დესტაბილიზაციის მცდელობის საკითხი ყველა არჩევნების წინ აქტუალური ხდება. მაგალითისთვის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის გახსენებაც შეიძლება, როდესაც მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში ხელისუფლების მიერ სპეციალური რაზმების შექმნის შესახებაც კი გააკეთა განცხადება, რომლებსაც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, ოპოზიციისთვის საარჩევნო კამპანიაში ხელი უნდა შეეშალათ და შემდეგ, არჩევნების დღეს დესტაბილიზაცია შეექმნათ.

ეს საკითხი მაშინდელმა უშიშროების საბჭომ შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ამის მსგავსი არაფერი ხდებოდა. უფრო მეტიც, ეს ფაქტი ვერც უკვე ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა და მალე ყველას დაავიწყდა.

სამაგიეროდ, დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთება უკვე მოქმედმა შს მინისტრმა დააანონსა, რაც ძალოვნების მიერ გარკვეული ჯგუფების შექმნას გულისხმობს, რომლებიც საარჩევნოდ გადამზადდებიან და იმოქმედებენ.

შსს-ს სპეცჯგუფები

მღებრიშვილის ბრძანებით, 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

შსს-ს ცნობით, „ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას“.

სამინისტროს განმარტებით, ბრძანების მიზანია, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები.

ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე ამ გადაწყვეტილების მიღება კითხვებს აჩენს, მით უმეტეს, რომ არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოცხადდა და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს, ანუ 4 თვით ადრე დაიწყო. ამ პერიოდში კი დაპირისპირების შემთხვევები საკმარისად იყო. სხვა თუ არაფერი, ამის მაგალითისთვის კორცხელში მომხდარი ფაქტიც კმარა - ინციდენტი, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული და მომხდარის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ამსახველი ჩანაწერი საჯაროდ გავრცელდა, არავინ დასჯილა.

ბრალდებები დასაბუთების გარეშე

კონცხელის ინციდენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცალსახად ხელისუფლების მხარდამჭერთა ბრალეულობა იკვეთება მაშინ, როდესაც ხელისუფლება დესტაბილიზაციის მცდელობას მთავარ ოპონენტს აბრალებს და ამის შესახებ არაერთი განცხადება კეთდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ერთგვარ ტრადიციად ექცა „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში. გავიხსენოთ თუნდაც ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებები „ნაცმოძრაობის“ მიერ საბურავების მომარაგებასა და ე.წ. „ქართული მაიდანის“ მომზადებაზე.

გარდა იმისა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლების არც ერთი მსგავსი პროგნოზი არ გამართლდა, პრაქტიკულად არც ერთი მსგავსი განცხადების შემდეგ ხელისუფლებას თავისივე ბრალდებების საფუძველზე არც გამოძიება დაუწყია და არც ამ ბრალდებების დამადასტურებელი საბუთები წარმოუდგენია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ამგვარი ბრალდებების სიმწვავემაც იმატა.

13 სექტემბერს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი პოლიტიკური პარტიიდან შეიძლება, ჰქონდეს ადგილი მსგავს ქმედებებს. მოგვიანებით ამაზე პრემიერმა კვირიკაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ შს მინისტრს დესტაბილიზაციის საფრთხეზე საჯარო განცხადების გასაკეთებლად გარკვეული საფუძველი ჰქონდა.

პრემიერს თავიდან არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისგან მომდინარეობს ეს საფრთხე, თუმცა, მოგვიანებით კვლავ შეეხო ამ თემას და უკვე ღიად დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ და განაცხადა, რომ „ნაციონალებმა“ არეულობის მოსაწყობად ერთი კონკრეტული ორგანიზაცია შექმნეს. თუმცა, არც პრემიერის ამ განცხადებას მოჰყოლია რაიმე დამამტკიცებელი საბუთი და არც მის მიერ დასახელებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით დაწყებულა გამოძიება.

პრემიერის შემდეგ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც დაადანაშაულა. მათმა ამ განცხადებებმა კი პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების ძალიან ნეგატიური შეფასებები გამოიწვია.

„ჩვენ მინისტრისგან, მთავრობისგან გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი, ამას პოლიტიკოსები ერთმანეთს მარტივად აბრალებენ ხოლმე, გვჭირდება ფაქტები - ან გახსნილი საქმე, ან შეკავებული დანაშაული, ან არჩადენილი და გახსნილი, მზადების პროცესში და ა.შ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩვენდაუნებურად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შევუწყოთ ხელი.

წესრიგი არის აუცილებელი ყველა არჩევნების წინ. ბოლო ხანებში მქონდა განცდა, რომ შესაძლოა, ზოგ პოლიტიკურ პარტიას ჰქონოდა სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები არჩევნების დროს, ამას არ გამოვრიცხავ არც დღეს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაძაბულ სამეზობლოში სხვას ჰქონდეს ასეთი სურვილი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის“, - განაცხადა პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ ხელისუფლებას წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება შესაძლო პროვოკაციებზე გაუგებარია პრეზიდენტისთვისაც და გიორგი მღებრიშვილს „არგუმენტირებული განცხადებების გაკეთებისკენ“ მოუწოდებს.

„თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ შს მინისტრს ახსენებენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ანონსი დესტაბილიზაციაზე არასწორი პოლიტიკური გზავნილია.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ყველა დაპირისპირება ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული.

ვის აწყობს დესტაბილიზაცია

ყველაზე საინტერესო კი მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთბრალდებებია, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს იმაში ადანაშაულებს, რომ წინასაარჩევნოდ არეულობა სწორედ მას აწყობს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ყველანაირი პროვოკაციისთვის. მე კონკრეტულად არაფერი ვიცი, შს მინისტრმა, ალბათ, ჩემზე მეტი იცის“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ნუკრი ქანთარიამ კი უფრო განავრცო და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი, რომ როგორმე სახელისუფლებო დერეფნებში თავი შეყოს - რომ არჩევნების შემდეგ ან არჩევნების დღეს სიტუაცია დაძაბონ და მაიდანის მსგავს მცდელობებს მიმართონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან დღეს ხელისუფლება ძლიერია. ეს ამბავი მათ ჩაეშლებათ, არ მგონია, რომ შიგნით იყოს ბევრი ხალხი, ვისაც ეს სურვილი აქვს. კარგად იციან, რომ ორი თავი არავის აქვს. როგორც ჩანს, ოდესიდან დაჟინებული ყიჟინა მიდის, რომ ეს მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ“.

საპასუხოდ კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დესტაბილიზაციაზე აქტიური საუბარი ძალოვნების გასააქტიურებლად დაიწყო.

„ბატონი კვირიკაშვილის განცხადება ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც მას აქვს ამბიცია, იყოს პრემიერ-მინისტრი, დებს პირობას, რომ კორცხელის მოძალადეებს დასჯის და კორცხელის მოძალადეები გარეთ დადიან. „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ამომრჩევლისთვის და ამიტომ მათი სურვილია, რომ დღე და ღამე საუბარი იყოს რაღაც არარსებულ დესტაბილიზაციაზე“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სერგო რატიანის თქმით კი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია უნდა, „ქართული ოცნებაა“:

„შარშან მათ „ნაციონალური მოძრაობის“ 60 ოფისი დაარბიეს. ერთადერთი, რამაც მაშინ ქვეყანა დესტაბილიზაციისგან გადაარჩინა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძანება იყო, რომ ჩვენი წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები პროვოკაციებს არ წამოგებულიყვნენ.

ჩვენ ვატარებთ კამპანიას, გვჭირდება ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემო, რათა მშვიდად შევცვალოთ ხელისუფლება 8 ოქტომბერს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა, თავად „ოცნებაა“ და ამაზე ცოტა ხნის წინ სამეგრელოში მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს“.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი საფრთხე დესტაბილიზაციის შექმნაში რუსული ინტერესია. მათი შეფასებით, თუკი საქართველოში ვითარება აირევა და გამწვავდება, რუსეთს შანსი ექნება, რომ საკუთარი ინტერესი უფრო მარტივად გაატაროს, თუნდაც სამხედრო ნაწილების „დროებით“ შემოყვანით.

ამ მოსაზრებას კი ბოლო პერიოდში ე.წ. აღკვეთილი ტერაქტიც ამყარებს, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გაზსადენზე უნდა მომხდარიყო. თუკი ეს აქტი მოხდებოდა და მნიშვნელობა არა აქვს, ამას ვინ მოაწყობდა, მაშინ რუსეთს „საბაბი“ მიეცემოდა, რომ აქ სამხედრო ნაწილები შემოეყვანა, ერთი მხრივ, ე.წ. ტერორიზმთან საბრძოლველად და, მეორე მხრივ, საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ამ შემთხვევაშიც, თუკი არჩევნებზე ვითარება დაიძაბება, რა მიზეზითაც არ უნდა მოხდეს ეს, მოსკოვმა ესეც შესაძლოა, ჯარების შემოყვანის საბაბად გამოიყენოს. ამის მხარდამჭერი ძალები კი, ცხადია, საქართველოში მოიძებნება.

საინტერესო კიდევ ის არის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა დესტაბილიზაცია უშუალოდ არჩევნების დღეს დააანონსა, რაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ უთქვამთ.

ივანიშვილმა თავისი სატელევიზიო შეხვედრების ბოლო სერიაში განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მედიის გამოყენებით სიტუაციის დაძაბვას შეეცდება და ვარაუდობს, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იქნება.

არჩევნების შედეგების გამოცხადება კი, ცხადია, საარჩევნო პროცესის ყველაზე სენსიტიური ნაწილია, ვინაიდან, თუკი არჩევნების შედეგები არ დაემთხვა სხვადასხვა პარტიების, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის მოლოდინებს, არეულობის რისკი იზრდება. ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, „ოცნება“ პარლამენტში 100 ადგილს მიიღებს.

შეთავაზებული მემორანდუმი და გაუმჟღავნებელი ტექსტი

ქვეყანაში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება და ეს არის მმართველი პარტიის ერთადერთი არგუმენტი, რომ მათ დესტაბილიზაცია არ აწყობთ. ამისთვის კი მათ ოპოზიციას ე.წ. მემორანდუმის გაფორმება შესთავაზეს, რომ პარტიები ქვეყანაში ესკალაციას არ შექმნიან.

იმ ფონზე, როდესაც არსებული ინციდენტების გამოძიებაც კი ვერ ხდება და არ არსებობს ნდობა, ეს მემორანდუმი რომც გაფორმდეს, ამით პარტიებისა და საზოგადოებისთვის რა შეიცვლება, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მემორანდუმის იდეა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მოიგონა და ეს მაინც საერთაშორისო საზოგადოებაზეა გათვლილი.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი შეუერთდება, თუმცა, ისინიც არ არიან დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ამით რეალურად აიღებს პასუხისმგებლობას 8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს და ოპონენტები სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ საარჩევნო კამპანიისას პროვოკაციებსა და ძალადობაში.

წინასაარჩევნო მემორანდუმის ტექსტი კი ამ დრომდე უცნობია. დოკუმენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად სთავაზობს, მხოლოდ სამუშაო ვერსიით, მმართველ გუნდს აქვს. შეთანხმების მთავარი საკითხი კონტრაქციების გამართვასა და ერთმანეთისთვის აგიტაციაში ხელის შეშლაზე უარის თქმაა.

„რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და წინასაარჩევნო კამპანიაში მათთვის ხელის შეშლის ფაქტები არც კი გამოუძიებია, ასეთი მემორანდუმის გაფორმებას არანაირი აზრი არ აქვს.

„ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდების ხელმოწერა, არამედ ქმედითი ღონისძიებების გატარება. მათ შორის, იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ, მაგალითად, მათი, ვინცკორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ; მაგალითად, იმ ხალხის დასჯა, ვინც ჩვენი ოფისები დააზიანა ან ბილბორდები ჩამოხია. არც ერთი ეს ადამიანი არ დასჯილა. ამიტომ ამ სიტუაციიდან გამოსავალია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ამ დანაშაულების გამოძიება და მერე მათი დასჯა, თორემ ფარატინა ქაღალდების ხელმოწერა მარტივი საქმეა და პრობლემას არ უშველის“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

შალვა ნათელაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ამ შეთავაზებას არ მიიღებს: „ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ, რადგან ის გახლავთ ზღვარს გადასული ცინიზმის ნაირსახეობა. ეს არის დაახლოებით იმგვარი, რაც ივანიშვილმა ამას წინათ ბრძანა თავის სატელევიზიო გამოსვლაში და სამძიმარი გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო. ივანიშვილმა განგვაიარაღა ოპოზიციური ძალები, მაშინ როდესაც არ წავიდა საარჩევნო რეფორმაზე, არ გააუქმა მაჟორიტარ კანდიდატთა კორპუსი“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერის მოწოდებას ოპონენტების მისამართით მიესალმება და პოლიტიკურ პარტიებს დიალოგში ჩართვისა და მემორანდუმზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს.

„ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა დიალოგისა და შეთანხმებების მიღწევის. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ყველა ამ ქვეყანაში არის პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულიანი ხელისუფლება და ოპოზიცია. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

ამ ინიციატივას, ზოგადად, დადებითად აფასებს არასამთავრობო სექტორიც. თუმცა, მიაჩნიათ, „კონტრაქციებზე ინიციატივა კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარტიები შეასრულებენ იმას, რაც მემორანდუმში წერია“.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია