ფაქტ-მეტრის მკითხველის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში კასპის საკრებულომ ნორმატიული აქტი გამოსცა, რომლითაც სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასუფთავების გადასახადზე შეღავათი უნდა დაწესებულიყო. კერძოდ, ნაცვლად ერთ სულზე 50 თეთრისა, მათ უნდა გადაეხადათ 30 თეთრი. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და სოციალურად დაუცველი ადამიანები ისევ 50 თეთრს იხდიან.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრი ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

"ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ საქართველოს კანონის" მიხედვით,

 ადგილობრივი მოსაკრებელი არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან. მოსაკრებლის შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს აქვს.

2014 წლის 16 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნამდვილად გამოსცა #44 დადგენილება,

რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის მოსაკრებლის შემოღებას გულისხმობს, მათ შორის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე თვეში 50 თეთრს შეადგენს.

აღნიშნული დადგენილება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება, მოსაკრებლის ოდენობა არა 50, არამედ 30 თეთრით განისაზღვრა (იხ. დადგენილება). აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით,

 კასპის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღები 2 732 ოჯახი/8 492 ადამიანია. აქედან, 4 435 მაცხოვრებლის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედებულიყო, მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილება პრაქტიკაში ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ფაქტ-მეტრი კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ცვლილებით მხოლოდ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი სარგებლობს. ხოლო, იმის მიზეზად, რომ სხვა ოჯახები ამ შეღავათით არ სარგებლობენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონაცემების გაცემის შესახებ უარი დაასახელეს. "სოციალური მომსახურების სააგენტოში გვაცნობეს, რომ ამ ოჯახების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ინფორმაციის გაცემა თავად ოჯახების ნებართვის გარეშე დაუშვებელია. მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის საკრებულოს დადგენილება შეღავათების შესახებ დაფაზე განვათავსეთ, თუმცა აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიზნით მუნიციპალიტეტს დღემდე მხოლოდ ერთმა ბენეფიციარმა მომართა და სარგებლობს კიდეც. დანარჩენები ალბათ ფიქრობენ, რომ 20 თეთრიანი შეღავათისთვის თავის შეწუხება არ ღირს".

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების უფროსის, ვერიკო გოგატიშვილის განცხადებით, "ბოლო პერიოდში სოციალურად დაუცველთა მომართვიანობამ იმატა, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან დიდი ცვლილებები მიდის, მოუწესრიგებელია ყველაფერი, ხელახლა დგინდება სოციალურად დაუცველ ოჯახთა სტატუსები, ზოგს საერთოდ ეხსნება და ასე მარტივად ვერ ხდება ამ შეღავათით სარგებლობა. რაც შეეხება ბაზას, ბაზაზე წვდომა ნამდვილად არ გვაქვს. გამგეობამ სოციალური მომსახურების სააგენტოს  ერთხელ უკვე მიმართა წერილით, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და შესაბამისად მათ მიერ წარმოებულ ბაზაზე წვდომა ამ დრომდე არ გვაქვს".

ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონულ განყოფილებასაც დავუკავშირდით. განყოფილების ხელმძღვანელმა მარინე მეტრეველმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას სააგენტოსთვის აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით არ მიუმართავს: "როცა ამ ტიპის ინფორმაციას ითხოვენ და განმარტავენ მის საჭიროებას, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამგეობას არ მოუმართავს ჩვენთვის და არ გამოუთხოვიათ ეს სია, თორემ აუცილებლად მივცემდით, რადგან კანონი ამის უფლებას ნამდვილად იძლევა. ახლაც, თუ მოგვწერენ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას მივაწვდით".

სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში,

რომელიც სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი ცალ-ცალკეა განმარტებული. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას აწარმოებს და ადამიანის სოციალური უფლება-თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობასაც უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აღნიშნული ინფორმაციის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ნამდვილად შეუძლია.

გარდა ამისა, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქალაქ თბილისში მოქმედი ე.წ. "კომუნალური სუბსიდირების პროგრამა".

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, "კომუნალური სუბსიდირების პროგრამა" 2013 წლიდან მოქმედებს და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს) ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადზე სუბსიდიის დარიცხვას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლის, ხათუნა ავლოხაშვილის განცხადებით, "2016 წლამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომუნალური სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხა ოჯახის უფლებამოსილი პირის პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ, თუმცა ეს სისტემა შეიცვალა და მას შემდეგ სუბსიდია კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე აისახება".

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მერიის კომუნიკაციას, თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოებს ერთიანი ბაზა, სადაც თითოეული ოჯახის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც მერიასაც მიეწოდება. კომუნალური სუბსიდიაც სწორედ ამ მონაცემების მიხედვით გაიცემა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და ეცდება გაარკვიოს, მართლაც მიმართა თუ არა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით და აქამდე რატომ ვერ ხერხდება შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე მოქალაქეების პროგრამაში ჩართვა.

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია