16 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა,

რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია უკვე მომხდარია.

"

დეკრიმინალიზაცია ან ზოგადად ლიბერალიზაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, ეს არის მომხდარი უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებენ. მე არაერთი ადამიანი მინახავს ციხეებში, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, რომლებსაც მცირე რაოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენის გამო პრაქტიკულად მომხმარებლებს ჰქონდათ მისჯილი 15, 19, 25 წელი. ეს პოლიტიკა არის აბსოლუტურად შეცვლილი, დღეს პოლიტიკა არის გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობის დონეზე, მაგრამ განსაკუთრებით, პრაქტიკის დონეზე" - განაცხადა სუბარმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ვინაიდან აღნიშნული განცხადების ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ მოგვეპოვებოდა, ფაქტ-მეტრი თავდაპირველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პიარის სამსახურს დაუკავშირდა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ვიკითხეთ, ადასტურებდნენ თუ არა უწყებაში, რომ აღნიშნული განცხადება, რომელიც "ნეტგაზეთისა" და ipress.ge-ს ვებგევრდებზე გამოქვეყნდა, ნამდვილად სოზარ სუბარს ეკუთვნოდა. პიარის სამსახურში გვიპასუხეს, რომ მინისტრს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცვა, მოგვიანებით, გამოცემა "ნეტგაზეთმა" ჩანაწერი

 მოგვაწოდა, საიდანაც დასტურდება, რომ განცხადება ნამდვილად სოზარ სუბარს ეკუთვნის.

ფაქტ-მეტრი განცხადების შინაარსობრივი ნაწილის გადამოწმების მიზნით ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალ "თეთრი ხმაურის მოძრაობას" და "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს" (GHRN) დაუკავშირდა.

"

თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა პაატა საბელაშვილმა განმარტა, რომ კანონმდებლობაში 2012 წლიდან ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება გატარდა, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა.

"

ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციით, კანონში ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა და გასაღების მიზნით შეძენა/შენახვა უნდა გამიჯნულიყო და ის არაპროპორციულად მაღალი სასჯელები, რომლებიც მკვლელობაზე და გაუპატიურებაზე მაღალი იყო, უნდა შემცირებულიყო. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა, თუმცა, უმეტეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მცირე ოდენობის ზღვარი დღემდე არ არის განსაზღვრული. 207 ნარკოტიკული ნივთიერებიდან 147-ზე არ არის დადგენილი პერსონალური ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად 1 გრამ ჰეროინზე მეტი რომ გქონდეთ, გასაღების გარეშეც კი, სასჯელის ზომა იმდენად მაღალია, რომ პირადი მოხმარებისთვისაც რომ გინდოდეთ, ფაქტობრივად გამსაღებლის მსგავსად ისჯებით" - აღნიშნა  საბელაშვილმა.

ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციით, საქართველომ ურინოტესტირება სასამართლოს კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს. ვიზალიბერალიზაციის პროცესში ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან ნარკოტიკის მომხმარებელს, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო დევნის, ევროკავშირში მოხვედრისთანავე იოლად შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს თავშესაფარი.

2015

წლის 1 ოქტომბრამდე პოლიციელს უფლება ჰქონდა ჯერ გონივრული ეჭვის, შემდეგ კი დასაბუთებული ვარაუდის (რომ მოქალაქე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ) საფუძველზე, ნებისმიერი მოქალაქე ნარკოლოგიური ექსპერტიზის ბიუროში გადაეყვანა.

"

ასეთი ტესტირება ასეულათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ჩაუტარდა. ეს პრაქტიკა დამამცირებელი და ღირსების შემლახველია" - განაცხადა პაატა საბელაშვილმა.

2015

წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც იძულებითი ურინოტესტირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ადამიანი კონკრეტულ მომენტში დანაშაულს სჩადის, არ ემორჩილება პოლიციას/ცდილობს მიმალვას, ან როდესაც პირი, პოლიციის ინფორმაციით, ოპერატიულ ინფორმაციას ფლობს.

"

შსს-მ სამოქალაქო საზოგადოებასთან გაიარა კონსულტაცია და ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგნი ვიყავით, რადგან ოპერატიული ინფორმაცია განუზომლად დიდ ბერკეტს აძლევს პოლიციელს, თუმცა მათ ჩვენი პოზიცია არ გაითვალისწინეს" - განმარტა საბელაშვილმა.

"

თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომა რეალურად არ შეცვლილა და სახელმწიფომ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად გაითვალისწინა.

პაატა საბელაშვილმა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ შედგენილი ნარკოკანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა

 მოგვაწოდა, სადაც წლების მიხედვით სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლით დაკავებათა და საპატიმრო სასჯელების და ნარკოტესტირების ტენდენციების დინამიკაა წარმოდგენილი. მონაცემებიდან ირკვევა, რომ ნარკოტესტირებაზე 2012 წელს 20 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი, 2013 წელს ეს რიცხვი 60 ათასამდე გაიზარდა, 2014 წელს კი 50 ათასი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს შემთხვევაში ნარკოტესტირების შედეგი უარყოფითია.

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით 2012 წლიდან განხორციელებული ცვლილებების საკითხზე ფაქტ-მეტრი "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელ დირექტორს კახა კვაშილავასაც ესაუბრა. კვაშილავა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კანონმდებლობა დღეს ლიბერალურია.

"

ცვლილება ნამდვილად განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში, მოხდა მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისა და გასაღების მიზნით შეძენა/შენახვის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ასევე სასჯელის ზომების კორექტირება ანუ შემცირება, მაგრამ კანონმდებლობაში დარჩა ხარვეზები. ძალიან ბევრ ნარკოტიკულ ნივთიერებას საქართველოში არ აქვს დადგენილი მცირე ოდენობები, ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთვევაში პასუხისმგებლობა დგება თითქმის თანაბრად და სასჯელის ზომა ხშირად არარელევანტურია. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება კი, არ განხროციელებულა" - განაცხადა კვაშილავამ.

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" ფაქტ-მეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკა

  მიაწოდა, სადაც წლების მიხედვით ნარკოტიკებთან დაკავშირებული რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის რიცხვებია წარმოდგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში ცვლილება განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710-ის საფუძველზეც: "ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო".

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა,

რომ გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას".

საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რამდენიმე ცვლილება საერთო სურათს ვერ ცვლის -  საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე მიუთითებს. სოზარ სუბარი განცხადებაში "პრაქტიკასაც" შეეხო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია 2016 წლის 12 აგვისტოს მომხდარი დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა განცხადებით

გამოეხმაურა.

"

საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა არის ირაციონალური და არაჰუმანური, ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას. ქართულ "მკვლელ" ნარკოპოლიტიკას არ გააჩნია ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პოლიტიკით მიღებული რაიმე დადებითი შედეგების შესახებ. არსებობს მხოლოდ საპირისპირო გამოცდილება და ფაქტები, რომ იგი იწვევს ადამიანების კრიმინალიზაციას, ტანჯვას, სიკვდილს, და საზოგადოებაში ამკვიდრებს უსამართლო და ღირსების შემლახავი საჯარო პოლიტიკის განცდას" - ნათქვამია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმას 39 წევრისგან შედგება, მათ შორის არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)", "ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის", "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება", "თეთრი ხმაურის მოძრაობა", "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" და ა.შ.

დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება

გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

"

მომხდარმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.

მნიშვნელოვანია, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით, პოლიციის სისტემაში არსებული მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იძულების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების მუქარის და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა უფლებამოსილ ორგანოებს უარი თქვან რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და გახადოს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ 2012 წლიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის რედაქტირება და ურინოტესტირებაზე პირის გადაყვანის წესში ცვლილება) იმის საფუძველს არ წარმოადგენს, რომ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო დონეზე ლიბერალიზაციის (შეზღუდვების მოხსნა, შესუსტება) ან დეკრიმინალიზაციის (კონკრეტული ქმედებისთვის "დანაშაულის" სტატუსის მოხსნა, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად) შესახებ ვისაუბროთ. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ის საკანომდებლო ცვლილებები, რომლებზეც სტატიაშია საუბარი, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის რეკომენდაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა მიღებული.

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ ფაქტ-მეტრისთვის მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის, ისევე როგორც ურინოტესტირებაზე გადაყვანილი ადამიანების რიცხვი არ შემცირებულა. მეტიც, ურინოტესტირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ლიბერალურ დამოკიდებულებაზე არ მეტყველებს. მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში რეპრესიულია და მას ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი