საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გადაცემა "რეაქციაში" ახალი ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. მაგალითისთვის, მან განათლების სისტემა დაასახელა და აღნიშნა: "30 000 ბავშვი იყო, რომელიც სკოლას საერთოდ არ გაკარებია, ამ ბავშვების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 000-მდე შემცირდა".

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

იმისთვის, რომ სკოლებში და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა და მათ შორის არსებული სხვაობა დაგვედგინა, ინფორმაცია როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან

 გამოვითხოვეთ. უწყებებიდან მიღებული პასუხების თანახმად, 2011-2014 წლებში, სკოლებში და ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ბავშვების ჯამური მაჩვენებლები და მათ შორის დაფიქსირებული სხვაობა ასე გამოიყურება:

 სასწავლო წლები 2011-2012 2012-2013 2013-2014 2014-2015
სკოლებში რეგისტრირებული ბავშვები 570 384 562 765 554 763 554 676
ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ბავშვები 628 653 619 845 610 575 609 766
სხვაობა 58 269 57 080 55 812 55 090

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011-2014 წლებში რეესტრის ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება სკოლებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობას, თუმცა ის ყოველწლიურად შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, თუ 2011 წლის მდგომარეობით სკოლებში და ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ბავშვებს შორის სხვაობა 58 269 იყო, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 55 090-მდე შემცირდა.

დეპუტატმა თავის განცხადებაში ცალკე კატეგორიად პირველი კლასის მოსწავლეები გამოყო. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლები ცალკე გავაანალიზეთ. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წლებში 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანა მშობლის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, პირველკლასელთა კატეგორიაში მხოლოდ 6 წლის ასაკის ბავშვები მოვაქციეთ. 2011-2014 წლებში სკოლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირველკლასელების (6 წლის ბავშვების) რაოდენობა და მათ შორის დაფიქსირებული სხვაობა ასეთია:

 სასწავლო წლები 2011-2012 2012-2013 2013-2014 2014-2015
სკოლებში რეგისტრირებული ბავშვები 38 963 34 955 36 309 43 580
ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ბავშვები 49 372 50 392 51 782 58 507
სხვაობა 10 409 15 437 15 473 14 927

როგორც ცხრილიდან ჩანს, სკოლებში და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ პირველკლასელებს (6 წლის ბავშვები) შორის სხვაობა ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელია, როდესაც აღნიშნული სხვაობა მცირედით (546 ბავშვი) შემცირდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით,

 ბავშვების სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენას საფუძვლად სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • ოჯახის მიერ ქვეყნის ხანგრძლივად დატოვება - საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა (საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მოსწავლეს საშუალება ეძლევა, რომ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელოს - ხდება მისი საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარება);
  • არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრა (აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს "ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის" პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან პირებს განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ);
  • ნაადრევი ქორწინება (ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან განათლება მიიღონ ალტერნატიული გზით - ექსტერნის ფორმით);
  • საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება (ასეთ მოზარდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს).

განათლების სამინისტროს განმარტებით, უწყება აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი იდენტიფიცირებული ბავშვების კვლავ განათლების სისტემაში ინტეგრაციის საკითხზე. ამასთან, 2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბავშვთა განვითარების ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით, პროგრამის - "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში" - განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილ ბავშვთა განათლების უფლების უზრუნველყოფა, სისტემური მიდგომებით ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვა და შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა.

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 2011-2014 წლებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობას. წლების მიხედვით, სტატისტიკა მართალია მცირედით, მაგრამ კლების ტენდენციით ხასიათდება. თუ 2011 წელს სასწავლო პროცესის მიღმა 58 269 ბავშვი იყო დარჩენილი, 2014 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 55 090-მდე შემცირდა. რაც შეეხება პირველკლასელთა კატეგორიას, 2011 წელს სასწავლო პროცესის მიღმა 10 409 პირველკლასელი იყო დარჩენილი (6 წლის ბავშვები), 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 14 927-ს გაუტოლდა. თუმცა, ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით 546-ით არის შემცირებული.

დეპუტატის განცხადების კონტექსტი, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემა კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოსწორდა, არასწორია. როგორც კვლევამ გვიჩვენა, ბოლო წლებში, ამ მხრივ სურათი თითქმის არ შეცვლილა. დეპუტატი ასევე შეცდა რიცხვების დასახელებისას.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი