მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2015 წელი ქალთა უფლებების დაცვის წლადაა გამოცხადებული. აღნიშნულს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა: "ქალბატონმა ეკამ ხაზი გაუსვა, რომ ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა ეს წელი, თუმცა, სამწუხაროდ, 2 წლით გადაიდო იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ქალთა უფლებების დასაცავად, კერძოდ ის, რომ ამოქმედებულიყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პროგრამა".

ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოში ოჯახური ძალადობა მწვავე პრობლემად რჩება. 2009-2014 წლებში

ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 45 მკვლელობა მოხდა. მათგან 16 შემთხვევა თბილისში, 29 კი რეგიონებში დაფიქსირდა. 2015 წლის სრული სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკას

ასახავს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე 1 478 შემაკავებელი ორდერია გაცემული (შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები განისაზღვრება. ის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება. შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი უშუალოდ ფაქტზე რეაგირების დროს გამოსცემს). ყველაზე მეტი, 302 შემაკავებელი ორდერი, იანვარში გაიცა.

აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 286 ქალი და 196 მამაკაცი გახდა. ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-44 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. ოჯახში ძალადობის სახეებიდან საქართველოში ფიზიკური (667) და ფსიქოლოგიური ძალადობა (1 388) ჭარბობს. ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში (556), ყველაზე ცოტა კი - მცხეთა-მთიანეთში (20 ფაქტი) მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამავე მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა 455 პირის მიმართა დაიწყო. მათგან, 432 მამაკაცი და 23 ქალია. დაზარალებულად 510 პირი ცნეს (80 მამაკაცი და 425 ქალი).

ფაქტ-მეტრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში დააზუსტა, რომ განცხადების გაკეთებისას მთლიანად კანონის ამოქმედებას გულისხმობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი უკვე ძალაშია. "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონი 2006 წელს მიიღეს. 2009

წელს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონის მე-20 მუხლი, რომელიც მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს გულისხმობს, 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა ამოქმედებულიყო. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, კანონი ძალაშია, თუმცა არ ამოქმედებულა მისი ერთი კონკრეტული (მე-20) მუხლი.

კანონის მე-20 მუხლში ვკითხულობთ (

გვ. 8), რომ  მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენაა მიმართული და სარეაბილიტაციო ღოსიძიებების განხორციელებას გულისხმობს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორ დეპუტატ გუგული მაღრაძესაც ესაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილების თანახმად, ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების მექანიზმების ამუშავება, სოციალური მუშაკების გადამზადება და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს. ასევე, უნდა მოხდეს სპეციალური კურსის ორგანიზება, რომელიც მოძალადის დამოკიდებულების შეცვლაზე იქნება ორიენტირებული. ჩამოთვლილ პუნქტებზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მათი უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების სამინისტროს დაევალა.

მაღრაძის განმარტებით, ამ კანონის ყველა სხვა დანარჩენი ნორმა, მათ შორის  ოჯახურ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ნორმაც 2006 წლიდან მოქმედებს. დეპუტატისვე თქმით, მე-20 მუხლის მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ამოქმედება ვერ მოხერხდა, ვინაიდან შესაბამისი სამუშაოები, მათ შორის პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა და ფინანსური უზრუნველყოფა, ვერ განხორციელდა.

კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მისი მე-20 მუხლის ამოქმედების ვადის გადაწევა 2017 წლის 1 სექტემბრამდე მოითხოვა. თუმცა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხსენებული ვადა გადმოწია და მიიჩნია,

რომ აღნიშნული მუხლის გარკვეული მონაკვეთები 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო სრულად კი 2016 წლის 1 ივლისამდე უნდა ამოქმედდეს.

დასკნა "

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონი 2006 წელს მიიღეს და ის მოქმედია. შესაბამისად, თინა ბოკუჩავა შეცდა, როცა აღნიშნა, რომ ეს კანონი არ ამოქმედებულა და მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით მისი გადავადება მოხდა. ფაქტ-მეტრთან საუბარში დეპუტატმა აღნიშნული უნებლიე შეცდომა აღიარა და მის მიერ ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო გულისტკივილი გამოთქვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონი ძალაშია, თუმცა მისი მე-20 მუხლი, რომელიც მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს გულისხმობს, მართლაც არ ამოქმედებულა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, აღნიშნული მუხლის სრულად ამოქმედების ბოლო ვადად 2016 წლის 1 ივლისი განსაზღვრა.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი