პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რაოდენობის შემცირებას, რომელიც საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალია“, - განაცხადა

ნანუაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

როგორც "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ" სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშიდან (გვ. 17) ირკვევა, ევროპაში პატიმართა რაოდენობაზე საუბრისას ომბუდსმენი ევროპის საბჭოს მიერ 2017 წლის 15  მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშს

დაეყრდნო, რომელიც თავის მხრივ 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

აღნიშნული ანაგრიშის (გვ. 34) თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 242 პატიმარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 274 პატიმარი მოდიოდა. ამ მაჩვენებლით საქართველო პატიმრების რაოდენობის მიხედვით ლიდერ ქვეყანათა სიაში მოხვდა (რუსეთი - 439 პატიმარი, ლიტვა - 277, აზერბაიჯანი - 249).

საქართველოს მაჩვენებელი (274 პატიმარი 100 000-ს მოსახელზე) მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მონაცემს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროპული საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 134 პატიმარს უტოლდებოდა, ხოლო მედიანური საშუალო კი - 115 პატიმარს.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა 2014 წელთან (124 პატიმარი) შედარებით საერთო ჯამში პატიმართა რაოდენობის ევროპული საშუალო (მედიანური) მაჩვენებელი 2015 წელს 7%-ით შემცირდა, ევროპული ქვეყნებიდან (წინა წელთან შედარებით) ყველაზე დიდი ზრდა საქართველოში დაფიქსირდა (+20.5%). თუმცა, ევროპის საბჭოს ანგარიშის (

გვ. 56) თანახმად, საქართველოს შემთხვევაში ასეთი ზრდა არა პატიმართა რაოდენობის ზრდამ (რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოვნად შეიცვალა), არამედ  საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია, რაც 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით დასტურდება.

ამ დრომდე, ევროპის საბჭოს მონაცემებში

საქართველოს 2016 წლის სტატისტიკა ასახული არ არის. შესაბამისად, სახალხო დამცველის განცხადება და ანგარიში მხოლოდ 2015 წლის მონაცმებს ეყრდნობა.

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით), 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 382-ით ნაკლები იყო.

World Prison Brief-ის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში სულ 9 334 პატიმარი იყო და 100 000 მოსახლეზე 251 პატიმარი მოდიოდა.

Screen Shot 2017-07-10 at 1.32.58 PM

დასკვნა 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რაოდენობა 382-ით შემცირდა. World Prison Brief-

ის მონაცემებით, 2016 წელს ყოველ 100 000 მოსახელზე საშუალოდ 251 პატიმარი მოდიოდა.

სახალხო დამცველი ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე საუბრისას ევროპის საბჭოს 2015 წლის მონაცემებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც საქართველოს პატიმართა რაოდენობა (100 000 მოსახლეზე 274 პატიმარი) მართლაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს (115 პატიმარი). ასევე სავარაუდოა, რომ 2016 წლის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რიცხვი 100 000 მოსახლეზე (პატიმართა რაოდენობის შემცირების მიუხედავად), ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კვლავ მაღალი დარჩება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, უჩა ნანუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი