1-ლი იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებს დაქორწინების უფლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ მოსამართლის თანხმობით შეეძლებათ. შეამცირებს თუ არა ეს ადრეულ ასაკში ქორწინებებს, ძნელი სათქმელია. თავად იმ რეგიონებში, სადაც ადრეული ქორწინება ფართოდაა გავრცელებული, აცხადებენ, რომ ამით მხოლოდ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა გაიზრდება.

ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს. ბოლო, 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015 წელს 611 არასრულწლოვნის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 2014 წელს – 665-ის. ამ მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგო იყო.

„ფაქტ-მეტრი“ ამ თემაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ადრეულ ასაკში ქორწინება კვლავ გამოწვევაა და საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, საკმაოდ დიდია გოგონათა ადრეული ქორწინების შემთხვევები.

„ადრეული ქორწინების მთავარი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა. სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა ხორციელდება.

2016 წელს 30 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 22 ქალაქსა და სოფელში 750 პირის მონაწილეობით. მათი ნაწილი ქვემო ქართლის რეგიონში გაიმართა.

ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში ჩატარებული შეხვედრების დროს, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი შეტყობინების გაკეთება. თუმცა შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათ სოფლებში თითქმის არც ერთი გოგონა არ ამთავრებს სკოლას სწორედ იმიტომ, რომ ქორწინდება.

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ადრეული ქორწინება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ხდება, რაც მცდარია. ის ყველგან ხდება და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დაბალია ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და სერვისებზე. შესაბამისად, მარნეულში, სადაც ენობრივი ბარიერისა თუ სხვა გარემოებების გამო დაბალია მისაწვდომობა, უფრო მეტად თვალსაჩინოა ადრეული ქორწინების პრობლემა“, – ამბობს სხილაძე.

ახალი კანონი

2017 წლის 1-ლი იანვრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების მსურველებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები ამოქმედდება. 17-18 წლის მოქალაქეებისთვის ქორწინება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით იქნება დასაშვები.

„ფაქტ-მეტრის“ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვით გაირკვა: მარნეულელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება დასაშვები უნდა იყოს და თუკი კანონი 18 წლამდე ქორწინებას აკრძალავს, ეს სერიოზული პრობლემა გახდება საზოგადოებისთვის.

„ჩვენი მენტალიტეტიდიან გამომდინარე, თუ გოგო 18 წლამდე არ გათხოვდა, მერე ის შინაბერად ითვლება, აღარავინ წაიყვანს ცოლად. რაც შეეხება ახალი კანონის ამოქმედებას, ვფიქრობ, ეს არარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვს გაზრდის. ამჟამინდელი კანონმდებლობის პირობებშია ბევრი არარეგისტრირებული ოჯახი და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ვფიქრობ, ეს რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს. ჩემი აზრით, კანონის გამკაცრება არ არის გამოსავალი, საჭიროა, სახელმწიფომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს“, – ამბობს მარნეულელი ფარვინ აბდულაევი.

ადრეული ქორწინების პოტენციური შედეგები

ქორწინების უფლება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, აირჩიოს პარტნიორი და დაგეგმოს ცხოვრება. მიუხედავად ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხშირად უხეშად ირღვევა ადამიანის, კერძოდ კი, არასრულწლოვანი გოგონების უფლებები.

ადრეულ ასაკში ძალდატანებით გათხოვებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს პიროვნების შემდგომი ჩამოყალიბების პროცესში. ფსიქოლოგი ნანა ხარაძე გვესაუბრა იმ საფრთხეებზე, რასაც ადრეულ ასაკში ძალით გათხოვება ქმნის.

„საშინელი სტრესია, როდესაც ადამიანს არ სურს ოჯახის შექმნა და მას ძალით ათხოვებენ. ძალადობრივად ერთი პიროვნების მიერ მეორე პიროვნებაზე გოგონას მითხოვება იწვევს ამ გოგონას, როგორც პიროვნების, განადგურებას. ასეთი გოგონები თავს აღიქვამენ არა დამოუკიდებელ ადამიანებად, არამედ როგორც ერთი კონკრეტული პიროვნების კერძო საკუთრებებად.

განსაკუთრებით რთულად არის საქმე, როდესაც ძალდატანებით ხდება დაოჯახება ადრეულ ასაკში. 16 წლის გოგონები არც მორალურად და არც ფიზიკურად არ შეიძლება, მზად იყვნენ იმისთვის, რომ გააჩინონ ბავშვი, აიღონ მასზე პასუხისმგებლობა, გააცნობიერონ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამიტომ ინგრევა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები და, სამწუხაროდ, გვაქვს ამ ფაქტით განპირობებული სუიციდის რამდენიმე შემთხვევაც“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნანა ხარაძემ.

ერთი კონკრეტული მაგალითი

ჩვენ შევეცდებით, ერთი კონკრეტული, მარნეულელი გოგონას ისტორიის მაგალითზე მოგიყვეთ, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს გოგონა, რომელსაც მშობლები ადრეულ ასაკში ქორწინებას აიძულებენ.

გუნკა ეთირმიშლი 24 წლის მარტოხელა დედაა. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი მშობლების სახლში ცხოვრობს. გუნკა 16 წლის იყო, როცა შეიტყო, რომ მშობლები სრულიად უცხო ადამიანზე უპირებდნენ გათხოვებას.

„მახსოვს, ზამთარი იყო. ძალიან მციოდა და სკოლიდან ადრე დავბრუნდი. მშობლები სახლში მელოდებოდნენ. მითხრეს, რომ სერიოზულ საკითხზე სურდათ ჩემთან საუბარი.

მართალი გითხრათ, არაფერი გამიგია იმის მეტი, რომ ჩემთვის სრულიად უცნობ 30 წლის მამაკაცზე გათხოვებას მიპირებდნენ. მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, მათ თავიანთ კეთილ განზრახვებში დამარწმუნეს. ჩვენ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული მამაკაცის კანდიდატურით კი ჩემი მშობლები ძალიან მოიხიბლნენ, მეც შემპირდნენ, რომ დედოფალივით მაცხოვრებდნენ...

ქორწილი რამდენიმე დღეში დავნიშნეთ, ჩემი მომავალი ქმარი პირველად სწორედ საკუთარ ქორწილში ვნახე. ის ბოლომდე იმ დღესაც არ ყოფილა ჩემ გვერდით, შუა ქორწილში მიმატოვა და ძმაკაცებთან წავიდა.

რამდენიმე დღე დავრჩით მარნეულში და შემდეგ რუსეთში წავედით. აქ დაიწყო ჩემი ნამდვილი ტანჯვა... სახლში მთელ დღეებს მარტო ვატარებდი. როგორც პატიმარი, ისე ვცხოვრობდი. ბინაში ვცხოვრობდით და როდესაც ქმარი სახლში ბრუნდებოდა, იმის უფლებაც არ მქონდა, ფანჯრიდან გამეხედა.

რამდენიმე თვის შემდეგ მან ჩემზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მეგონა, მართლაც ჩემი ცუდად მომზადებული ვახშმით ვიმსახურებდი მის ასეთ მოპყრობას. მის გვერდით ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდებოდა, ცოტა ხანში კი ისიც შევიტყვე, რომ მას რუსეთში სხვა ცოლ-შვილიც ჰყავდა.

ორსულად ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, დახმარების სათხოვნელად ვისთვის მიმემართა. მინდოდა, ამ ყველაფრისგან თავი დამეღწია, თუმცა, არც ჩემს მშობლებთან დაბრუნება მინდოდა, ვერ ვპატიობდი, ამ ტანჯვისთვის რომ გამწირეს. თუმცა, ბოლოს მაინც მშობლებთან დავრეკე, მათ კი რამდენიმე დღეში მარნეულში ჩამომიყვანეს...“ – გვიყვება გუნკა ეთირმიშლი.

გუნკას დღეს 6 წლის ბიჭი ჰყავს. როგორც გვეუბნება, შვილის აღზრდაში დედ-მამა ეხმარება. საკუთარი შვილისთვის მამას არც გვარი მიუცია, არც უნახავს და არც რაიმე ტიპის დახმარება გაუწევია. სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ახალგაზრდა დედაზე მუდმივად ჭორაობდნენ, „ოჯახის დანგრევაში“ მას სდებდნენ ბრალს, ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოეთმინა ქმრისგან ამგვარი მოპყრობა, რადგან თვითონაც ასე ითმენდნენ საკუთარი ქმრებისგან წამოსულ აგრესიას და რომ ეს სავსებით ნორმალურია.

გუნკა უმუშევარია. სადაც მივიდა, ყველგან დიპლომი მოსთხოვეს, მას კი სკოლის ატესტატიც არ აქვს. საკუთარი ისტორიის მოსაყოლად რამდენჯერმე ტელევიზიაშიც დაუძახეს, თუმცა, მამის კატეგორიული უარის გამო, ვერც ერთხელ ვერ შეძლო ამის გაკეთება.

„მინდა, ჩემი ისტორია ყველამ გაიგოს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანმა გოგონებმა მომისმინონ. არ მინდა მათაც გაიმეორონ ჩემი შეცდომა. ასევე, მინდა ჩემი შვილის მამამ დაინახოს, რომ დღეს იმაზე გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი. გვერდით მყავს შვილი, რომელიც ძალას მაძლევს და ჩემი სტიმულია. მინდა ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო, განსაკუთრებით განათლების მიღებაზე ვოცნებობ, იმედი მაქვს, შევძლებ და წარმატებული ქალი გავხდები“, – ამბობს გუნკა.

ადრეული ქორწინების, გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების გამო გუნკამ ვერ შეძლო განათლების მიღება, განიცადა და დღესაც განიცდის რამდენიმე სახის ძალადობას, მას უარის თქმა მოუწია უფლებაზე – თავად მიეღო გადაწყვეტილება. დღეს ის მარტოხელა დედაა, ოცნებობს სამსახურზე, განათლების მიღებაზე, თუმცა აცნობიერებს, რომ, მიუხედავად სიძნელეებისა, შეუძლებელი არაფერია:

„ჩვენთან ასეთი ტრადიციაა პატარძალს ქალწულობის ნიშნად თეთრ კაბაზე წითელ ლენტს შემოახვევენ ხოლმე, კარზე კი დიდ წითელ ბაფთას დაკიდებენ. ბედნიერი თანაცხოვრების, სიხარულისა და სიმშვიდის სიმბოლოა ეს ბაფთები.

ბავშვობაში ხშირად მიოცნებია ამ მომენტზე. წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ის დღე, როდესაც ჩემს თეთრ კაბასაც დაამშვენებდა საყვარელი წითელი ლენტები. იმ დღეს კი კარადაში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი საქორწილო კაბა, რა თქმა უნდა, წითელი ლენტებით და გული დამწყდა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ასე ასრულდა“.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი