მიმდინარე წლის 2 ივნისს, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ჩემი პრეზიდენტობის დროს, გარდა 2008 წლისა, საქართველოში უფრო მეტი ხალხი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა. არ იყო დალხენილი ცხოვრება, მაგრამ პოზიტიური დინამიკა აბრუნებდა ხალხს".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა

სხვადასხვა ვადით ადამიანის გადაადგილებას ან გადასახლებას მიგრაციული სალდო ასახავს, რომელიც იმიგრანტთა (უცხოელი, რომელიც შემოდის სახელმწიფოში, სამუდამოდ ან დროებით დასახლებისთვის) და ემიგრანტთა (პირი, რომელიც ტოვებს თავის მოქალაქეობას ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და საცხოვრებლად/სამუშაოდ მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში) შორის სხვაობით გამოითვლება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე,

მიგრაციული სალდოს მაჩვენებლების მოძიება 2000 წლიდან შეიძლება. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ როგორი ტენდენციით ხასიათდებოდა მიგრაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ცხრილი 1:

მიგრაციული სალდო 2000-2015 წლებში

წელი მიგრაციული სალდო (ათასი კაცი)
2000 -35.2
2001 -32.6
2002 -27.8
2003 -27.5
2004 5.5
2005 76.3
2006 -12.1
2007 -20.7
2008 -10.2
2009 34.2
2010 18.1
2011 20.2
2012 -21.5
2013 -2.6
2014 -6.5
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2000 წლიდან დღემდე, დადებითი მიგრაციული სალდო 5 წლის განმავლობაში გვქონდა (2004, 2005, 2009, 2010 და 2011 წლები). აქედან, ყველაზე მაღალი დადებითი მიგრაციული სალდო 2005 წელს, ხოლო ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდო 2000 წელს იყო. რაც შეეხება ბოლო წლების მონაცემებს, მიგრაციული სალდო 2013-2014 წლებში მართალია მცირედით, მაგრამ მაინც უარყოფითია, 2013 წელს -2.6, ხოლო 2014 წელს -6.5 ათასი.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში (2004-2013 წლები), უარყოფითი მიგრაციული სალდო ქვეყანაში 5 წლის (2006, 2007, 2008, 2012, 2013 წლები) მანძილზე იყო. მოცემული ხუთი წლიდან, ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა და -21.5 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში, ჯამში, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა (154 300), ვიდრე გავიდა (-67 100). ცხრა წლის ჯამური მაჩვენებლებით, მიგრაციული სალდო პოზიტიური იყო და 87 200-ს უდრიდა.

დასკვნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2000-2014 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდო 10 წლის მანძილზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი 2004-2013  წლებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათი წლიდან ხუთი წლის მანძილზე მიგრაციულ სალდოს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 წლის (ასევე თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2013 წელსაც) გარდა, უარყოფითი მიგრაცია კიდევ 3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში, ჯამში, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა (154 300), ვიდრე გავიდა (-67 100). ცხრა წლის ჯამური მაჩვენებლებით, მიგრაციული სალდო პოზიტიური იყო და 87 200-ს უდრიდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი