აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ ჩასწორებული ბიუჯეტი განიხილა. განხილვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ადგილობრივ მედიას განუცხადა:

„ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ წელს გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი - 232 მილიონი ლარი, შევძელით მისი გაზრდა და 2017 წლის ბიუჯეტი იქნება 320 მილიონი, საიდანაც უმეტესი წილი, 70% მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 315 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მაჩვენებელს (231 884 200 ლარი ) 83 115 800 ლარით აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში მატება ძირითადად საშემოსავლო გადასახადებიდან მისაღები შემოსულობების გეგმის ზრდითა და არაფინანსური აქტივების კლებით არის გამოწვეული.

ცხრილი 1: 2016-2017

წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები

საშემოსავლო გადასახადი საკუთრებიდან მისაღები შემოსავლები არაფინანსური აქტივების კლება ფინანსური აქტივების კლება
2016 140 000 000 7 325 000 18 000 000 66 159 200
2017 200 000 000 8 905 000 15 000 000 90 380 000

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების 63.5%-ს საშემოსავლო გადასახადები წარმოადგენს. ის 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 60 მლნ ლარით აღემატება. გასულ წელთან შედარებით, წელს რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ფინანსური აქტივების კლების ხარჯზე, 24 220 800 ლარით მეტი შევა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, ახალი საანგარიშო წლიდან აჭარის ავტონომიის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ამ მიზნით ყველაზე მეტი თანხა - 44 658 600 ლარი, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლა-შენახვაზე დაიხარჯება. 21 250 000 ლარით საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება დაფინანსდება. ამ თანხიდან 250 ათასი ლარი ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზმომარაგების პროექტს უნდა მოხმარდეს, ხოლო 21 მლნ - ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან ესტაკადის მშენებლობას. კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობას გულისხმობს და მასზე 38 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხას რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შპს „სტადიონი“ მიიღებს, რომლისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტში 25 მლნ ლარი იყო განსაზღვრული. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა, ხელისუფლებამ მშენებლობის დაწყება დღემდე ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული პროექტის პრეზენტაციაზე მაშინდელმა მინისტრმა დავით ბალაძემ მშენებლობის დაწყების პერიოდად 2016 წლის მარტი დაასახელა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი კი გვპირდება,

რომ ახალი სტადიონის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყება.

დანარჩენი ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა 250 ათასი ლარიდან 6.5 მლნ ლარამდე მერყეობს და მთლიანობაში 24 203 094 ლარს შეადგენს.

ცხრილი 2:

 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები

ინფრასტრუქტურული ღონისძიება   ღირებულება
შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარება 240 000
ჩაქვი-ციხისძირის და ბობოყვათის საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების განვითარება 120 000
ღომას მთის დაგეგმარება 100 000
საავტომობილო გზების გასწვრივ საპიკნიკე ადგილების მოწყობა 120 000
სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა 400 000
ტურისტული ობიექტებისთვის საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟება 8 000
ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და განვითარება 6 534 857
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 6 478 680
უმაღლესი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 4 280 700
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ფარგლებში მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა 250 000
სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 2 644 540
სასათბურე მეურნეობის მოწყობა 2 559 957
სანერგე მეურნეობის განვითარება 565 000
წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა 21 360
საარქივო ფონდის საცავების რეაბილიტაცია 120 000
სულ 24 203 094

ამ მონაცემების 2016 წლის მაჩვენებლებთან შედარებისას ირკვევა, რომ ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოვლა-შენახვის დაფინანსება 6 987 600 ლარითაა გაზრდილი, ხოლო საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული საერთოდ არ იყო. რაც შეეხება ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და განვითარებას, 2017 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა წინა წლის მაჩვენებელზე 3 833 643 ლარით ნაკლებია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება, რომელიც მთლიანად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მოხმარდება. თუ აღნიშნული თანხა 2016 წელს 46 325 800 ლარს შეადგენდა, მომდევნო საანგარიშო წელს 71 208 900 ლარი იქნება.

ცხრილი 3: 

მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება

         მუნიციპალიტეტები          2016 წლის გეგმა, ლარი         2017 წლის პროექტი, ლარი
           ბათუმი              16 000 000                  35 000 000
          ქობულეთი              18 172 600                  20 740 000
          ხელვაჩაური              3 000 000                  4 827 400
          ქედა              4 153 200                  3 000 000
          შუახევი              2 000 000                  4 500 000
          ხულო              3 000 000                  3 141 500
          სულ              46 325 800                  71 208 900

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი თანხა 2017 წლის ბიუჯეტში 19 მლნ ლარით, ანუ 119%-ით იზრდება. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, აქ განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება. ყველაზე ნაკლები თანხა, 3 მლნ ლარი,  ქედის მუნიციპალიტეტისთვის არის განსაზღვრული. ჯამში, 2017 წლის ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველობებზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 54%-ით აღემატება. მთლიანობაში, 2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 199 მლნ 320 ათას 594 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

დასკვნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადების პირველ ნაწილში საუბარი იყო იმაზე, რომ 2016 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იყო, თუმცა მომდევნო წლის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც სიმართლეა. განცხადების მეორე ნაწილში კი, მინისტრი ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის 70% ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე დაიხარჯება. ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასახარჯი თანხა ჯამში 199 მლნ 320 ათას 594 ლარს შეადგენს, რაც 315 მლნ ლარის 63.3%-ია.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რამაზ ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი