ჩხუბი ნაჯახებითა და რკინის ხელკეტებით - სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მუშებს სცემეს.დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო სამუშაოებს კომპანია „23-ე ბიურო“ აწარმოებს.კომპანიის ხელმძღვანელობასა და დაქირავებულ მუშებს შორის, პერიოდულად, აქამდეც იყო ხოლმე უთანხმოება, მაგრამ 2 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი ყველაზე მასშტაბური და რეზონანსულია.

მომხდარის გამო ზვარეში სამუშაოები შეჩერებულია. დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. ხარაგაულსა და თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა.

დაპირისპირების მიზეზი

დაპირისპირება ხარაგაულის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მესვეურებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეშის მოჭრის გამო დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, კახაბერ თიკანაშვილი 2 ნოემბერს, საღამოს საათებში მოჭრილი შეშით შინ ბრუნდებოდა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა იფიქრეს, რომ მან ეს შეშა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრა და თიკანაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მამაკაცი ხელკეტებით, ნაჯახებითა და რკინის საგნებით არის ნაცემი.

ინციდენტში ჩაერთვნენ, ასევე, კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც თიკანაშვილს გამოექომაგნენ. საერთო ჯამში, 8 პიროვნება დაშავდა და ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანებით ხაშურისა და ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კონფლიქტი მეორე დღესაც გაგრძელდა. ინციდენტის დროს ამჯერად 4 ქართველი მუშა და ჩინური მხარის წარმომადგენლებიც დაზარალდნენ. ადგილობრივი მუშები შედარებით მსუბუქი ტრავმებით ხარაგაულის საავადმყოფოში გადიან ამბულატორიულ მკურნალობას.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშის ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლების მიერ ცემის ფაქტი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ გაახმაურა.

„გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი არმატურებით არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ.

ინციდენტში მონაწილე ადგილობრივები „ფაქტ-მეტრთან“ დეტალებზე საუბრობენ.

როგორც დაშავებულები აღნიშნავენ, ინციდენტი 2 ნოემბერს, საღამოს მოხდა.

„ერთ-ერთ მუშასთან მოუვიდათ კონფლიქტი ჩინელებს და ჩვენც მის დასახმარებლად მივედით. რკინის ჯოხებით გვცემდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მუშამ სერიოზული დაზიანება მიიღო. ზოგს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა დათო კაპანაძემ.

„სოფლის მოსახლეობას ჩამოჰქონდა შეშა ტყიდან, რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ მანქანით და ცემა დაუწყეს. ჩვენ გასაშველებლად მივედით და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. რამდენიმეს თავში ჭრილობა აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ გიორგი უსაძემ.

დავით მუმლაძე, დაზარალებული: „ვიდექი ქართველ ბიჭებთან ერთად. გამოვიდნენ და გამომეკიდნენ. თავის დასაღწევად გავიქეცი. მანქანებს შორის მომიმწყვდიეს, ჩამკეტეს, ასე ვთქვათ, და მომეპარნენ უკნიდან. ერთმა მასიური რკინა შუბლში ჩამარტყა, მეორემ ზურგში ჩამცხო. კიდევ დაარტყიო, - ეუბნებოდა ერთი მეორეს. მე გონება არ დამიკარგავს, ისე ჩავიკეცე. ძალიან აგრესიულები არიან ჩვენ მიმართ“.

გიორგი ღონღაძე, დაზარალებული: „ბიჭები იქ რომ ვიდექით, გამოვარდნენ და გამოგვეკიდნენ. პირდაპირ დაგვესხნენ თავს. ხორცის საჭრელი ნაჯახით მომვარდა ერთი და ზურგში ჩამარტყა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ჩინელი მუშებიც დაშავდნენ. საუბარია ოთხ პიროვნებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჩინურმა კომპანია „23-ე ბიურომ“ გაავრცელა.

„კომპანიის დაახლოებით ოთხ ჩინელ თანამშრომელს ხელისა და ფეხის უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა და როგორც ვიცი, ისინი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა“, - განაცხადა ჩინური კომპანიის დაცვის თანამშრომელმა გიორგი ლუტიძემ.

პროტესტი

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები და ადგილობრივები აქციას მართავენ. მუშები დაშლას არ აპირებენ. ისინი მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა შეშა მოჭრა და სახლში მიჰქონდა, ხოლო ჩინური კომპანიის, „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ მოსახლეობამ შეშა მათ მოჰპარა და ეს ორი ადამიანი სცემა.

„ფაქტს შეესწრნენ ადგილზე დასაქმებული ქართველები, მივიდნენ ვითარებაში გასარკვევად და ისინიც სცემეს. დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ მჭრელი და, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნებითაც“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, სანამ მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებენ.როგორც მუშები აცხადებენ, საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

მუშების თქმით, საქმე განზრახ მკვლელობასთან ასოცირდება, რადგან ჩინელები ცივი იარაღით წინასწარ იყვნენ შეიარაღებული. ისინი დანებითა და ნაჯახებით თავს დაესხნენ როგორც ადგილობრივებს, ასევე მშენებლობაზე დასაქმებულებსაც.

„არ ვაპირებთ მუშაობის დაწყებას, სანამ აღნიშნული ფაქტი გამოძიებული არ იქნება. ჩინელებმა არაერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და უკვე თავს გაუვიდათ“, - აცხადებენ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე დასაქმებული მუშები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარ ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით ჩინურმა კომპანიამაც გაავრცელა განცხადება.

„2016 წლის 2 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მცირე კონფლიქტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი.

ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე.

მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები.

მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს.

კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად მოახდენენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენების აღებას და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

სანამ საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგინდება, კატეგორიულად მოვითხოვთ, განთავისუფლდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაკავებული მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინური კომპანია ხარაგაულში რკინიგზას მეექვსე წელია აშენებს. კომპანიის წარმომადგენლების წინააღმდეგ პრეტენზიები ქართველ მუშებს პერიოდულად აქვთ. ერთი თვის წინ ისინი მძიმე სამუშაო პირობების გამო რამდენიმე დღით გაიფიცნენ.


მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი