მიმდინარე წლის 7 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა ხელისუფლების პერიოდში წელიწადში საშუალოდ მილიარდ 24 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2012 წლის შემდეგ წელიწადში საშუალოდ მილიარდ 477 მილიონი აშშ დოლარია. რეალურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ინვესტიციების მოცულობა წელიწადში საშუალოდ 45%-ით გაიზარდა“.

ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით დაინტერესდა.

საქსტატის მონაცემებით, 2004-2012

წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობა წელიწადში საშუალოდ 1 024 მლნ აშშ დოლარი იყო, 2013-2016 წლებში კი - წელიწადში საშუალოდ 1 477 მლნ აშშ დოლარი. თუ ამ ორ მონაცემს ერთმანეთს შევადარებთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა ახალი ხელისუფლების პირობებში 44.2%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ინვესტიციების ზრდის ტემპი მოქმედი ხელისუფლების პირობებში შემცირებულია. 2004-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელიწადში საშუალოდ 26%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 21%-ია.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2004-2016 წლებში ინვესტიციების მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2 015 მლნ) 2007 წელს დაფიქსირდა. ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (164%) კი 2006 წელს ფიქსირდება. ინვესტიციების მოცულობა ყველაზე მეტად შემცირდა 2008 და 2009 წლებში, რაც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.

გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და ზრდის ტემპი (2004-2016 წლები)

image001

ინვესტიციების რეალური სიდიდე რომ განვსაზღვროთ, უნდა ვნახოთ, ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ რამდენად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული 2007 წელი იყო, ინვესტიციების მოცულობამ მშპ-ის მიმართ 19.8% შეადგინა. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (5.8% მშპ-ის მიმართ) 2012 და 2013 წლებში დაფიქსირდა. 2008 წლის შემდეგ მშპ-ის მიმართ ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (11.5%) 2016 წელს იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2015-2016 წლებში დოლარში გამოხატული მშპ-ის მოცულობა შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო მშპ-ის მიმართ ინვესტიციების ფარდობის ზრდას. მაგალითად, 2015 წელს მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, წილი მშპ-ის მიმართ გაიზარდა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო დოლარში გამოხატული მშპ-ის შემცირებით აიხსნება.

გრაფიკი 2:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის მიმართ

image002

დასკვნა 2004-2012

წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წელიწადში საშუალოდ 1 024 მლნ აშშ დოლარი იყო, 2013-2016 წლებში კი - საშუალოდ 1 477 მლნ აშშ დოლარი, რაც 44.2%-ით ზრდაა.

თუმცა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ინვესტიციების ზრდის ტემპი წინა ხელისუფლების 9 წლიან პერიოდთან შედარებით შემცირებულია. 2004-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელიწადში საშუალოდ 26%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 21%-ია.

2004-2016

წლებში ინვესტიციების თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა. ამის შემდეგ დაიწყო ინვესტიციების შემცირება და ზრდის ტემპის ვარდნა, რაზეც გავლენა იქონია აგვისტოს ომის შემდგომმა პერიოდმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა. 2007 წლის შემდეგ ინვესტიციები ყველაზე მაღალი ზრდა 2014 წელს დაფიქსირდა, 2015 წელს კვლავ შემცირდა, 2016 წელს კი მცირედით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი