საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს ყველა საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაცია".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთხელ იქნა დადანაშაულებული როგორც არასწორ მონეტარულ პოლიტიკაში, ისე ლარის კურსის განზრახ გაუფასურებაში. განსაკუთრებით მწვავე ბრალდებები ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმოდა.

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გატარებული პოლიტიკა (რეზერვების მართვის მიმართულებით) დადებითად და წარმატებულად შეაფასა მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის მმართველმა - კრისტიან მალდერმა. მისი აზრით, სებ-ი პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო წევრია და განვლილ პერიოდში განხორციელებული პოლიტიკა სრულიად შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე პრაქტიკას. კრისტიან მალდერის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან დიდი ოდენობით განხორციელებული ინტერვენცია ეფექტური არ არის, ლარის გაუფასურების პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა კი, ზომიერი და გონივრული იყო. სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ასევე დადებითად

შეაფასა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ჰენრი კერალმა.

ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა წარმატებულად და სამაგალითოდ შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა, სუმა ჩაკრაბარტრმაც. ამის შესახებ განცხადება მან 2015 წლის 12 მაისს თბილისში ვიზიტის დროს გააკეთა. ჩაკრაბარტრის აზრით, მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება და გაფრთხილება, რაც საქართველოს შემთხვევაში წარმატებით ხორციელდება. კრიზისული პერიოდის დროს ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად

შეაფასა EBRD-ის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰ-კოლენმა. მისი აზრით, მნიშნველოვნია, რომ საბანკო ინსტრუმენტების არჩევაში სებ-ს სრული თავისუფლება ჰქონდეს, რათა ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მუშაობას წარმატებულად

მიიჩნევს, საქართველოს მთავრობას კი მასთან მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდებს. 2015 წლის 4 მარტს ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელის, მარკ გრაფიტსის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სამომავლო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს სებ-ის  დამოუკიდებლობა, რასაც პოლიტიკური ხასიათის თავდასხმები უშლის ხელს. კრიზისულ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ გადაგმული ნაბიჯები შეაფასა საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა. მისი აზრით, სებ-ის  მიერ წარმოებული პოლიტიკა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტურია, რისი მიზეზიც მოზომილი  სავალუტო ინტერვენციაა.

2015 წელს ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა The Banker-მა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპაში ცენტრალური ბანკის წლის მმართველად

დაასახელა. ძირითადი შოკების დროს არსებული მდგრადობა და საბანკო სექტორის სტაბილურობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სებ-ის ხელმძღვანელმა ეს სტატუსი მიიღო. კავკასიის რეგიონში გიორგი ქადაგიძე პირველია ვისაც მსგავსი აღიარება ხვდა წილად.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობითი ფუნქციის ჩამორთმევა უარყოფითად და კრიტიკულად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 2015 წლის 27 ივნისს, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა კრიტიკული ხასიათის წერილი

გაუგზავნეს ირაკლი ღარიბაშვილს და დავით უსუფაშვილს. ორგანიზაციების პოზიციით, აღნიშნული რეფორმა ხელს შეუშლს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას, რასაც აქამდე სებ-ი უზრუნველყოფდა.

მსგავსი შეფასებების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილება მაინც დაამტკიცა და ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვა. თუმცა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ამ ცვლილების წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. ოპოზიციის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანა და ცალკე სააგენტოს შექმნა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის (როგორც დამოუკიდებელი ორგანოს) მუშაობა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელისუფლებო წრეებში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ საკითხის კომენტირებისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა: "

მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა ნებისმიერი დონის სასამართლოს მიმართ, საკონსტიტუციო სასამართლო არის პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი, მეტი არაფერი... არ არის გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ისე მიიღოს, როგორც მიაჩნიათ, ანუ რამდენადაც სასარგებლო იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის". ეს გათვლილია დესტაბილიზაციაზე. მინდა გითხრათ, რომ არსებობს სხვა ბერკეტებიც, რომლითაც შეიძლება სიღრმისეული დანახვა, რა ხდება ეროვნულ ბანკში, თუნდაც საგამოძიებო კომისია".

დასკვნა

ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეულ პოლიტიკას დადებითად აფასებს. ლარის გაუფასურების პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ზომიერი გამოყენება ერთადერთ სწორ ნაბიჯად არის შეფასებული.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი