2016 წელს შიდა ქართლის გუბერნიის აპარატში ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით 341 694 ლარი გაიცა - ამ შინაარსის სიუჟეტმა, რომელიც ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გასულ კვირას გავიდა, გორის პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდშიც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია.

გორში მოქმედი ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა, ერთხმად აცხადებენ, რომ „გუბერნიის აპარატი არაფერს აკეთებს და უნდა გაუქმდეს, რადგან მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლადაც შეძლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას“.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ აპარატის გაუქმებით, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება და ქვეყნის ბიუჯეტზე დადებითად აისახება.

მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მედეა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამდებობის პირები სახელფასო დანამატებსა და პრემიებს არ უნდა იღებდნენ.

„ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს იმყოფება საქართველო და მით უფრო გორი - აქ არის უამრავი სოციალური პრობლემა, უამრავი გაჭირვებული ადამიანი - ამ რაოდენობის დანამატები, რომლებიც გუბერნიაში გაიცა, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის შეურაცხყოფა და იმაზე ხაზგასმაა, რომ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, იქნება ეს არჩევნების სახით თუ სხვა, ეს აისახება არა მოსახლეობაზე, არამედ ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდისა და მისი წევრების ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა მედეა აბაშიძემ.

ადმინისტრაციული რესურსის შემცირებაზე საუბრობს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ წარმომადგენელი კახა ტოლიაშვილი. მისი განცხადებით, „ამ ტიპის უწყებები განსაკუთრებულ ტვირთად აწევს ბიუჯეტს და, შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის კურსზეც. უწყებას რეგიონისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს და არც ქვეყანას სჭირდება ამხელა ადმინისტრაციული რესურსი, რომლის შენახვაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული; სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს ასეთი უზარმაზარი თანხები, რომელიც ტვირთად აწევს, ერთი მხრივ, ბიუჯეტს და მეორე მხრივ, გადასახადების გადამხდელებს“.

2016 წელს გუბერნიის აპარატში გაცემულ ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება აქვთ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ოქრომელიძის თქმით, თანხა, რომელიც დასახელდა, არის ერთად დაჯამებული, გაცემული ხელფასი, პრემია და სახელფასო დანამატი, საიდანაც არც ერთი თეთრი დაუმსახურებლად არავის მიუღია:

„ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც მნიშვნელოვანია შიდა ქართლის რეგიონისთვის. ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რაშიც ადამიანმა შესაბამისი გასამრჯელო უნდა აიღოს. ხშირად თანამშრომლებს ზეგანაკვეთურად უწევთ მუშაობა და სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე გაიცა სახელფასო დანამატები, რაც გაცემული ხელფასების 25%-ს შეადგენს და მთლიანად 22 000 ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება პრემიებს, ეს პრემიები - სააღდგომოდ ხელფასის 100% და მარიამობას ხელფასის 50%-ის ოდენობის თანხა - პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გაიცა. სხვა დამატებითი პრემია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში არ გაცემულა“.

„ფაქტ-მეტრი“ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ოპოზიციური პარტიების ზემოხსენებული ინიციატივის - გუბერნიის აპარატის გაუქმების შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, გუბერნია საუკეთესო შუამავალია მუნიციპალიტეტებსა და მთავრობას შორის და მისი გაუქმება ძალიან დიდ პრობლემას შექმნის ცალკეულ თვითმმართველობებში.

„თითოეული პროექტი თუ პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშაა და თუკი გუბერნიის აპარატი გაუქმდება, მინიმუმ, ქაოსური ურთიერთობები დაიწყება, რომელიც ხელს შეუშლის როგორც პროცესებს, ასევე თვითონ პროექტების მიმდინარეობასაც გააჭიანურებს“, - აცხადებს იოსებ ოქრომელიძე.

შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის საქმიანობა 5 მუნიციპალიტეტზე ვრცელდება - ქ. გორის, გორის რაიონის, კასპის, ხაშურისა და კასპის თვითმმართველ ერთეულებზე - და გუბერნიაში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მეშვეობით, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა პროგრამების განხორციელებას ერთობლივ კოორდინაციას უწევენ მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, გუბერნატორი და გუბერნატორის მოადგილეები.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის გუბერნიას ამჟამად გუბერნატორი არ ჰყავს. 2016 წლის გაზაფხულზე მაშინდელმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნიაში გუბერნატორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი უკვე განიხილება, თუმცა თავად ადმინისტრაციაში დანამდვილებით არ იციან, როდის და ვინ დაიკავებს შიდა ქართლის გუბერნატორის ადგილს.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი