საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს, სკოლებში საგნის - "მე და საზოგადოება" - დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა: "

ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს". პრემიერის შეფასებით, თანამოქალაქეებისთვის პასუხისმგებლობის გრძნობის ადრეული ასაკიდან სწავლებასა და განვითარებაში დადებითის გარდა არაფერია.

ფაქტ-მეტრმა სკოლებში ახალი საგნის შემოღების საკითხი შეისწავლა.

ახალი სასკოლო საგანი "მე და საზოგადოება" ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია და განათლების სამინისტრო მის სასწავლო პროცესში შეტანას 2016-2017 სასწავლო წლისთვის გეგმავს. საგანი მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს სავალდებულო საგნის სახით დაემატებათ.

საგნის სტანდარტში განმარტებულია, რომ ამგვარი ცვლილების საჭიროება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მაგალითად, პირველ-მეოთხე კლასებში სათანადოდ ვერ ხდებოდა საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკის საგნებისთვის აქტუალური თემების (ოჯახი, სასკოლო გარემო, საზოგადოება, სახელმწიფო, მოქალაქე და სხვ.) ინტეგრირება. არ ხდებოდა ისეთ საჭირო ღირებულებებზე აქცენტირება, რომლებიც განათლების ეროვნული მიზნებისა და ქვეყნის კონსტიტუციისთვისაა პრიორიტეტული. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის სტანდარტი ბევრ ქვეყანაში უკვე კარგა ხანია დაინერგა.

ახალი საგნის შეტანა მესამე-მეოთხე კლასებში, კვირაში ორსაათიანი დატვირთვით უნდა მოხდეს. საგანი მოსწავლეს სოციალურ გარემოს სხვადასხვა ყოფითი თემების დამუშავების გზით გააცნობს. განათლების სამინისტროს განმარტებით, სახელმძღვანელოს სტანდარტის მომზადებაში ადგილობრივი პედაგოგები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები (გაეროს მოსახლეობის ფონდი - ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით, გაეროს ქალთა ფონდი - ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერის მიმართულებით, PH International, ასევე მოწვეული ექსპერტები) იყვნენ ჩართულები. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა დაწყებითი საფეხურისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სასწავლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო საგნის შემოღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ვასაძის პოზიციით, საგანი სახიფათო და მიუღებელია. მისივე განმარტებით, "ამ საგნებისთვის საათები სასწავლო ბადეში ისეთი მნიშვნელოვანი საგნების ხარჯზე შემოდის, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, სპორტი და სხვა". ვასაძის აზრით,

აღნიშნული ინიციატივა უცხოური არასამთავრობოების მიერაა ინიცირებული და ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის "ჩვენი შვილების განვითარებას".

მიმდინარე წლის თებერვალში, ფილოლოგმა გურამ ფალავანდიშვილმა განცხადება

გაავრცელა და განათლების სამინისტრო "სიბილწის რეკლამირების" ხელშეწყობასა და "ბოროტი იდეოლოგიის სახელმძღვანელოების" შემოტანაში დაადანაშაულა. აღნიშნულის დამადასტურებელ მაგალითებად კი, წიგნები "კომპასი" და "კომპასიტო" და მასში მოცემული თემები (სექსი და ჰომოსექსუალიზმი, "არატრადიციული" ოჯახი, გენდერი და ა.შ.) დასახელდა. განცხადების პათოსის მიხედვით, სწორედ აღნიშნული თემების საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოებით, "ტოლერანტობისა და განსხვავებულობის შემწყნარებლობის ნიღბის ქვეშ", გვემუქრება "ეროვნებათა, კულტურათა, სარწმუნოებათა და სქესთა აღრევა".

სკოლებში ახალი საგნის შეტანის აკრძალვის მოთხოვნით გურამ ფალავანდიშვილმა შესაბამისი პეტიციით საქართველოს პარლამენტსაც მიმართა. პეტიციას ხელი საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მოაწერეს.

თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე ხელმომწერმა განმარტა, რომ პეტიციის შინაარსი მათთვის უცნობი იყო და პარალამენტისადმი მიმართვას ხელი მხოლოდ გურამ ფალავანდიშვილის თხოვნის საფუძველზე მოაწერეს.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურად უპასუხა: "

გურამ ფალავანდიშვილი გამიზნულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და განათლების სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, აღნიშნული "შემზარავი" მიზნების მტკიცებულებებად ავტორს მოჰყავს ამონარიდები არა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტიდან, არამედ 2004 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არაფორმალური განათლების მიზნით ნათარგმნი რესურსიდან. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების დოკუმენტს ხსენებულ გამოცემასა და სტატიაში მოყვანილ ციტატებთან საერთო არაფერი გააჩნია. ამასთან, ასეთი კავშირის დანახვა არც საღი აზროვნებისა და ლოგიკის, არც ეთიკისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კონტექსტში აღიქმება".

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნები "კომპასი" და "კომპასიტო"

 ადამიანის უფლებათა შესახებ საგანმანათლებლო ლიტერატურას განეკუთვნება. წიგნებში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოქალაქეობა, დემოკრატია, დისკრიმინაცია, სწავლა და თავისუფალი დრო, გარემო, ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა, გენდერული თანასწორობა, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის ჰომოსექსუალიზმი), რასიზმი და სხვა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ წიგნებს, შესაბამისად თემებსაც, ახალ სასკოლო საგანთან და პროგრამასთან საერთო არაფერი აქვთ. ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილები არასდროს ყოფილან.

საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტზე

მუშაობა დასრულებულია და ის საკანონმდებლო მაცნეში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. საგნის სტანდარტი შემდეგ თემებს აერთიანებს:

  • ოჯახი;
  • სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები;
  • გარემო, რომელშიც ვცხოვრობ;
  • სად და როგორ ვიღებ განათლებას;
  • მედია და ინფორმაცია;
  • მე და ჩემი ქვეყანა.

თითოეული თემა რამდენიმე საკვანძო ცნებას მოიცავს, მაგალითად: წეს-ჩვეულებები, წინაპრები, სკოლა, უსაფრთხოება, უფლება/მოვალეობა, პასუხისმგებლობა, ქცევის ნორმები, შემწყნარებლობა და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პეტიციაში ნახსენები თემები საგნის სტანდარტში არ იძებნება. არც თემებში და არც საკვანძო ცნებების ჩამონათვალში, ის საკითხები, რომელზეც საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პეტიციაშია საუბარი, ნახსენები არ არის.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სტანდარტის მიხედვით, სახელმძღვანელოს შექმნისთვის გრიფირება ჯერ არ გამოცხადებულა. ასევე, ამ დრომდე უცნობია, მოესწრება თუ არა სკოლებში საგნის 2016-2017 სასწავლო წლისათვის შეტანა.

დასკვნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ახალი სასწავლო გეგმის ფარგლებში, სკოლებში ახალი საგნის - "მე და საზოგადოება" - შეტანას გეგმავს. ახალი საგნის შეტანა მესამე-მეოთხე კლასებში, კვირაში ორსაათიანი დატვირთვით მოხდება. საგანი მოსწავლეს სოციალურ გარემოს სხვადასხვა ყოფითი თემების დამუშავების გზით გააცნობს და აქცენტი საზოგადოებრივ საკითხებზე გაკეთდება. ახალი საგნისთვის შესაბამისი სახელმძღვანელო მომზადებული ამ დრომდე არ არის. ამ საგნის სკოლაში შეტანის მოწინააღმდეგეების, ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის და მათი მომხრეების მტკიცება, რომ საგნის სტანდარტში მოცემული თემები და შესაბამისად მომავალი სახელმძღვანელო საფრთხეს შეუქმნის "ჩვენი შვილების განვითარებას", არ დადასტურდა და სპეკულაცია აღმოჩნდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი