2013 წელს 1 ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 100 აშშ დოლარს აჭარბებდა. 2014 წლიდან ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო, დაახლოებით 70%-ით გაიაფდა და 2016 წლის თებერვალში 27 დოლარი შეადგინა.

დღეს ბარელი ნავთობი დაახლოებით 46 დოლარია. ნავთობის მნიშვნელოვნად გაიაფებამ პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ ნავთობის ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნებს, არამედ, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას. ნავთობის წარმოებიდან შემოსავლების შემცირებამ მსოფლიოში ინვესტიციების კლება გამოიწვია.

2015 წლის მდგომარეობით მსოფლიოში ნედლი ნავთობის დადასტურებული მარაგი 1500 მილიარდი ბარელი იყო. მსოფლიო მარაგის 81% ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებაზე (ოპეკი) მოდის.

ოპეკი ნავთობით მდიდარ 14 ქვეყანას მოიცავს. მასში შემავალი ქვეყნების მიზანია, კონკურენცია არ გაუწიონ ერთმანეთს ფასწარმოქმნაში. შესაბამისად, ერთმანეთს უთანხმებენ ნავთობის მოპოვების მოცულობებს. მსოფლიო ფასზე გავლენას ნავთობის მიწოდების მოცულობის ცვლილებით ახდენენ.

როგორც ოპეკის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი ვენესუელას აქვს – 298 მილიარდ ბარელამდე. მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი – 268 მილიარდი ბარელით. ოპეკის არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ნავთობი კანადას აქვს – 173 მილიარდი ბარელი, შემდეგ მოდის რუსეთი – 80 მილიარდი ბარელით.

ცხრილი 1: ნავთობის ყველაზე მეტი მარაგის მქონე ქვეყნები, 2015 წელი

მილიარდი ბარელი

მსოფლიო მარაგი

1500

ოპეკი (OPEC)

1206

ვენესუელა

300

საუდის არაბეთი

268

ირანი

157

ერაყი

140

ქუვეითი

104

საამიროები

98

კანადა

173

რუსეთი

80

აშშ

36

ყაზახეთი

30

ჩინეთი

26

წყარო: BP Statistical Review of World Energy

თუ ვნახავთ ნავთობის (სხვა თხევადი აირების ჩათვლით) წარმოების მიხედვით მსოფლიოში ლიდერ ქვეყნებს, წარმოების მოცულობები მარაგების დონეს სრულად არ შეესაბამება. ამის მიზეზია ის, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენი მარაგი აქვს ქვეყანას, ასევე, მნიშვნელოვანია წარმოების ტექნოლოგიები, ტრანსპორტირება და გაყიდვების ბაზრის დივერსიფიკაცია.

2015 წელს, ნავთობის წარმოების (მოპოვების) მიხედვით, პირველი აშშ იყო, დღეში საშუალოდ 15 მილიონი ბარელით, მეორე ადგილზე საუდის არაბეთი – დღეში საშუალოდ 12 მილიონი ბარელით, ხოლო მესამეზე – რუსეთი, დღეში 11 მილიონი ბარელით. ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა – ვენესუელა მსოფლიოში მხოლოდ მე-11 ადგილზე იყო, დღეში 2.7 მილიონი ბარელით.

ნავთობის ექსპორტის მიხედვით პირველ ადგილზე საუდის არაბეთია, რომელმაც 2015 წელს ნავთობის ექსპორტიდან 133 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მეორეზეა რუსეთი, 86 მილიარდი დოლარის შემოსავლით. მესამეზე ერაყია, 52 მილიარდი დოლარით.

ნავთობის იმპორტის მიხედვით კი, პირველ ადგილზეა აშშ, დღიურად 8 მილიონი ბარელის იმპორტით, მეორეზეა ჩინეთი, დღიურად 6 მილიონი ბარელით და მესამეზეა ინდოეთი, 3.5 მილიონი ბარელით.

ბოლო ორ წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასის 55%-ით შემცირება შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა:

  • დოლარის გლობალური გამყარება. დოლარის კურსი გამყარებულია მსოფლიოს ქვეყნების ძირითადი ვალუტების მიმართ, მათ შორის ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც (გამონაკლისია ის ქვეყნები, რომლებსაც ფიქსირებული ვალუტის კურსი აქვთ). ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა დოლარებში, მაგრამ ფასს თუ ვნახავთ სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში, ფასი ნაკლებადაა შემცირებული. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, ექსპორტიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ნავთობი დოლარებში ნაკლებ თანხად გაყიდონ.

  • ფასის შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზია, ასევე, ჭარბი მიწოდება. ჭარბი წარმოება ძირითადად ბოლო წლებში აშშ-ის ნავთობწარმოების გაორმაგებამ გამოიწვია. წარმოება ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების გაუმჯობესებამ დააჩქარა. ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა აშშ-ს ფიქლის ნავთობი კონკურენტულ დაბალ ფასში მოეპოვებინა. აშშ თანდათან უფრო ნაკლებდამოკიდებული ხდება იმორტირებულ ნავთობზე. აშშ ფიქლის გაზისა და ნავთობის მოპოვებას 2010 წლის დეკემბრიდან ზრდის და პიკს 2015 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე აშშ-ში ნავთობის ექსპორტი აკრძალული იყო. 2015 წლის ბოლოს აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გაუქმდა. თუმცა, 2016 წლიდან ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდა.

  • ოპეკმა ვერ მიაღწია შეთანხმებას წარმოების შემცირებაზე. ამჟამინდელი ფასით ოპეკის ბევრი ქვეყანა ვეღარ აუდის ხარჯებს და საუდის არაბეთიც კი დეფიციტურ სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავიდა. მიმდინარე ტენდენციებიდან (აშშ-ის როლის ზრდიდან) გამომდინარე, ოპეკი არ არის დარწმუნებული, რომ მოპოვების შემცირება ფასის მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს. უბრალოდ, ეშინიათ, ბაზარი არ დაკარგონ.

  • მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა აღარ იზრდება, ან ნელი ტემპით იზრდება, რაც, ასევე, ფასების შემცირების მიზეზია. ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შეჩერების მთავარი მიზეზია მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის შენელება და ენერგოეფექტურობის ზრდა. აქ აღსანიშნავია ავტომობილებში ბენზინის მოხმარების შემცირების ტენდენცია. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას კი ძირითადად განაპირობებს რუსეთის რეცესია, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და ტერორისტებთან ომი სირიასა და ერაყში.

  • ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნა. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა ნავთობის წარმოება დღიური 2.9 მილიონი ბარელიდან 3.6 მილიონ ბარელამდე გაზარდა.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი