მიმდინარე წლის 12 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური ტენდენციები, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება, მოსახლეობის მნიშნელოვან ნაწილს აზარალებს. მან აღნიშნა, რომ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ფაქტ-მეტრი ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკით დაინტერესდა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების რაოდენობამ 14 715 მლნ ლარი შეადგინა. გაცემული სესხების 36% (5 274 მლნ ლარი) ეროვნულ ვალუტაში არსებულ დავალიანებას წარმოადგენს, ხოლო  სესხების 64% (9 441 მლნ ლარი) უცხოურ ვალუტაშია გაცემული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით,

პირველი აპრილის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 326 მლნ ლარს შეადგენდა, რაც ეკონომიკაზე გაცემული სესხების 2.2%-ია. ვადაგადაცილებული სესხების 47% (152 მლნ ლარი) ეროვნულ ვალუტაში არსებული დავალიანებაა, ხოლო 53% (173 მლნ ლარი) უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრმა 2008-2014 წლებში ვადაგადაცილებული სესხების დინამიკა გადაამოწმა.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინანსური სტაბილურობის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა ვადაგადაცილებული სესხების აბსოლუტურ მაჩვენებელს (რაც მართლაც რეკორდულ დონეზეა), არამედ სესხებში მის პროცენტულ წილს. წლების განმავლობაში ეკონომიკაში გაცემული სესხების მთლიანი მოცულობის ზრდასთან ერთად ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც იზრდება.

2008

წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხები ეკონომიკაზე გაცემული სესხების 1.6%-ს შეადგენდა. 2008 წლის ომის და 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული წილი გაიზარდა და მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2009 წლის ივნისში ვადაგადაცილებულმა სესხებმა ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 5.1% შეადგინა, საიდანაც 8.6% ეროვნულ ვალუტაში გაცემული, ხოლო 3.6% უცხოურ ვალუტაში გაცემული ვადაგადაცილებული სესხი იყო.

გრაფიკი 1:

ვადაგადაცილებული სესხები 2008-2010 წლებში

image001 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2010

წლის ბოლოდან 2012 წლის მეორე ნახევრამდე ვადაგადაცილებული სესხების წილი (როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით) შემცირდა, ხოლო 2012 წლის მეორე ნახევრიდან 2013 წლის ივლისამდე ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირედით გაიზარდა, რაც მოცემულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებით შეიძლება აიხსნას. თუმცა, 2013 წლის მეორე ნახევრიდან ვადაგადაცილებული სესხების წილი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

გრაფიკი 2:

ვადაგადაცილებული სესხები 2011-2013 წლებში

image002 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2014

წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი ეკონომიკის მთლიანი დავალიანების 2.2%-ს შეადგენდა, საიდანაც 2.7% ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, ხოლო 1.9% უცხოურ ვალუტაში გაცემულ ვადაგადაცილებულ სესხს წარმოადგენდა.

2014 წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შემცირდა, ხოლო ნოემბერში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, რამაც მოსახლეობის ნაწილს, რომელთაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ კრედიტი აღებული, სესხი გაუძვირა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ვადაგადაცილებული სესხების წილი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, ხოლო 2015 წლის იანვრის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი შემცირდა კიდეც.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების წილი ზრდის ტენდენციით ხასითდებოდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი "რეკორდული" არ არის და წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირებულიცაა.

გრაფიკი 3:

ვადაგადაცილებული სესხები 2014-2015 წლებში (მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვე)

image003 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეკონომიკური ზრდის შემცირებამ და ვალუტის კურსის გაუფასურებამ რა თქმა უნდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა გააუარესა, თუმცა საბანკო სექტორის ფინანსური სტაბილურობისთვის ჯერჯერობით საფრთხე არ შეუქმნია, რაც ნაწილობრივ კომერციული ბანკების კაპიტალის მაღალი ბუფერის და მოვალეთა მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკის დამსახურებაა.

დასკვნა 2015

წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 326 მლნ ლარი შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს მართლაც რეკორდული რიცხვია, თუმცა ვადაგადაცილებული სესხების სიდიდე იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ რა პროცენტული წილი უჭირავთ ასეთ სესხებს მთლიან სესხებში.

პირველ აპრილს ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი გაცემული სესხების 2.2%-ს შეადგენდა, რაც არ არის რეკორდული მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის იანვარ-მარტში ვადაგადაცილებული სესხების წილი იზრდებოდა, წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი მაინც დაბალია. 2010-2014 წლებში ვადაგადაცილებული სესხების წილი 2.2%-ზე მაღალი იყო.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი