ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა: "ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები, რითაც ეკონომიკას ჯამში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დააკლდა და ეს არის სავალუტო დანაკლისის 25%. პირველი - ეს იყო სავიზო რეგულაციები. მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გამოიწვია… მეორე - მიწის პრივატიზაციის შეზღუდვა, საქართველოში თხილის ექსპორტი არის 170 მილიონი დაახლოებით, ზუსტად მაშინ მივაღწიეთ წარმატებას თხილის ექსპორტში, როდესაც იტალიური კომპანია ფერერო შემოვიდა საქართველოში, შეიძინა მიწა სამეგრელოს რეგიონში, გააშენა თხილის პლანტაციები, ჩამოიტანა ტექნოლოგიები... მესამე - უკვე წელიწადზე მეტია არ გვაქვს ხელი მოწერილი სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებაზე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სავალუტო ფონდის მიმოხილვა ვერ სრულდება, არის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გატანა. ამის გამო საქართველო ვერ იღებს ევროკავშირიდან 46 მილიონ ევროს, რომლის ნახევარი არის გრანტი, მეორე ნახევარი სესხი, ამავდროულად, ბოლო სამი წლის მანძილზე სასამართლო აქტიურად იყენებს ყადაღას როგორც უზრუნველყოფის ღონისძიებას, აღნიშნული მიზეზით მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" შემთხვევაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ვერ შემოვიდა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების გადამოწმებას შეეცადა.

2014

წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა, რამაც გაართულა უცხოელთა ქვეყანაში შემოსვლა და ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ  ამ ცვლილებებიდან  გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელისუფლებას დაშვებული შეცდომების აღიარება მოუწია და რეგულაციების კვლავ გამარტივებით სიტუაციის გამოსწორება დაიწყო. მოცემული კვლევის ფარგლებში რთულია ზუსტად შევაფასოთ, თუ რამდენი დოლარი დაკარგა საქართველომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებით. გიორგი ქადაგიძის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1:

ვიზიტორთა რაოდენობა ჩინეთიდან და ირანიდან

ქვეყანა 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
ცვლილება ჩინეთი 14% 35% 139% 53% -12% -2% 11%
ირანი -2% 116% 182% 49% -5% -44% -47%
რაოდენობა ჩინეთი 2,013 2,725 6,522 9,995 8,830 8,632 9,552
ირანი 9,848 21,313 60,191 89,697 85,598 47,929 25,264
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, ვიზიტორთა რაოდენობა ირანიდან შემცირდა 2013 წელს, 2014 წელს კი წინა წელთან მიმართებაში ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. კლების ტენდენცია შენარჩუნდა 2015 წელსაც. ჩინეთის შემთხვევაშიც, ვიზიტორთა კლების ტენდენცია ცვლილებების მიღებამდე, 2013 წელს გამოიკვეთა, შედარებით მცირე, თუმცა ასევე კლება დაფიქსირდა 2014 წელს, 2015 წელს კი ვიზიტორთა ოდენობა გაიზარდა და 9 554-ს მიაღწია. 2016 წლის 3 თვის მონაცემებით კი ჩინეთიდან 2 506 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება. ამავე პერიოდში, 446%-ით, 3 020-დან 16 498-მდე გაიზარდა ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა ოდენობაც. გარდა ვიზიტორთა რაოდენობისა, გამკაცრებულ რეგულაციებს უარყოფითი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ ქვეყნებთან სხვა სახის ეკონომიკურ ურთიერთობაზეც.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებია. საქართველოში მიწის პრივატიზების ტენდენციის ამსახველი მონაცემები მოცემულია გრაფიკზე 1. როგორც ვხედავთ, კერძო სექტორზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება აბსოლუტურ მაჩვენებლებში 2008-2012 წლებში სტაბილურად იზრდებოდა, 2013 წლიდან კი შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ უცხოელთათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი სწორედ 2013 წლის ივნისიდან შევიდა ძალაში. 2014 წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცვლილებები არაკონსტიტუციურად ცნო. სექტემბერში კი მთავრობამ ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, უცხოელთათვის მიწის შეძენაზე დაწესებული აბსოლუტური შეზღუდვა პირობადადებულმა ჩაანაცვლა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

უცხოელთათვის დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწის შეძენის სტიმული რეზიდენტებისთვისაც შეამცირა, ვინაიდან რეალიზაციაზე შეზღუდვის დაწესებით ფლობის რისკი გაიზარდა.

გრაფიკი 1:

შემოსავლები მიწის პრივატიზებიდან, 2008-2015 წლები

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ჯამური მაჩვენებლის რა ნაწილი იქნა შესყიდული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან ვერ დავადგინეთ, ვინაიდან მსგავს სტატისტიკას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქსტატი არ აწარმოებენ.

სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის გამოსაყოფი დაფინანსების შეფერხების საკითხზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროცესის შეფერხების მიზეზად საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით ონოფრიშვილმა დაასახელა (იხ. ვიდეო). აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებდა (იხ. ბმული). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის 2015 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში

 აღნიშნულია, რომ განზრახულობათა წერილის დასასრულებლად საჭიროა საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე შეთანხმება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფუნქცია პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისაგან დამოუკიდებელი დარჩეს.

დასკვნა 2013

წლის ივნისიდან ძალაში შესულმა ცვლილებებმა, უცხოელთათვის საქართველოში მიწის შეძენაზე შეზღუდვის დაწესებით, უარყოფითი გავლენა იქონია მიწის პრივატიზებიდან მიღებულ შემოსავლებზე, თუმცა, შესაბამისი სტატისტიკის არარსებობის პირობებში მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავასახელოთ, ზუსტად რა ცვლილებები განიცადა სავალუტო ნაკადებმა აღნიშნული ცვლილების შედეგად. ცხადია, რომ ფულადი ნაკადების მოძრაობის გარდა, დაწესებულ შეზღუდვებს უარყოფითი გავლანა აქვს სექტორზე და მთლიანად ეკონომიკაზე, ვინაიდან დამატებითი აკრძალვების პირობებში მცირდება ინვესტირებისა და რეინვესტირების სტიმული. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებისა და სავიზო რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ ირიბი გზავნილი გახლდათ. ასეთი პოლიტიკა კი, არა მარტო კონკრეტული სექტორის, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუარესებას განაპირობებს.

სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულების პროცესის მხოლოდ ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის მიზეზით შეფერხების დასადასტურებლად ან უარსაყოფად საკმარისი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. თუმცა, აღნიშნულ საკითხს ცალკე პუნქტი ეთმობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში. ამავე დოკუმენტში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის სტრატეგიაზე შეთანხმება განზრახულობათა წერილის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობადაა მითითებული.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების, კერძოდ, მისი კონკრეტული სახის - მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოძიება ფაქტ-მეტრმა ვერ შეძლო. მსგავს სტატისტიკას არცერთი უწყება არ აწარმოებს. თუმცა, ფაქტ-მეტრს გადაწყვეტილი აქვს ამ პრობლემის ირგვლივ არსებული არასახარბიელო სიტუაციის საფუძვლიანად შესწავლა, რის შედეგებსაც მკითხველს მომავალში გავაცნობთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი