საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2015 წელი შეაჯამა. მან სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა: "

მელიორაცია 100 ჰა-ს გასცდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიები ორჯერ მეტია, ვიდრე სამი წლის წინ იყო".

ფაქტ-მეტრი სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2013 წელს შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიისთვის კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის #122 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული პროექტის გაუმჯობესება დაიწყო. ამ განკარგულებით, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას უფლება მიეცა მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემის შიდასამეურნეო ქსელების, ასევე სადრენაჟე სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა და ქსელების სარეაბილიტაციო ღონისძიებები განეხორციელებინა. ამ განკარგულების საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად 61.4 მლნ ლარი გამოიყო. 2013 წლის 27 ნოემბრის #1602 განკარგულებით,

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა ოდნავ შემცირდა და 59.7 მლნ ლარით განისაზღვრა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ოდენობის თანხები იხარჯებოდა გასულ წლებში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009-2010 წლებში კომპანიას მიზნობრივად სარეაბილიტაციო დანიშნულებით ფულადი სახსრები არ მიუღია, თუმცა ტექნიკის განახლებისთვის 2009 წელს 419 000 ლარი, 2010 წელს კი 79 000 ლარი გამოიყო (ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით).

რაც შეეხება მომდევნო წლების სტატისტიკას, ის შემდეგნაირია:

ცხრილი 1:

სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხები (მლნ ლარებში) 2011-2015 წლებში

წელი 2011 2012 2013 2014 2015
თანხა 3.7 10.4 59.7 71.1 67.6

საქართველოში სამელიორაციო არხების საერთო სიგრძე 39 918 კილომეტრია. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის ინფორმაციით,

დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, სარწყავი სისტემის პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური და გამანაწილებელი არხი აღდგენილია. 2012 წლიდან წყალუზრუნველყოფილი ფართობი ორჯერ გაიზარდა და 97 000 ჰა შეადგინა.

გრაფიკი 1:

წყალუზრუნველყოფილი ფართობი (ჰა) 2012-2015 წლებში

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს წყალუზრუნველყოფილი 45 000 ჰექტარი ფართობი იყო, 2015 წლის მონაცემით კი, ეს ფართობი უკვე თითქმის 100 ათას ჰექტარამდეა.

დასკვნა

სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის თანხების გამოყოფა 2011 წლიდან დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნით ყველაზე მეტი თანხა (71 მილიონი ლარი) 2014 წელს გამოიყო. დღეის მონაცემებით, უკვე 97 000 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, რაც 2012 წლის მონაცემს (45 000 ჰა) 2.1-ჯერ აღემატება.

შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი