ ხდება.

ეკა ბესელიამ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ნასამართლეობის დაუყოვნებლივ გაქარწყლების, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი და შემჭიდროებული ვადები. კანონპროექტით, არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს, ნაცვლად 60 დღისა, ხოლო ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ნაცვლად 9 თვისა. აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასრუწლოვან და სრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის ამ კუთხით არანაირი სხვაობა არ არის. შესაბამისად, ამ და სხვა მრავალი ცვლილების გათვალისწინებით, კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ სპეციალურ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს.

  დასკვნა

ეკა ბესელიას განცხადება უშუალოდ კანონმდებლობაში არასრულწლოვანისა და სრულწლოვანის მიმართ განსახორციელებელი სამართლებრივი ღონისძიებების ფაქტობრივ გამიჯვნას ეხებოდა. როგორც ვნახეთ, არსებული კანონმდებლობა არაერთ ასპექტში ითვალისწინებს არასრულწლოვანსა და სრულწლოვანს შორის განსხვავებულ მიდგომას და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის დაცვას. თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც გააერთიანებდა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის მონაწილეობის შესახებ არსებულ სპეციფიურ წესებს და გაამარტივებდა მათ აღქმას. მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი კი, აერთიანებს არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ აქამდე არსებულ რეგულაციებს, ასევე ითვალისწინებს დამატებით უფლებებს ამ კუთხით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს.

შესაბამისად, ეკა ბესელიას განცხადება: "დღეს გვაქვს კოდექსი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების მიმართ ხორციელდება ზუსტად ისეთი ღონისძიებები, რაც სრულწლოვნების მიმართ", არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი